logo_geo
eng_logo
როინ მეტრეველი: მეფე ერეკლე 300 წლისაა
- +

4 ნოემბერი. 2020. 15:47

 

 

 

„ხმალი სჭრის ბაგრატოვნისა,

მეფისა ერეკლისაო“

                           ხალხური

 

„... და საყვარელი კახეთის გმირი

იყო ნიადაგ მტერთა გამგმირი!“

ნიკოლოზ ბარათაშვილი

 

 

 „... დღეს ციურთა საკვირველება მოშურნე ექმნა ქვეყნისა საკვირველსა: ცამან მისტაცა ქვეყანასა სიმდიდრე, ძლიერთა – ძალი, ბრძენთა – გონიერება, ერთა – გვირ-გვინი, მხედართმთავართ – სარდლობა და თვითმპყრობელთა – სახელმწიფო ზრდილობა.

 

დიდნო მფლობელნო! ...სტიროდეთ ახლად ქვეყნისა დიდებასა, სტიროდეთ სახლსა უავღუსტესსა თქვენსა, შერაცხდეთ ცუდად სოფლისა დიდებასა! ისმინეთ ესე სახსოვრად სასმინარი: მოკუდა ღერკულეს, უძლეველი მეფეთა და მზისა ქვეშე, და იხილეთ და ყოველი ამაო...“ - ესაა ფრაგმენტი „მოთქმით ტირილისა საქართველოს მეფის ღერკულეს ნეტარების ღირსისა“. მისი ავტორი (წარმომთქმელი) გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, ერეკლე II-ის სამეფო კარის დიპლომატი, გამჭრიახი გონებითა და ფართო განათლებით ცნობილი სოლომონ ლიონიძე იყო, კაცი – განთქმული ცოდნითა და მჭევრმეტყველებით. ეს სიტყვა სოლომონ ლიონიძემ წარმოსთქვა 1798 წლის 22 თებერვალს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ამბიონიდან, მეფე ერეკლეს დაკრძალვის წინ.

 

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ „მოთქმით ტირილი“ სამგლოვიარო ჟანრის მაღალი დონის ორატორული ქმნილებაა და ქართული სახოტბო მჭევრმეტყველების შესანიშნავი ძეგლია.

 

მეფე ერეკლე 1798 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა და ორმოცდღიანი გლოვის შემდეგ თელავიდან მცხეთაში წაასვენეს და 22 თებერვალს იქ დაკრძალეს. განისვენა მეფემ, რომელიც საყოველთაოდ იყო აღიარებული და რომლის შესახებაც პრუსიის მეფემ ფრიდრიხმა ხმამაღლა განაცხადა: „ევროპაში მე ვარო და აზიაში – ღერკულეს უძლეველი, საქართველოს გეორგიანთ მეფეო“. ქართველმა ხალხმა მოფერებით „პატარა კახი“ უწოდა... პიროვნებას, რომელმაც გრძელი და ურთულესი ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზა გაიარა.

 

არაერთი ქართველი და უცხოელი ისტორიკოსი შეეხო ერეკლე II-ს და ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა ამ გამორჩეული პიროვნების შესახებ...

 

* * *

თეიმურაზ II-ისა და ვახტანგ VI-ის ქალის თამარის შვილი ერეკლე დაიბადა 1720 წლის 7 ნოემბერს - ზუსტად სამასი წლის წინ. ერეკლე ბატონიშვილმა ბავშვობა მკაცრ პირობებში გაატარა. მას სპარტანულად ზრდიდნენ. ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში იყო. ოსმალებისა და ლეკების ძალმომრეობას საზღვარი არ ჰქონდა. კახეთის სამეფო ოჯახი იძულებული იყო ფშავში გახიზნულიყო. ოთხი-ხუთი წლის ერეკლეს ბევრი გაჭირვების გადატანა უხდებოდა. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა გლეხის ბიჭებთან. პატარა უფლისწული ადრე დაეუფლა ცხენზე ჯდომას, ჰყავდა თავისი ცხენი („ბაჩა“). მშობლები მის განათლებაზეც ფიქრობდნენ. მისი მასწავლებლები იყვნენ: აბელ ანდრონიკაშვილი (საერო სწავლება), ბოდბის ეპისკოპოსი ონოფრე – ღვთისმეტყველებაში, მღვდელი დიმიტრი ხელაშვილი გალობას ასწავლიდა.

 

ერთხელ ერეკლეს ნადირობის დროს შვლის ნუკრი დაუჭერია, ბიჟინა დაურქმევია და საკმაოდ ნებიერად ზრდიდა. თელავის სასახლეში ანცი შვლის ნუკრი ძნელი ასატანი გამხდარა და როცა ერეკლე შინ არ ყოფილა, სასახლის „დიაცთა სამსჯავროს“ გადაწყვეტილებით დაუკლავთ. უფლისწულმა ძლიერი წყენით გამოხატა ბიჟინას ასეთი დასჯა.

 

თხუთმეტი წლის ერეკლე მამამისმა ალავერდში გაგზავნა, რათა ოსმალთა და ლეკთა წინააღმდეგ აჯანყებას სათავეში ჩასდგომოდა. ერეკლე რჩეულ ვაჟკაცთა რაზმით შეება ქიზიყიდან მომავალ ლეკების რაზმს და მწარედ დაამარცხა. ომან ხერხეულიძე რელიეფურად აგვიწერს ამ გამარჯვებას: „... ძე მეფისა ირაკლი მეორედ შევიდა შინაგან ჯარსა ლეკისასა და პირველად ამან მოკლა კაცი; ამის მხილველთა კახთა ერთპირად მიმართეს ყივილით და წინაწარაქცვეს ჯარი ლეკისა, აჰყარეს ტყვენი და საქონელი და მოსწყვიტეს უმრავლესნი“.

 

ერეკლემ ალაზნის გაღმა მხარეში ჩამოსახლებულ ლეკებს (ჭარ-ბელაქნელებს) კახელებთან ზავი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. კახელებმა მათი დამარცხებაც მოახერხეს. ასე მოიპოვა ყმაწვილმა ერეკლემ პირველი წარმატებები სახელმწიფო-ებრივსა და სამხედრო ასპარეზზე.

