„უპრეცედენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციის- 2BaGoldMule შედეგად, რომელშიც ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, დაკავებულ იქნა კრიმინალურ ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრი, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ოპერაციას წინ უძღვოდა კომპლექსური გამოძიება პორტუგალიის, აშშ-სა და ესპანეთის პოლიციის, ასევე, გაერთიანებული სამეფოს, საქართველოს, ლატვიის, ბულგარეთის, იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ავსტრალიის, შვედეთის, ავსტრიისა და ბელგიის სამართალდამცავი უწყებების მიერ, ევროპოლის კოორდინაციით.
„აღნიშნულ გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო.
დადგინდა, რომ QQAAZZ-ის ქსელს, რომლის წევრები იყვნენ ლატვიიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ბელგიიდან, ასობით კორპორატიული და პირადი საბანკო ანგარიში ჰქონდა გახსნილი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ირიცხებოდა კიბერკრიმინალების მიერ მსხვერპლების ანგარიშებიდან მოპარული თანხა.
აღნიშნული თანხები შემდეგ ირიცხებოდა QQAAZZ-ის კონტროლირებად ანგარიშებზე და ხშირად, თანხების კონვერტაცია ხდებოდა კრიპტოვალუტაში.
ევროპოლის მიერ კოორდინირებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა დამნაშავეების დაკავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და იგი ევროპოლის, ინტერპოლისა და სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, კვლავ აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა სახის ოპერატიული დახმარების აღმოჩენას“, - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.