„ამ წუთებში ჩვენ ვხედავთ პროცესს, რომელზეც ჩვენ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქმის კურსში ჩავაყენეთ და გავაფრთხილეთ საზოგადოება. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის, სამწუხაროდ, მაჟორიტარობის კანდიდატები, ცდილობენ ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც იმართება მათივე ინიციატივით. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს. ანუ მათ გაასაჩივრეს, მოითხოვეს გარკვეული მოქმედებები საოლქო კომისიების მხრიდან, საოლქო კომისიამ დაიწყო განხილვა, ანუ მათი მოთხოვნა შეასრულა და მათი მოთხოვნის შესრულების პროცესში ისინი ცდილობენ ამ პროცესის ჩაშლას. ეს არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა, რაც საარჩევნო პროცესში მათ შეიძლება გამოამჟღავნონ. თუმცა, ეს არის იმ დესტრუქციის ნაწილი, რაზეც ჩვენ არჩევნებამდეც მოგახსენებდით“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე საოლქო კომისიებთან მიმდინარე მოვლენებს.
მამუკა მდინარაძემ განმარტა, თუ ვის აქვს საოლქო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღების უფლება.
„თქვენი მხრიდან ისმება ბევრი კითხვა, უფლება აქვს თუ არა კანდიდატს, მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში, – ცალსახად არა. კანონი ამას არ ითვალისწინებს. მონაწილეობის უფლება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით აქვს პარტიის წარმომადგენელს. უფრო მეტიც, პარტიის წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს კანდიდატი. ანუ კანონმდებლობა ზუსტად, მკვეთრად განსაზღვრავს იმას, რომ კანდიდატი, სპეციალური ჩანაწერია, არ შეიძლება იყოს წარმომადგენელი. ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები, რატომაც ჩაიწერა კანონში და ამას დაეთანხმა მაშინ ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ასევე ქვეყნის გარეთ. ამას აქვს ბევრი ობიექტური მიზეზი იმის გამო, რომ არ აირიოს კომპეტენციები ერთმანეთში, თუმცა, ეს სამართლიანი არის თუ არ არის, დღეს ამის განხილვას არ დავიწყებ. ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სამართლიანია, მაგრამ კანონში უკვე წერია, რომ კანდიდატი არ შეიძლება იყოს წარმომადგენელი იმავდროულად. და სწორედ წარმომადგენელს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საოლქო კომისიის მუშაობაში. ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ რომ მათ აქვთ შესვლის და მონაწილეობის მიღების უფლება, ისინი ცალსახად იტყუებიან. “, - განმარტა მდინარაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციამ გარკვეული მუხტის შექმნის მიზნით სხვა მნიშვნელოვანი თემები გვერდით გადაწია. მდინარაძემ აქციის მონაწილეებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ელემენტარული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა:
„აგრეთვე, რატომღაც ბოლო პერიოდში მესმის, რომ მათ უნდათ გარკვეული მუხტის შექმნა და ამიტომ სხვა თემები გვერდით გადაწიეს, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მთავარი თემა, კორონავირუსი არის გამოწვევა, რომელიც ძალიან მძაფრად არის ჩვენს წინაშე, ქვეყნის წინაშე, მოსახლეობის წინაშე. განსაკუთრებით იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მიეკუთვნებიან რისკ-ჯგუფს. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველგვარი რეკომენდაციების დაცვის გარეშე და გასაგებია რომელ რეკომენდაციებზეა საუბარი, მაშინ როდესაც ისინი გასულები არიან ყოველგვარ წითელ ხაზებს, მაგრამ ელემენტარული რეკომენდაციების დაცვაც კი არ მიდის. იქ არიან პოლიციელები, იქ არიან ადამიანები, მათი აქტივისტები, რომლებსაც არ უფრთხილდებიან და ყოველგვარი პირბადეების და სხვა რეკომენდაციების დაცვის გარეშე ახორციელებენ თავიანთ აქტივობას და არ ვიცი მინდა, შეიძლება ცოტა ირონიულადაც კი ჟღერდეს, მაგრამ ეს მაინც მოვუწოდო ელემენტარული რეკომენდაციები, ჟურნალისტებს გაუფრთხილდნენ, პოლიციელს გაუფრთხილდნენ, თავიანთ მომხრეებს და აქტივისტებს გაუფრთხილდნენ, რომლებიც იქ მიიყვანეს, ამ დესტრუქციაში მონაწილეობის მისაღებად და დაიცვან ელემენტარული რეკომენდაციები, რომ ასე თავისუფლად არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.
ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ერთი შემთხვევა იყო, ციხეში შესასვლელად ქალბატონმა სამადაშვილმა გაიკეთა ტესტირება და ამ ერთი შემთხვევის დროსაც დადებითი დადასტურდა, რომ არა პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნა იმის შესახებ, ტესტირება გაეკეთებინა კონკრეტულ პოლიტიკოსს, ალბათ ჩვენ ციხეში გვექნებოდა ძალიან სერიოზული პრობლემა ვირუსთან დაკავშირებით. ამიტომ აუცილებლად უნდა ვუთხრათ და ვთხოვოთ მათ, ეს ნაწილი მაინც გაითვალისწინონ და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, სხვაზე თუ არაფერს ფიქრობენ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მდინარაძე ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციულს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი ზუსტად იმ მოქმედების საწინააღმდეგოდ მიდიან, რაც თავად მოითხოვეს:
„საერთო ჯამში ჩვენ ვხედავთ ძალიან ცუდ პროცესს, როცა ისინი მიდიან იმ მოქმედების საწინააღმდეგოდ რა მოქმედებაც თავად მოითხოვეს და დარწმუნებული ვარ, ეს არის ერთადერთი მიზეზით გამოწვეული. იმ კონკრეტულ უბანზე, მაგალითად, საბურთალოზე, სადაც შეიძლება გადაითვალოს, არ ვიცი კომისია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მოხდეს გადათვლა. ისინი დარწმუნდებიან, რომ იგივეა რეალობა და შეიძლება უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ საზიანოდ აღმოჩნდეს იქ გარკვეული ციფრები შეტანილი. ეს მოხდა მაგალითად სამგორში, როდესაც შემოწმდა ოლქი, აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ეწერა 200 ხმით ნაკლები. ამ რეალობის წინაშე მათ დადგომა არ უნდათ, იმიტომ, რომ აღმოჩნდება ისინი იტყუებიან და ტყუილის გამოაშკარავება, ბუნებრივია, მათ არ სჭირდებათ. ამიტომ მიდიან ისინი ამ დესტრუქციაზე.
მოვუწოდებ მათ, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკოსს ევალება, მოიქცნენ კონსტრუქციულად, დაელოდონ იმ პროცესს, რომელიც მათი გასაჩივრების შედეგად მიმდინარეობს და ამის შემდეგ ვიკამათოთ, ვიდაოთ, ვიჩხუბოთ ნებისმიერ შედეგზე და მთავარი, უამრავი ასობით და ათასობით ადამიანი გვიკავშირდება, რომლებიც არიან შეწუხებული იმ პროცესით, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. არ მინდა, დავყო საზოგადოება ჩვენ მომხრეებად, მათ მომხრეებად, მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი და ეს არის მილიონამდე ამომრჩეველი, აწუხებს კითხვა, ვინ იცავს მათ ინტერესებს, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, არცერთი ხმის დათმობას და არცერთი ხმის მიტაცებას ამავდროულად ნამდვილად არავისგან ვაპირებთ. შეგვიძლია წყნარად იყოს საზოგადოება ამ მიმართულებით, ჩვენ ვიქნებით გარანტი კანონის დაცვისა, ხმების შენარჩუნებისა, იმ ხმებისა, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა მოგვცა, იმ ნდობისა რომელიც მოგვანიჭა ჩვენმა ამომრჩეველმა და ამ მიმართულებით სანერვიულო მათ არ ააქვთ. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული სახელმწიფო მყარად დგას ფეხზე და არ დაუშვებს, რომ განავითაროს ვიღაცა ერთი წარსულის პოლიტიკოსის ტვინში მოხარშული საკმაოდ ცუდი სცენარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.