 

ნიშანდობლივია, რომ XVIII საუკუნის 20-30-იან წლებში საქართველოს მესვეურებს მნიშვნელოვან ძალად მიაჩნდათ რუსეთი, რომელსაც თითქოს  შეეძლო, რომ უცხო ტომები გაეგდო აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან. ვახტანგ VI მტკიცედ დადგა რუსეთის მხარეზე, მაგრამ რუსეთი ვერ დაეხმარა საქართველოს, ქვეყნის პოლიტიკამაც მარცხი განიცადა.

 

პოლიტიკური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი აქტი შესრულდა. 1744 წელს სპარსეთის შაჰმა ნადირმა კახეთის მეფე თეიმურაზ II ქართლის მეფედ დანიშნა, ხოლო მისი ვაჟი ერეკლე – კახეთის მეფედ. ამასთან აღსანიშნავია, რომ ნადირ შაჰმა უარი თქვა ქართლის გამაჰმადიანებაზე. თეიმურაზი ქრისტიანული წესით იკურთხა მეფედ. 1745 წლის 1(14) ოქტომბერს, მცხეთობა დღეს, სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდა მისი ინტრონიზაცია საქართველოში ძველთაგან არსებული მეფეთა კურთხევის წესის მიხედვით. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან ას წელზე მეტი იყო გასული, რაც ქართლ-კახეთის ტახტი ქრისტიან მეფეებს არ დაეკავებინა. ქართლს დაუბრუნდა ლორე, ბორჩალო და ბაიდარი, რომელიც ადრე შაჰ აბასის მიერ იყო მიტაცებული.

 

1747 წლისთვის მდგომარეობა გამწვავდა დიდი გადასახადების შეწერის გამო. აჯანყება თითქმის მზად იყო, რომ შაჰმა განზრახვაზე ხელი აიღო. ამასთან თავისთან იხმო ერეკლე II. შვილის ნაცვლად, ყოველგვარი საფრთხე რომ აეცილებინა მისთვის, თეიმურაზ II გაემგზავრა, მაგრამ ნადირ შაჰს ცოცხალს ვეღარ ჩაუსწრო. 1747 წლის მაისში შეთქმულებმა მოკლეს იგი. ირანის ტახტი ალი-ყული-ხანმა (იგი ნადირის ძმისწული იყო) მიიღო და ტახტზე ადილ შაჰის (სამართლიანის) სახელით დაჯდა. 1748 წლის ზაფხულში ერეკლემ თბილისის ციხეები დაიკავა და იქ ქართველი მეციხოვნეები დააყენა. 1949 წლისთვის ქართლი და კახეთი ფაქტობრივად უცხოელებისაგან თავისუფალი იყო. მამა-შვილი თეიმურაზ II და ერეკლე II ერთობლივად მოქმედებდნენ. სწორედ მათი მოქმედების შედეგი იყო, რომ ერევნის სახანომ ხარკი იკისრა ქართლ-კახეთის სამეფოების სასარგებლოდ. ამ სამეფოთა ვასალი გახდა განჯის სახანო. ქართული სამეფოების გავლენა ნახჭევანის სახანოზეც გავრცელდა.

 

იმ პერიოდში ყარაბაღის ხანი განჯას ავიწროებდა. განჯის ხანმა ქართლ-კახეთის მეფეებს მიმართა დახმარებისათვის, თანაც ხარკი იკისრა. თეიმურაზმა და ერეკლემ კოალიციური ლაშქარი შეკრიბეს. განჯისხანის, გიულისტანის მელიქის, განძასარის (ყარაბახელ სომეხთა) კათალიკოსის გარდა აქ შემოდიოდნენ „იმერნი, ოსნი, კავკაზნი, ერევნელნი, ყაზახი, შამშადილნი, ლეკნი“. ერთიანმა ლაშქარმა ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია. განჯის ხანმა ლაშქრობისათვის მეფეებს ფულადი გასამრჯელო გადაუხადა.

 

1751 წელს ერეკლეს ხელმძღვანელობით ქართული ჯარი თავრიზამდე მივიდა. მიზანი ალი-გარდან ხანთან შებრძოლება იყო, რომელიც სპარსეთის ტახტისათვის იღვწოდა და ისპაჰანიც კი დაიკავა. ქართული ლაშქრის წინსვლა ავღანთა მოქმედებებმა შეაფერხა. მათ ტახტის პრეტენდენტის აზატ-ხანის მეთაურობით ნახიჩევანსა და ერევანს შეუტიეს. მეფე ერეკლე ოთხიათასიანი ლაშქრით ერევნის სახანოში გადავიდა. პირველ შეტაკებებში ქართველთა მოწინავე რაზმი დამარცხდა. მაშინ ძირითად შენაერთს თვით მეფე ჩაუდგა სათავეში და ავღანთა მრავალჯერ აღმატებული ჯარი დაამარცხა. პაპუნა ორბელიანის ცნობით: „შეშინდა ყოველი ქვეყანა და მონებდნენ ქართველ ბატონს ხმლის ძალით გარეშემონი ქვეყანანი“.

 

ხალხურ შემოქმედებაშიც აისახა აზატ-ხანთან გამარჯვება, როგორც კი გაიგო ერეკლე მეფემ აზატ-ხანის გადადგმული ნაბიჯების შესახებ „ცხენს შეჯდა, ხმალი აიღო, მსუბუქის ჯარით წავიდა, ჯაბახანა არ წაიღო... ჩვენმა ჯარმა შეუტია, ლაშქარი ორად გაიყო... ერეკლემ ცხენს შეუტია, ხევს გაადინა ჩქაფანი, ხევ-ღელე მძორით აივსო, ცხენს შეუღება ფაფარი, წინ ვერავინ ვერ დაუდგა, მტერს სრესდა მისი ნაფარი“ („აზატ-ხანი და ერეკლე“).

