logo_geo
eng_logo
საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომლებიც ტრეფიკინგს ყველაზე წარმატებულად ებრძვიან
- +

30 ივნისი. 2016. 19:08



ადამიანით ვაჭრობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომლებიც ტრეფიკინგს ყველაზე წარმატებულად ებრძვიან.



კავკასიის რეგიონიდან საქართველოსთან ერთად პირველ ჯგუფში მოხვდა სომხეთი, რაც შეეხება ჯგუფის დანარჩენ წევრებს, ესენია აშშ და მეტწილად, ევროპული ქვეყნები, მათ შორის ლიტვა და პოლონეთი.



ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ქალებისა და გოგონების სექსუალური ექსპლუატაციის, ასევე მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წყაროდ, სატრანზიტო და დანიშნულების ქვეყნად კვლავ რჩება.



ამასთანავე, დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის მიერ წინგადადგმული ნაბიჯები ტრეფიკინგთან ბრძოლის საქმეში.



ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობისთვის, რომლის თანახმად, საჭიროა ძალისხმევის გააქტიურება ტრეფიკინგის შედეგად დაზარალებულთა იდენტიფიცირების მიზნით, ასევე ძალისხმევის გააქტიურება ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი პირების პასუხისმგებაში მისაცემად.



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ურჩევს საქართველოს, ჩაატაროს მრავალმხრივი გამოკვლევა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საკითხზე, შექმნას ინტეგრირებული, უწყებათაშორისი სტრატეგია მოწყვლადობის შემცირებისა და იძულებითი მათხოვრობის აღკვეთის მიზნით, ჩაუტაროს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს შესაბამისი ტრენინგები, გააგრძელოს საგანმანათლებო-საინფორმაციო კამპანია ტრეფიკინგის, სამართლებრივი დაცვისა და ხელმისაწვდომი მომსახურების შესახებ, რომელიც მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზეა ორიენტირებული.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner