ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესების განკარგულება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ახალი ზომები 4 ნოემბრიდან ორი კვირის ვადით ამოქმედდება.
ახალი შეზღუდვების თანახმად, ნიდერლანდებში იკრძალება საჯარო ადგილებში ორ ადამიანზე მეტის შეკრება, გარდა ერთი ოჯახის წევრებისა. დაიხურა ასევე მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, ზოოპარკები და გასართობი პარკები.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა განიხილავს კომენდანტის საათის გამოცხადებისა და სკოლების დახურვის საკითხს.
ამასთან, მარკ რუტე მოუწოდებს მოქალაქეებს, იანვრის შუა რიცხვებამდე დასასვენებლად საზღვარგარეთ არ გაემზგავრონ.
„ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს, თუმცა არასაკმარისად სწრაფად“, – აღნიშნა რუტემ პრესკონფერენციაზე.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის თქმით, აქამდე მოქმედი შეზღუდვები ძალაში დარჩება დეკემბრის შუა რიცხვებამდე. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო ნიდერლანდებში 13 ოქტომბერს ნაწილობრივი კარანტინი გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც დაიხურა ბარები და რესტორნები, შეიზღუდა ოთხ ადამიანზე მეტის მონაწილეობით საჯარო შეკრებები.
ნიდერლანდების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, გასული ერთი კვირის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსის 64 087 შემთხვევა. ერთი კვირით ადრე ეს მაჩვენებელი 67 542-ს შეადგენდა.