 

ქართლ-კახეთის მეფეების სწორმა პოლიტიკამ დიდად გაზარდა მათი ავტორიტეტი. პაპუნა ორბელიანის თქმით: „შეშინდა ყოველი ქვეყანა და მონებდნენ მეფესა ქართლისასა თეიმურაზს და ძესა მისსა ერეკლეს“. XVIII საუკუნის ორმოცდაათ-სამოციან წლებში (განსაკუთრებით ნადირ შაჰის გარდაცვალების შემდგომ) დიდად გაიზარდა ქართლ-კახეთის ავტორიტეტი მთელს რეგიონში. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ ამ პროცესს სომეხი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა და პოლიტიკური დაქვემდებარებაც მოჰყვა. სომეხი ისტორიკოსის ცნობით, ერეკლე II-ის დროს მისმა თანამემამულეებმა გარკვეული შვება იგრძნეს. 1763 წელს საქართველოში საგანგებო მისიით ჩამოვიდა სომეხი სახელმწიფო მოღვაწე იოსებ ემინი, რომლის გეგმა ითვალისწინებდა ქართულ-სომხური სახელმწიფოს შექმნას ერეკლე II-ის თავკაცობით. ქართლ-კახეთის მეფე სომხურ პოლიტიკურ ერთეულებს ისედაც აკონტროლებდა, ამიტომ ჯერ შეყოვნდა, შემდეგ კი უარი თქვა ემინის წინააღმდეგ იმ მოტივით, რომ ზოგიერთი სომხური პროვინცია კათოლიკოს სემიონის ხელდასხმით მას მხარს არ უჭერდა. მოგვიანებით ეს საკითხი კვლავ დადგა დღის წესრიგში სხვადასხვა კუთხის სომეხთა მოთხოვნით. სომეხმა პოლიტიკურმა მოღვაწემ შამირ შამირიანმა შესთავაზა ერეკლე II-ს ქართულ-სომხური სახელმწიფოს შექმნა (ცხადია, ერეკლე II-ის მეთაურობით). ეს გეგმა სხვადასხვა მიზეზების გამო ჩაიშალა (ერთ-ერთი მიზეზი შამირ შამირიანის გარდაცვალება იყო).

 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართლ-კახეთის სამეფოსა და ჩრდილოეთის ურთიერთობა. XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან ლეკების თავდასხმებმა მძიმე ხასიათი მიიღო – ქვეყანას განადგურებას უქადდნენ დაღესტნის ტომები. ისინი იჭრებოდნენ კახეთის სოფლებში, იტაცებდნენ ადამიანებს, საქონელს და უკან ბრუნდებოდნენ. ამგვარ საქციელს მხარს უჭერდა იმდროინდელი ოსმალეთი, რომელიც, თავის მხრივ, მონათა ბაზარს წარმოადგენდა.

 

ქართველები ბრძოლებში ამარცხებდნენ მთიელთა რაზმებს, მაგრამ საბოლოოდ ვერ აჩერებდნენ. ჩვეულებრივი „ლეკიანობიდან” განსხვავდებოდა 1754 წელს ხუნძახის ბატონის ნურსალ-ბეგის შემოსვლა კახეთში. ქართველებმა დაამარცხეს მომხდური მტერი მჭადიჯვართან. ნურსალ-ბეგი 1755 წელს დიდი ჯარით კვლავ შემოიჭრა საქართველოში და ყვარლის ციხეს შემოადგა. ერეკლე მეფემ შეძლო თავი მოეყარა ოცი ათასიანი ლაშქრისთვის და მოხერხებული მოქმედებით მტრის მუხანათური გეგმები ჩაშალა. ერეკლემ ყვარლის ალყის გასარღვევად ნებაყოფლობით შემდგარი საგანგებო  ორას ექვს კაციანი რაზმი შეკრიბა (ექვსი თავადი, ორი აზნაური, დანარჩენი ყველა გლეხი, აქედან 103 ქიზიყელი). რაზმმა ციხისკენ გზა გაიკაფა, ციხეში თოფის წამლის მარაგი შეიტანეს. მტერი ყვარლის ციხეს ჩამოსცილდა. ნურსალ-ბეგმა ომი წააგო. ერეკლემ ალყის გამრღვევი გლეხები გაააზატა და ყოველი გამოსაღებისა და საურავისაგან გაათავისუფლა („თქვა: დამაცადეთ, ლეკებო, მე რომ თქვენი სჯული ვიცი“. ლეკებმა შექმნეს ჩოჩქოლი, მოგვეწია არჩილ გიჟი, ზოგს მოგვკლავს, ზოგსა დაგვარჩენს... თავს ვერ მოუვალთ, შეგვარცხვენს, ... სჯობია ახლავ გავიქცეთ, მოვერიდოთ ერთ კლდის ძირში“... („ერეკლე მეფის გამარჯვება ლეკემბზე“).

 

საერთოდ, ერთი მხრივ, ლეკთა თარეში, სხვა მხრივ, ეკონომიკური სისუსტე, მუდმივი ჯარის შექმნის შეუძლებლობა, ირანთან ურთიერთობის სირთულე მძიმე ტვირთად აწევს ქვეყნის პოლიტიკას. ამის გამო თეიმურაზ II იძულებული გახდა, რუსეთში წასულიყო და ეთხოვა: ჯარი ან ფული სესხად. ასეთ შემთხვევაში ლეკთა თარეში აილაგმებოდა, შეიჭრებოდნენ ირანში და ტახტზე რუსეთისთვის სასურველ პირს დასვამდნენ.

 

თეიმურაზ II ჩავიდა პეტერბურგში, მაგრამ დახმარება ვერ მიიღო – 1762 წლის 8 იანვარს იგი გარდაიცვალა (სამწუხაროდ მეფის ცხედარმა საქართველომდე ვერ ჩამოაღწია. იგი, ქვეყანაში გართულებული მდგომარეობის გამო, რუსეთში – ასტრახანში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაკრძალეს იმ იმედით, რომ გარკვეული დროის შემდეგ თბილისში გადაასვენებდნენ. ეს კი დღემდე ვერ მოხერხდა. აქვე განისვენებს ვახტანგ VI  და რამდენიმე ქართველი სამღვდელო პირი).

ერეკლე II-მ თავი ქართლ-კახეთის მეფედ გამოაცხადა. ამასობაში ირანში საქმე საინტერესოდ წარიმართა. ერეკლემ შეიპყრო აზატ-ხანი და ირანის ტახტის რეალურ პრეტენდენტს ქერიმ-ხანს გაუგზავნა. ქერიმ-ხანი მთელი ირანის მმართველი გახდა. გაწეული სამსახური შაჰმა არ დაუვიწყა ერეკლეს და სცნო ქართლ-კახეთის გაერთიანება ერთ სამეფოდ; ერეკლე II კი მის მეფედ აღიარა. ქერიმ-ხანმა ქართლ-კახეთის სამეფოს უფლებები სცნო განჯასა და ერევნის სახანოებზე, რითაც ხაზი გაუსვა ერეკლე II-ის უპირატესობას აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში.

