საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს საოლქო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.
მისი თქმით, კანონმდებლობით მკვეთრადაა განსაზღვრული, რომ პროცესში ჩართვა პარტიის წარმომადგენელს შეუძლია, თუმცა ის არ უნდა იყოს კანდიდატი.
ამასთან, მამუკა მდინარაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აქციებზე კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვა არ ხდება და მათ შესაბამისი წესების დაცვისკენ მოუწოდა.
„ვხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის სამწუხაროდ, მაჟორიტარობის კანდიდატები, ცდილობენ ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, მათივე ინიციატივით იმართება ანუ მათ გაასაჩივრეს, მოითხოვეს გარკვეული მოქმედებები საოლქო კომისიების მხრიდან, საოლქო კომისიამ მათი მოთხოვნა შეასრულა, განხილვა დაიწყო და ისინი ამ პროცესის ჩაშლას ცდილობენ. ესაა ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა, რაც მათ შესაძლოა საარჩევნო პროცესში გამოამჟღავნონ, თუმცა ესაა იმ დესტრუქციის ნაწილი, რაზეც ჩვენ არჩევნებამდეც მოგახსენეთ.
ბევრი კითხვა ისმება, უფლება აქვს თუ არა კანდიდატს, რომ მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში - ცალსახად არა. ამას კანონი არ ითვალისწინებს. მოქმედი კანონმდებლობით, დასწრების უფლება აქვს პარტიის წარმომადგენელს. სპეციალური ჩანაწერია, რომ კანდიდატი არ შეიძლება იყოს წარმომადგენელი. ის კანდიდატები, რომლებიც ამბობენ, რომ შესვლის და მონაწილეობის უფლება აქვთ, ცალსახად იტყუებიან. ამასთან, მესმის, რომ მათ მუხტის შექმნა უნდათ და სხვა თემები გვერდით გადაწიეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსი არის გამოწვევა და ვხედავთ, რომ ელემენტარული რეკომენდაციების დაცვაც კი არ ხდება. შეიძლება ირონიულადაც კი ჟღერდეს, მაგრამ მინდა მოვუწოდო, ელემენტარული რეკომენდაციები დაიცვან, თავიანთ მომხრეებს და აქტივისტებს გაუფრთხილდნენ, რომელიც ამ დესტრუქციაში მონაწილეობისთვის მიიყვანეს, ჟურნალისტებს, პოლიციას გაუფრთხილდნენ, რომ ასე თავისუფლად არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. ჩვენ ვხედავთ, ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქალბატონმა სამადაშვილმა ციხეში შესასვლელად ტესტი გაიკეთა და დადებითი დადასტურდა და რომ არა პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნა, რომ კონკრეტულ პოლიტიკოსს ტესტი გაეკეთებინა, ჩვენ ალბათ, ციხეში ვირუსთან დაკავშირებული ძალიან სერიოზული პრობლემა გვექნებოდა. ამიტომ, აუცილებლად უნდა ვთხოვოთ მათ, რომ ეს ნაწილი მაინც გაითვალისწინონ“, - აღნიშნა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.