„დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვოს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც მან ვიდეომიმართვისას განმარტა, გრიპის ვაქცინას და აცრის პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
„როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო. დაუშვებელია, რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გარკვეული თანხის გადახდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში, ეს დაუშვებელია!“, - განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, აქვს გარკვეული ინფორმაცია მედიიდან და სოციალური ქსელებიდან, რომ ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში მოქალაქეებს გრიპის ვაქცინაციაში თანხის გადახდას სთხოვენ.
ამასთან, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ჯერჯერობით საქართველოში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს.
„ნოემბერ-დეკემბერში ჩვენთან უკვე ჩნდება ცირკულაციაში გრიპის ვირუსი და ე.წ. რესპირაციული ინფექციების სეზონი იწყება. ტრადიციულად, საქართველოში გრიპის ვირუსი ცირკულაციაში ჩნდება 15-20 ნოემბრიდან ან ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. საბედნიეროდ, წელს კარგი ამინდებია და ალბათ, შესაძლებელია, ეს ცოტა მოგვიანებით იყოს. იცით, რომ ჩვენ ქვეყანაში რესპირაციული ვირუსების ყოველკვირეულ მონიტორინგს ვაწარმოებთ. ჯერჯერობით, გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს. გრიპი, რომელიც საკმაოდ რთული რესპირაციული ინფექციაა, ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას მსუბუქად გადააქვს, მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში რთულდება. მისი კარგი საპრევენციო საშუალება გახლავთ ის, რასაც ყოველდღიურად ვამბობთ- პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა, განიავება, სველი წესით დალაგება, სანიტარული წესრიგი და ასე შემდეგ. მაგრამ, კოვიდისგან განსხვავებით, გრიპისთვის არსებობს საკმაოდ ეფექტური ვაქცინა და წამალი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ყოველწლიურად იზრდება გრიპის ვაქცინაციის რაოდენობა.
„წელს ყველაზე მეტი შემოვიტანეთ, დაახლოებით 235 ათასი დოზა შეიძინა სახელმწიფომ, დაახლოებით 60-70 ათასამდე კერძო სექტორმა. ერთიანად დაახლოებით 300 ათასამდე ვაქცინის დოზა იქნება ქვეყანაში. გასულ კვირას შეივსო სახელმწიფო მარაგები, დღეისთვის ჩვენ გვაქვს 210 ათასი დოზა ადგილზე, რომელიც განაწილებულია ქსელში, მთელ ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მან მოსახლეობას მიმართა, რომ რისკ-ჯგუფში მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ პოლიკლინიკებს მიმართონ და აიცრან.