 

XVIII საუკუნის 60-იან წლებში საერთაშორისო ვითარება ქართლ-კახეთისათვის სასარგებლო იყო. ირანის მმართველი ქერიმ-ხანი ერეკლე II-ს ემეგობრებოდა. თურქეთი, რუსეთთან გამწვავებული ურთიერთობისა და იმერეთში გართულებათა გამო, ქართლ-კახეთთან ურთიერთობის გზას დაადგა. ქართლ-კახეთის მეფემ ოპოზიციონერი თავადების წინააღმდეგობაც გატეხა. 1865 წელს პაატა ბატონიშვილის ხელმძღვანე-ლობით შეთქმულება მოეწყო. მიზანი ერეკლე II-ის მოკვლა და პაატა ბატონიშვილის გამეფება იყო. მონაწილეობდნენ დავით ბატონიშვილი (აბდულა ბეგის ძე), სახლთ-უხუცესი დიმიტრი ამილახვარი, მისი შვილი ალექსანდრე, ელიზბარ თაქთაქიშვილი, გლახა ციციშვილი და სხვ. იკრიბებოდნენ ვინმე მარკოზაშვილის ბინაში („მარკოზაშვილის დარბაზი“). შეთქმულები გასცა სამშვილდელმა გლეხმა - დათუნა ფეიქარმა. ერეკლეს ბრძანებით, ისინი შეიპყრეს და სასტიკად დასაჯეს: პაატა და დავით ბატონიშვილებს თავები მოჰკვეთეს, ელიზბარ თაქთაქიშვილი ცეცხლში დაწვეს, გლახა ციციშვილს ენა მოჭრეს და ა.შ. ეს სისასტიკე მტკიცე ზურგის შექმნას ემსახურებოდა.

 

ერეკლე II-მ ყურადღება მიაქცია გლეხთა საკითხს. 1865 წელს გამოსცა კანონი, რომლის ძალითაც უცხოეთის ტყვეობიდან თავდაღწეული გლეხი ძველი მებატონის ყმობიდან თავისუფლდებოდა. არსებობს მასალა, რომელიც აჩვენებს მეფის დიდ ყურადღებას გლეხებისადმი. არის ცნობა, რომ მეფე ქიზიყის ასისთავს ავალებდა: „... გლეხს კაცს უსამართლო არა დამართო რაო“. არის ცნობები, რომ რევაზ ამილახვარსა და თავად ჯავახიშვილებს მიუთითებს: „გლეხებს სამართლიანის საქმით მოექეცით, თორემ თუ გიჩივლეს, გიწყენთო“.  ქართლ-კახეთის მეფე, როგორც ფეოდალთაგან, ისე ყმისგან კატეგორიულად მოითხოვდა „ბატონყმობის რიგის“ დაცვას.

 

მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა ქვეყანას მაინც უჭირდა. მოსახლეობა შემცირებული იყო. საქართველოს მოსახლეობა 1254 წელს ხუთ მილიონს აღწევდა, 1770 წლის ცნობით, ქართლ-კახეთის სამეფო 67 ათას კომლამდე იყო, თანაც ყაზახ-შამშადილოსა და დიდოეთის ჩათვლით (დასავლეთი საქართველო ამ პერიოდში 31 ათას კომლს მოითვლიდა). როგორც ვხედავთ, საქართველოს მოსახლეობა XIII საუკუნის შუა-წლებთან შედარებით XVIII საუკუნის 70-იანი წლებისათვის ათჯერ იყო შემცირებული (5 მილიონიდან დაეცა ნახევარ მილიონამდე). ქვეყნის თავდაცვა ეკონომიკური თუ ტექნიკური ჩამორჩენილობის გამო ვერ ხერხდებოდა. საჭირო იყო ძლიერი მოკავშირის მოძებნა. ქართლ-კახეთს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, თუმცა ეს არ იყო გარანტია მომავალი წარმატებებისა. აუცილებელი იყო ირანთან კეთილი ურთიერთობის შენარჩუნება და ლეკთა საკითხის გადაჭრა. არც თურქეთის შემოსევისგან იყო ქვეყანა დაცული. ცხადია, ყველა ეს ამოცანა ვერ გადაწყდებოდა საკუთარი ძალებით. ქართველი პოლიტიკოსები ითვალისწინებდნენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ რუსეთი შეებმებოდა ირანსა და ოსმალეთს. ეს რუსეთს სჭირდებოდა კასპიისა და შავი ზღვების აუზებისაკენ გზის გასაკაფად. ამიტომაც საქართველოს პოლიტიკური კურსი რუსეთისკენ იყო მიმართული.

 

 

მეფე ერეკლეს რთული ოჯახური ცხოვრება ჰქონდა. მეორე ცოლის ანა აბაშიძის გარდაცვალების შემდეგ, მან მესამე ცოლი შეირთო - დარეჯან დადიანი, რომელიც ზედმეტად პატივმოყვარე იყო და სასახლეში ინტრიგების ქსელი გააბა. მეფეს ჰყავდა ერთგული თანამებრძოლი კათოლიკოსი ანტონ I, რომელიც მისი მამიდაშვილი იყო. ანტონ I-მა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ქართულ ეკლესიაში. მან ერეკლეს აღადგენინა თავის დროზე ვახტანგ VI-ის დაფუძნებული სტამბა. 1756 წელს ანტონ I-ის მცდელობით ფილოსოფიური სემინარია დაარსდა. ანტონ კათოლიკოსს ეწინააღმდეგებოდა ფანატიკურად განწყობილი ქართველი სამღვდელოება ზაქარია გაბაშვილის (ბესიკის მამა) მეთაურობით. ერეკლე ვერ დაეხმარა ანტონს, რადგან თეიმურაზ II-ც სეფე-ქალების წაქეზებით ებრძოდა კათოლიკოსს. საეკლესიო კრებამ ანტონ I კათოლიკოსობიდან გადააყენა. მამის სიკვდილის შემდეგ ერეკლე II-მ ანტონი საპატრიარქო ტახტზე დააბრუნა.

