პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის ბოიკოტის ერთადერთი არგუმენტი, რომელიც უზუსტობებს ეხება, მალე გაქარწყლდება.
„ჩვენ ყველაფერზე ვმუშაობთ. როდესაც ოპოზიცია პარლამენტში არ შემოსვლის მიზეზებზე საუბრობს, მთავარ არგუმენტად მოჰყავს უზუსტობები ოქმებში. სწორედ ეს პროცესი წარიმართება დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ყველა ერთად შეხედავს, რა ხარისხის იყო ეს უზუსტობები. ამის შემდეგ მათი ერთადერთი არგუმენტი მოიხსნება.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ის შედეგი, რაც ამ საარჩევნო სისტემით იყო გათვლილი.
პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნების“ ყოფნა არ იქნება სწორი სურათი, მაგრამ ამ სურათზე პასუხისმგებელი იქნება ოპოზიცია, რომელსაც არ ექნება ამის გასაკეთებლად საფუძველი.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.