 

ნიშანდობლივია, რომ რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II-მ ინტენსიური დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა ქართლ-კახეთის სამეფოსთან. საქართველოში საგანგებო რწმუნებული გამოაგზავნეს. ეს იყო გარუსებული ქართველი თავადი ქობულაშვილი (ხვაბულოვი). მოითხოვეს, რომ ერეკლეს და იმერეთის მეფეს სოლომონს შეთანხმებულად ემოქმედათ რუსეთის სასარგებლოდ. მეფეებმა მართლაც შეჰფიცეს, რომ საერთო საქმეს არ უღალატებდნენ. ერეკლეს მიერ რუსეთისადმი მიმხრობამ გააღიზიანა ოსმალეთი – მათ საქართველოს ნეიტრალიტეტის დაცვა მოსთხოვეს. თანაც ითხოვდნენ, რომ სოლომონ მეფისათვის არ დაეჭირათ მხარი მის ანტითურქულ პოლიტიკაში.

 

რუსეთის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მთლად კარგად არ ჰქონდა გაცნობიერებული, რა დოზის დახმარება სჭირდებოდა ქართლ-კახეთს. ფიქრობდნენ ჯარის მცირე შემადგენლობითაც გავიდოდნენ ფონს. ძალიან ცუდად იყო შერჩეული რუსეთის კორპუსის სარდალი. გრაფი ტოტლებენი გერმანელი იყო. როგორც გადმოგვცემენ, ავანტურისტული მიდრეკილებები და ბნელი წარსული მას გამოუსადეგარს ხდიდა.

 

1869 წელს გენერალ ტოტლებენის სარდლობით რუსის ჯარი შემოვიდა საქართველოში. მომდევნო წელს ერეკლე და ტოტლებენი ახალციხის საფაშოზე სალაშქროდ გაემართნენ. ერეკლეს ფარული მიზანი იყო ოსმალთაგან მიტაცებული სამხრეთ საქართველოს ტერიტორიის დაბრუნება. რუს-ქართველთა ჯარმა ალყა შემოარტყა აწყურის ციხეს. ომი დაიწყო თუ არა, ტოტლებენმა გაუგონარი ნაბიჯი გადადგა – თავისი ჯარით უკან გაბრუნდა. ამან, ცხადია, ჯარში არევ-დარევა გამოიწვია. ერეკლე II გულმოცემულ მტერს მედგრად დახვდა და ისევ ციხეში შერეკა. მეორე დღეს მეფე ასპინძის მიმართულებით წავიდა. ასპინძასთან ქართველებს ოსმალები შემოეყარნენ. ერეკლე რჩეულ მხედართა რაზმით მედგრად ეკვეთა მტერს და დაამარცხა იგი. ახალციხის მხრიდან შემოსულ ლეკ-ოსმალთა ოთხიათასიანი ლაშქარიც გაანადგურა. მტრის სამიათასამდე მოლაშქრე მოიკლა, ბევრი მტკვარში დაიხრჩო, ან ტყვედ ჩავარდა. ქართველთა ზარალი უმნიშვნელო იყო. ასპინძის ბრძოლაში გამარჯვება 1770 წლის 20 აპრილს მოხდა („ასპინძას ერეკლე ვნახე, ხელში ეჭირა ხმალიო, ხოცვა დაუწყო ლეკ-ოსმალთ, ადინა სისხლის ღვარიო“. ხალხური).

 

ერეკლესა და ტოტლებენს შორის ურთიერთობა ძალზე დაიძაბა. უჭკუო გენერალს მეფის ტახტიდან ჩამოგდება უნდოდა. მას ოპოზიციონერი ქართველი თავადებიც უჭერდნენ მხარს. გენერალმა ხალხის რუსი ხელმწიფის ერთგულებაზე დაფიცება დაიწყო. ერეკლემ საპასუხო ენერგიული მოქმედებით ტოტლებენი შეაშინა და განზრახვაზე ხელი ააღებინა.

 

რუსეთის მიერ საქართველოში გამოგზავნილმა ლაშქარმა ქვეყანას ვერაფერი არგო. ერეკლეს მიზნები მიუღწეველი იყო. ერევნის ხანი გამდგარი იყო და ოსმალეთის უზენაესობა უღიარებია, ქერიმ-ხანიც გაუორგულდა ქართლ-კახეთის მეფეს, ლეკებიც აშლილი იყვნენ. რეაქციონერი თავადებიც გააქტიურდნენ – ალექსანდრე ბატონი-შვილის (ბაქარის ძე) დახმარებით აპირებდნენ ერეკლეს განდევნას ქართლიდან. არც მოკავშირე რუსეთი გამოირჩეოდა საქართველოს გაძლიერებისათვის ბრძოლით. დადგა საგარეო პოლიტიკის გადასინჯვის საკითხი. ერეკლე II-მ თანამზრახველებთან თათბირის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება – ეთხოვა რუსეთის მთავრობისათვის საქართველოს შესვლა რუსეთის მფარველობის ქვეშ.

 

პარალელურად ერეკლე მეფე შინა საქმეებსაც აგვარებდა. 1773 წელს შექმნა „მორიგი ჯარი”. ლაშქრობის შემძლე ყველა მამაკაცი ვალდებული იყო წელიწადში ერთი თვე ლაშქარში თავისი ხარჯით გასულიყო. მორიგე ლაშქარს ერეკლეს ვაჟი ლევან ბატონიშვილი ხელმძღვანელობდა. 1781 წელს ლევანი გარდაიცვალა და ცოტა ხანში მორიგე ლაშქარიც დაიშალა. ეს რეაქციის გამარჯვება და ერეკლე II-ის მარცხი იყო.

 

ქართლ-კახეთის ბრძენმა მეფემ სცადა გარკვეული კავშირი ევროპის ქვეყნებთან დაემყარებინა. იგი აშკარად ცდილობდა ქართველთა ევროპულად გარდაქმნას, ქვეყნის სამხედრო-ტექნიკურ და სამეურნეო-სახელმწიფოებრივ დაწინაურებას. მეფის მცდელობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან დაახლოებისა, წარუმატებლად დამთავრდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმართ ურთიერთობა გაააქტიურა რუსეთმა – რუსი მოხელეები, ელჩები, მოგზაურები ურჩევდნენ ერეკლეს, რომ ეთხოვა რუსეთის მფარველობა, თან აიმედებდნენ, რომ ამ გზით საქართველოს კეთილდღეობას მიაღწევდა.

 

1782 წლის 21 დეკემბერს ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე II-მ, რუსეთის ხელისუფლების სურვილის შესაბამისად, რუსეთის მეფის მფარველობა ითხოვა. უმალვე ეკატერინე II-ის ბრძანებით დარუბანდელმა ფათალი-ხანმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ შეყრილი ჯარები დაითხოვა; ალექსანდრე ბაქარის ძე აიძულეს რუსეთში წასულიყო – ტახტის მაძიებელი ბატონიშვილი გზაშივე დააპატიმრეს.

 

1783 წლის 24 ივლისს ჩრდილოეთ კავკასიის ციხე გიორგიევსკში რუსეთ-საქართველოს შორის „მეგობრობითი პირობა“ („ტრაქტატი“) გაფორმდა. დოკუმენტს ქართლ-კახეთის მეფის მხრიდან ხელი მოაწერეს იოანე მუხრანბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ. ეკატერინე II-ის სახელით – გენერალმა პავლე პოტიომკინმა. 1784 წლის 24 იანვარს ერეკლე II-მ ხელი მოაწერა და „მეგობრობითი პირობა“ („ტრაქტატი“) ძალაში შევიდა.

 

„ტრაქტატით“ რუსეთის იმპერატორი ქართლ-კახეთის მეფეს საუკუნო მფარველობას აღუთქვამდა, ერეკლეს სამფლობელოს დაცვას ივალებდა; ერეკლე II-სა და მის შთამომავლობას ქართლ-კახეთის ტახტზე უთუოდ დაიცავდა, ქვეყნის მართვა-გამგეობაში ქართლ-კახეთის მეფე დამოუკიდებელი იყო – რუსეთი საქართველოს შინაურ საქმეებში არ უნდა ჩარეულიყო. თავის მხრივ ქართველი მეფე ვალდებული იყო, თავისი სამხედრო ძალით საჭირო შემთხვევაში რუსეთის მეფის განკარგულებაში გამოსულიყო; ქართლ-კახეთის ტახტზე ახლად გამეფებული რუსეთის იმპერატორს უნდა დაემტკიცებინა; დიპლომატიური საქმიანობაც ქართლ-კახეთის მეფეს რუსეთის ხელისუფლებასთან (ან ადგილობრივ მოხელესთან) შეთანხმებით უნდა ეწარმოებია.

 

ტრაქტატით შეთანხმებული რუსთა ჯარი 1783 წლის 3 ნოემბერს ჩამოვიდა თბილისში. 1784 წლის 23 იანვარს ერეკლე II-მ რუსეთის იმპერატორისადმი ერთგულების ფიცი დადო.

 

დიდი გეგმები, რაც ქართლ-კახეთს და მის მეფეს გააჩნდა ტრაქტთან დაკავშირებით არ გამართლდა. ერეკლე II-ის გადადგომით განაწყენებულმა ოსმალეთმა თავი წამოყო. განახლდა ლეკიანობა. 1785 წელს ხუნძახის ბატონი ომარ-ხანი შემოესია კახეთს, აიღო რამდენიმე ქალაქი და ციხე. ერეკლემ ლაშქრის სიმცირის გამო შებმა ვერ გაბედა. ომარ-ხანი დიდძალი ტყვით უკან გაბრუნდა. ერეკლე II მოურიგდა ომარ-ხანს – ყოველწლიური „ჯამაგირი” (ხარკი) 5000 მანეთი იკისრა. თავის მხრივ ოსმალეთი მოუწოდებდა ერეკლეს შეეწყვიტა რუსეთთან კავშირი და მასთან მეგობრობა დაემყარებინა. მეფის მოწინააღმდეგე რეაქციულმა ძალებმა თავის დასაყრდენად დარეჯან დედოფალი და მისი შვილები გამოიყენეს, რომლებიც ოსმალეთთან მორიგების მომ-ხრენი იყვნენ.  ამ უკანასკნელმა მეფეს ორი უმართებულო კანონი მიაღებინეს (1792 წ.). ამიერიდან სამეფო ტახტი უფროს შვილს (პირმშოს) კი არა, არამედ გვარში უფროსს უნდა დაეკავებინა. ეს უხერხული გადაწყვეტილება (კანონი) ერეკლემ თავად მალე უარყო. თუმცა დარჩა მეორე კანონი, რომლის ძალითაც ქვეყანა დაიყო საუფლისწულოებად, თითოეულ უფლისწულს მეფემ ყმათა გარკვეული რაოდენობა მისცა. თავის საუფლისწულოებში ბატონიშვილებმა თავი დამოუკიდებელ მეფეებად წარმოიდგინეს და რეალურ რეაქციულ ძალად იქცნენ.

 

ამ, ქვეყნისათვის საკმაოდ რთულ პერიოდში, ქართველ საზოგადოებაში გაჩნდა საქართველოს გაერთიანების იდეა. ამ იდეას მდაბიო ხალხიც მხარს უჭერდა. 1790 წელს ქართლ-კახეთის მეფეს ეწვია იმერელ თავადთა დელეგაცია, რომელმაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთიანება შესთავაზეს. ერეკლე II-მ საგანგებო სხდომა მოიწვია აღნიშნული წინადადებების განსახილველად. კამათში აქტიურები იყვნენ მზეჭაბუკ ორბელიანი, ანტონ კათალიკოსი, დავით ორბელიანი (სარდალი), სოლომონ ლიონიძე. ესენი ქვეყნის გაერთიანებას უჭერდნენ მხარს. თანაც მეფეს გადასცეს იმერელთა აზრი: ერეკლე მეფე იფიქრებს, როგორ წავართვა ტახტი ჩემს შვილიშვილსო (იმერეთის მეფე სოლომონ II ერეკლეს შვილიშვილი იყო). ეს აზრი უკუღმართი და დამღუპავიაო. უნდა აღინიშნოს, რომ გაერთიანების იდეას მტკიცედ იცავდა სოლომონ ლიონიძე.

 

იმერეთის დესპანების სახელით ქაიხოსრო წერეთელმა კომპრომისული წინა-დადება დასვა: იმერეთში მეფობა ნუ მოისპობა. იქ ერეკლეს შვილიშვილი სოლომონი გამეფდეს და მან კავშირი შეკრას ქართლ-კახეთთანაო. უარყოფითი მოსაზრებით გამოვიდა იოანე მუხრანბატონი: ქართლ-კახელებს ჩვენთვის ვერ მოგვივლია, იმერეთს როგორღა მოვუაროთო. სარდალი დავით ორბელიანი მკაცრად შეეკამათა იოანე მუხრანბატონს, რამაც ფაქტობრივად სხდომა ჩაშალა. ცალკე უნდა აღვნიშნოთ დარეჯან დედოფალი, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო გაერთიანებისა (ცხადია, საკუთარი შვილიშვილის გამო) და ქმარზეც უარყოფით გავლენას ახდენდა. ერეკლე მეფემ სოლომონ II-ის ტახტზე დასმას დაუჭირა მხარი და იმედი გამოთქვა, მომავალში კავშირს შევკრავთო.

 

1790 წელს ერეკლე II-ს, სოლომონ II-ს, გრიგოლ დადიანსა და სვიმონ გურიელს შორის დაიდო „ტრაქტატი ივერელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერეთისა, ოდიშისა და გურიისა“. ეს დოკუმენტი, ცხადია, მნიშვნელოვანია, თუმცა მას პოლიტიკური შედეგები არ მოჰყოლია. ტრაქტს ჰქონდა სერიოზული ზნეობრივი მნიშვნელობა, ნაკლებად პრაქტიკული.

 

ამასობაში ირანში მიმდინარე მძაფრ შინაომებში გაიმარჯვა აღა-მაჰმად-ხან ყაჯარმა. მისი ზეობის პირველივე წლებიდან აღმოჩნდა, რომ ქართლ-კახეთში ირანის ბატონობის აღდგენა სურდა. ერეკლე II-ს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ირანის შაჰი ქართლ-კახეთზე შემოსევას აპირებდა, ქართლ-კახეთის მეფემ რუსეთის სამხედრო დახმარება მოითხოვა. დაპირებები იყო, რეალურად კი არაფერი კეთდებოდა. 1795 წლის სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი თბილისისაკენ წამოვიდა. შაჰმა რუსეთში მზვერავები გააგზავნა და დაადგინა, რომ რუსეთი ქართლ-კახეთის სამეფოსა და აღა-მაჰმად-ხანის კონფლიქტში არ ჩაერეოდა (ინფორმაცია „კავკასიის ხაზის“ უფროსის გენერალ გუდოვიჩის დოყლაპიობის შედეგად გახდა ცნობილი მზვერავებისთვის). 1795 წლის 29 აგვისტოს მეფე ერეკლე აღშფოთებით სწერდა გარსევან ჭავჭავაძეს, რომ „აღა-მაჰმად-ხანი ბილწ საქმიანობას ეწევაო“. ირანის შაჰმა საგანგებო ულტიმატუმი გამოუგზავნა ერეკლე II-ს. იგი არ უწონებს რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯს და მოითხოვს – ჩამოშორდიო: „თუ ამას არა იქმ, რაც გვიბრძანებია,... საქართველოზე მოვალთ, რუსთა და ქართველთა სისხლს ერთად დავაქცევთ და მტკვრის მსგავსად მდინარეთა გავაკეთებთო“.

 

ქართლ-კახეთის ლაშქარი მოუმზადებელი იყო. მეფეს მხოლოდ 5 000 მოლაშქრე მიუვიდა. უფლისწულები არ დაიძრნენ საუფლისწულოდან. იყვნენ მოღალატეები, რომლებიც ხალხში მტერთან შებმის უიმედობას ქადაგებდნენ. ალ. ორბელიანმა მოგო-ნება დატოვა მამამისზე, ვახტანგ ორბელიანზე (თეკლა ბატონიშვილის მეუღლეზე), რომელიც არ მოეშველა სიმამრს (მას 2000 კაცის გამოყვანა შეეძლო) კრწანისის ბრძოლაში. ნიშანდობლივია, რომ მოლაშქრეებიდან 3000 კაცი სოლომონ II-ის მოყვანილი იყო იმერეთიდან.

 

8 სექტემბერს მტრის დასაზვერვად 12 მხედარი გაგზავნა. ფარეშთუხუცესის გოჯასპ ნათალიშვილის მეთაურობით. იაღლუჯის მთაზე ირანელ მოლაშქრეებს გადაეყარნენ. შეებრძოლნენ მტერს და ერთიანად შეაკვდნენ. მხოლოდ გოჯასპი ნათალიშვილი გადარჩა, მოკლული თურქმენის ცხენით გამოაღწია. 10 სექტემბერს თბილისთან მოახლოებული მტრის ლაშქრის შენაერთს დიდი ზარალი მიაყენა დავით ბატონიშვილმა და დაამარცხა. მოღალატეებისა და შაჰის აგენტების საშუალებით ცნობილი გახდა მეფე ერეკლეს ლაშქრის სუსტი მხარეები და აღა-მაჰმად-ხანი კვლავ მძლავრად შემობრუნდა თბილისისაკენ. 11 სექტემბერს დარეჯან დედოფალმა, ზოგიერთი ქართველი დიდებულის ოჯახთან ერთად, თბილისი დატოვა და ანანურში გაიხიზნა. ამან პანიკა გამოიწვია მოსახლეობაში. სიტუაცია უმართავი გახდა - დაიწყო ქალაქის ძარცვა. ამას მოღალატე ნაძირლები აკეთებდნენ. ერეკლე თავად დაბრუნდა ქალაქში, ვითარება მოაწესრიგა და კვლავ კრწანისში გაბრუნდა.

 

წინ 11 სექტემბრის ბრძოლა იყო. ბრძოლის თავკაცობა სხვადასხვა ფრონტებზე დაევალათ დავით და იოანე ბატონიშვილებს, იოანე მუხრანბატონს, ზურაბ წერეთელს. სამარქაფო ჯარს (არაგველები) ვახტანგ ბატონიშვილი და ოთარ ამილახვარი ხელმძღვანელობდნენ. ქართველ ლაშქარს შეუერთდა სახელდახელოდ შეკრებილი რაზმი, რომელსაც დავით მაჩაბელი „მაჩაბელა“) ედგა სათავეში („ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი“ - ლ. ასათიანი). მედგრად იბრძოლეს ქართველებმა. ყველას გმირობის მაგალითს აძლევდა 75 წლის ერეკლე II. ქართველთა ლაშქარმა გარკვეულ წარმატებებსაც  მიაღწია. თითქმის ათჯერ ჭარბმა ძალამ თავისი გააკეთა – მტერი ზურგიდან მოექცა ქართველებს და შეუტია. ქართულმა ჯარმა გმირობა გამოიჩინა. დიდი ნაწილი, მათ შორის, სამასი არაგველი ბრძოლის ველზე დაეცა. ერეკლე მეფემ ჯერ სეიდაბადისკენ დაიხია, შემდეგ ქალაქისკენ. იგი თბილისში შემოვიდა 150 კაცის თანხლებით.

 

აღა-მაჰმად-ხანი თბილისში 13 სექტემბერს შემოვიდა და ქალაქის დანგრევა დაიწყო. დაანგრია თოფხანა, ზარაფხანა, სემინარია, სტამბა, ავლაბრის ხიდი. განადგურდა მეფის წიგნსაცავიც. ამგვარად, კრწანისის ბრძოლა ტრაგიკული შედეგით დამთავრდა.

 

ერეკლე II აწეწილი საქმეების მოგვარებას შეუდგა, შემდეგ თელავში გადავიდა და იქ გაატარა სიცოცხლის დარჩენილი წლები. ქვეყანაში რთული ვითარება იყო, მაგრამ დაუძლურებულ მეფეს აღარ შეეძლო ბრძოლის ველზე გასვლა. ამ დროს დარეჯან დედოფალი აქტიურობდა. სიკვდილის წინ მეფე გიორგი ბატონიშვილმა ინახულა. მასთან იყო თეიმურაზ ბატონიშვილი, რომელიც ავადმყოფ პაპას უვლიდა.

 

1798 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა დიდი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ქართლ-კახეთის მეფე, „პატარა კახად“ წოდებული ერეკლე II. ნიშანდობლივია, რომ მეფე იმავე პალატსა და საწოლში გარდაიცვალა, რომელშიც დაიბადა („ქართველებ ვერ გაიგითა, რკინის შეგეხსნათ კარიო, მეფე ერეკლე აღარ გყავთ, ბაგრატიონთა გვარიო“).

 

 

ორმოცი დღე იგლოვა საქართველომ დიდი მეფე... მეფის ცხედარი სასახლის მთავარ დარბაზში ესვენა ამბიონზე. აქვე იყო წარმოდგენილი სამეფო რეგალიები. დარბაზის ერთ მხარეზე თეთრ საბურველში გახვეული სეფე-ქალები ისხდნენ, მეორეზე – კარისკაცები გადატეხილი კვერთხებით ხელში. ეზოში მეფის ცხენი იყო უკუღმა შეკაზმული, რომლის აღვირი მიწაზე მჯდომარე მეუზანგეს ეჭირა. საერთო გლოვაში - დატირებაში გამორჩეული იყვნენ სოლომონ მსაჯული („მოთქმით ტირილი...“) და ქიზიყელი ქვრივი დედაკაცი, რომელიც „შეწყნარებული იყო კარსა ზედა მეფისასა“. ამ ქალბატონის ტირილი გამორჩეული (აღმატებული) იყო სხვა მგლოვიარეთაგან. მეორმოცე დღეს ერეკლეს ცხედარი მცხეთაში წაასვენეს და სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს („სვეტიცხოვლის ძველ ტაძარში, საქართველოს ცხელი გული ასვენია“ - ლ. ასათიანი).

 

უნდა აღინიშნოს, რომ ჟამიანობის გამო (შავი ჭირი მძვინვარებდა) პროცესია თბილისში ვერ შევიდა. მცხეთაში, ეპიდემიის შიშით კახელებმა არაგვზე გადასვლა ვეღარ გაბედეს, კუბო მცხეთელებს გადასცეს და თავად უკან დაბრუნდნენ.

 

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ დარეჯან დედოფალი სამგლოვიარო პროცესიას მცხეთაში არ გაჰყოლია. მის გეგმებში შედიოდა, რომ თავისი ღვიძლი შვილებისათვის ტახტი უზრუნველეყო. ეს ვერ მოახერხა. თავის მხრივ გიორგი ბატონიშვილმა შეძლო ბატონიშვილებისა და დიდებულებისათვის თავისი ერთგულების ფიცი მიეღებინებია (დარეჯანმა ფიცი არ მიიღო). ამის შემდეგ გიორგი ბატონიშვილი დარეჯან დედოფალთან ერთად თელავიდან გაემგზავრა თბილისში, სადაც ეპიდემია (შავი ჭირი) დამცხრალი იყო.

 

ქართლ-კახეთის სამეფო ტახტი გიორგი ბატონიშვილმა (გიორგი XII) დაიკავა.

 

დიდი ქართველი მოღვაწის, ქართლ-კახეთის მეფის, „პატარა კახად“ წოდებულის ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლის აღსანიშნავი წერილი მინდა დავამთავრო კვლავ სოლომონ ლეონიძის ამაღლებული დატირებით („მოთქმით ტირილი“).

 

„ხელმწიფევ მფლობელო, საზოგადოვ მამავ, მეფევ ირაკლი, ვის მივსცე შენის უმაღლესის თავისა და უძლეველის ტანის უზომო ტრფიალება?! ვის დროშას ვემსახურო?! ვინ შევიყვარო?! ვისთვის მოვკვდე?! ვისთვის ვიცოცხლო. შენს უკან სიცოცხლე საზრახვად გამწარებულმან?!“

 

არსებობს გადმოცემა: დიდმა თამარმა მეფედ კურთხევის დროს თავის სეფე-სიტყვაში წარმოსთქვა „შიშველი მოვდივარ და ამ ქვეყნიდან შიშველი წავალო“. მეფე ერეკლეს თამამად შეეძლო გაემეორებინა დიდი წინაპრის სიტყვები.

 

 

ერეკლე მეორემ შექმნა დიდი ეპოქა. არც ერთ მეფეს, თამარის შემდეგ, არ მიუღია ხალხის დიდი სიყვარული, აღტაცებული ქებათა-ქება, როგორც მეფე ერეკლემ. ის დიდი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე იყო, ჭეშმარიტი გმირი, ბრწყინვალე რაინდი. მისი ხმალი საქართველოსათვის ბრძოლაში არასდროს გადამტყდარა. მრავალნაცად თოფსაც მედიდური წარწერა ჰქონდა:

„მე ვარ თოფი –მუსაიფი

კახთ ბატონის ერეკლესი“.

 

დღეს, ერეკლე მეორის დაბადების სამასი წლისთავზე ხმამაღლა უნდა განვაცხადოთ: იგი იყო ყველა დროის ქართველ გამორჩეულ მოღვაწეთა შორის – გამორჩეული და დიდი; მას განსაკუთრებული ადგილი უკავია უკვდავთა შორის.

 

 

 

 

როინ მეტრეველი

აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა

ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner