logo_geo
eng_logo
ეკა კვალიაშვილი: მადლობელი ვარ „ქართუ ფონდის“
- +

5 ნოემბერი. 2020. 00:10

 

 

ქართული ესტრადის ვარსკვლავს, ეკა კვალიაშვილს მატერიალურად არცთუ სახარბიელო ეტაპი უდგას. მუდმივმა დაბლოკვამ და კონცერტების არარსებობამ მისი ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა. დღეს მომღერალს საკუთარი ბინა არა აქვს და ქირით ცხოვრობს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვეული ოპტიმიზმით აგრძელებს თავის გზას. ბოლო დროს არატრადიციული ფსიქოლოგიით დაინტერესდა და თავისივე შექმნილი თეორიით სულიერ ჰარმონიას მიაღწია.

 

როგორ ცხოვრობს და რითია დაკავებული ცნობილი მომღერალი ამჟამად, ამის შესახებ ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან შეიტყობთ.

 

– ეკა, კოვიდმა მოიცვა მსოფლიო განსაკუთრებით მძიმე მდგომაროებაში აღმოჩნდნენ პატარა ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ ძლიერი ეკონომიკა, მათ შორისაა საქართველო, დაპაუზებულ სამყაროში ხელოვან ადამიანებს სხვებზე მეტად გაუჭირდათ. როგორ ცხოვრობთ ამ პირობებში რას ფიქრობთ ახალ რეალობაზე?

 

– მივესალმები თქვენი ჟურნალის მკითხველს, საერთოდ ცნობილია, რომ ადამიანის ცნობიერება განსაზღვრავს მის ყოფიერებას, დღეს მსოფლიოში დიდი ქაოსია და ამ ქაოსისთვის გარკვეული მიზეზი არსებობს – კოვიდ-19. ეს პროგრამა სწორედ ამიტომ შეიქმნა, რომ ადამიანების აზროვნება მოიცვას ქაოსმა, პანიკამ. აზროვნებაში შექმნილი ქაოსი კი თავის კვალს ტოვებს ადამიანის ცხოვრებასა და მის ყოველდღიურობაში.

 

ნამდვილად ძნელი დროა, მთელი მსოფლიო დგას ამ გამოწვევის წინაშე. მეც მიჭირს, მაგრამ მაინც ვახერხებ, ხშირად ჩავრთო ლაივები და ვუთხრა ადამიანებს – მოდით, ჩემო ძვირფასებო, ჩემო კარგებო, მოგროვდით, მე თქვენთვის ვიმღერებ, ცოტა ხნით მაინც გადაგავიწყებთ გაჭირვებას, ერთად ვიხალისოთ“.

 

შეიძლება ბევრი ფიქრობს, რომ მე არაფერი მიჭირს და სასიმღეროდ მაქვს საქმე. არა, ასე ნამდვილად არ არის, უბრალოდ, მინდა ჩემი სითბო გაგიზიაროთ და გასწავლოთ, რომ ძალიან ცუდშიც შეიძლება პოზიტიური დაინახო.

 

სამყაროში ახლა მიმდინარეობს გენერალური „უბორკა“ , დიასახლისებმა კარგად იციან, რომ სახლს საგულდაგულოდ ვერ დაასუფთავებ, თუ ყველაფერი არ გადმოყარე, ზედმეტი არ მოაშორე, კუთხე-კუნჭული არ გამოწმინდე. აი, ამ ყველაფრის მერე დაისადგურებს იდეალური სისუფთავე.

 

– ესე იგი თქვენ ამბობთ, რომ ახლა სამყარო ლაგდება?

 

– რა თქმა უნდა, დიდი ხნის დაგროვილმა უარყოფითმა ენერგიამ აგრესიამ, დაპირისპირებამ შექმნა ეს უწესრიგობა. როცა ჩვენს ცნობიერებაში დაგროვილი ნაგავი, სიბინძურე გადაიყრება, ჩვენი გონება დასუფთავდება. ასევეა სამყაროც, როცა ეს პანდემია გაივლის, ყველაფერი ცუდი თან გაჰყვება და ყველაფერი დალაგდება.

 

ღმერთმა თქვა, დე, იყოს სინათლე, ანტიძალებმა შექმნეს სიბნელე. მერე რა, რატომ გვეშინია სიბნელის? ერთი ასანთის ღერის გაკვრა საკმარისია, რომ სიბნელე განათდეს, ამიტომ თუ ადამიანები მოინდომებენ, ადვილია სიბნელის დამარცხება სინათლით. ჩვენ ერთმანეთს სინათლით უნდა დავუკავშირდეთ.

 

– მაღალი ცნობიერების ადამიანებსაც, ხელოვანებსაც აწუხებთ ყოფილი პრობლემები, სხვებზე მეტადაც კი. ასეთი მაღალი რანგის მომღერალს, როგორიც თქვენ ხართ, მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული იყავით და ძალიან მოთხოვნადიც, მაინც შეგექმნათ ფინანსური სიძნელეები და დღეს უბინაოდ ხართ. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და როგორ უმკლავდებით ამ შეჭირვებას?

 

– როგორც წესი, ნიჭიერ ადამიანებს ხშირად ჰყავთ კეთილისმყოფელები და მეც გამომიჩნდნენ ასეთები ჩემს კოლეგებში, არ დავასახელებ, მაგრამ კარგად ვიცი ვინც იყვნენ და როგორც მოქმედებდნენ. მოიგონეს ათასგვარი ჭორი ჩემი მძიმე ხასიათის შესახებ.

 

ჭორმა იარა, იარა, ქვეყანა შემოიარა, ხომ გაგიგიათ? ბევრმა დაიჯერა, რომ ჩემთან ლაპარაკი და ურთიერთობა შეუძლებელი იყო, ამას დაემატა ისიც, რომ წინა ხელისუფლების სამსახურში არ ჩავდექი და ყურმოჭრილი მონა არ გავხდი.

 

დაიწყო ჩემი დაბლოკვა, არ მაძლევდნენ კონცერტების ჩატარების საშუალებას, მომღერლის შემოსავალი კი რა არის? ფაქტობრივად აღარ დამრჩა არანაირი რესურსი, ამას დაემატა საბანკო კრედიტი და მომიწია ბინის გაყიდვა.

 

მერე იყო გასტროლი, რომლის შესახებაც ბევრმა იცის, სადაც ჰონორარი არ გადამიხადეს. ეს იმ ადამიანებმა გააკეთეს, ვისაც ძალიან კარგად ვიცნობდი და არ მოველოდი, ანუ სრულიად უნუგეშო მდგომაროებაში დავრჩი, ჩემს ხასიათში არ არის სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა, ამიტომ იმედით და ოპტიმიზმით ვარ სავსე და უკეთესზე ვიფიქრობ.

 

სამი წლის წინ, როცა მამა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში დაწერა ჩემი მდგომარეობის შესახებ „ქართუ ფონდიდან“ დამირეკეს და ყოველთვიური სტიპენდია დამინიშნეს. მართალია, ეს არ არის დიდი თანხა, მაგრამ საარსებო მინიმუმად მყოფნის, ამით ვახერხებ ბინის ქირის გადახდას და კომუნალური გადასახადების დაფარვას, მადლობელი ვარ „ქართუ ფონდის“.

 

ძალიან მალე ინტერნეტში ამუშავდება ჩემი გვერდი, რისი საშუალებითაც დისტანციურად ჩავუტარებ ბავშვებს ვოკალში მასტერკლასებს. შემიძლია ვიყო კარგი ფსიქოლოგი და დავეხმარო ადამიანებს გარკვეული პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ მირჩევნია ემი საყვარელი საქმე ვაკეთო.

 

– რელიგიური ადამიანი ხართ, ღმერთის რწმენა გაძლიერებთ?

 

– მე ვარ მორწმუნე, მწამს სამყაროს შემოქმედის, არ მიყვარს მიმდინარეობებად დაყოფა, სხვადასხვა რელიგიების დაპირისპირება, სამყაროს შემოქმედი ანუ ღმერთი ერთია და ის არის ყველგან ყოფადში, ანუ ჩემშიც არის ღმერთი და მისი კანონებით ვცხოვრობ, რელიგიური არ ვარ, რელიგია ჩემთვის ბევრი რამით მიუღებელია და უფრო ფანატიკოსების თავშესაფარია.

 

– თქვენ გონდათ ჯანმრთელობის პრობლემები, ახლა როგორ ხართ?

 

– როცა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დამისვეს, ავადმყოფობა კარგა ხნის დაწყებული იყო, ეს გამოიწვია იმან, რომ მაშინ არსებული აპარატურით და ენცეფალოგრამით ანთებითი კერების აღმოჩენა ვერ მოხერხდა.

 

– როცა ამდენი უსამართლობა შეგხვდათ კოლეგების და ხელისუფლების მხრიდან არ გაბოროტდით და პროტესტის გრძნობა არ გაგიჩნდათ?

 

– თავიდან მსგავსი მქონდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ამ გრძნობით ცხოვრება არ შეიძლება. იცით პასუხი რა იყო? თუ მაინც მომეცემოდა საშუალება, რომ სადღაც კონცერტზე გამოვსულიყავი, ისე მაგრად ვიმღერებდი, რომ იტყვიან, დავხურავდი ყველაფერს, მერე დავიხურავდი ქუდს და ამაყად წამოვიდოდი.

 

როგორ შეიძლება დიდხანს იცხოვრო გაბოროტებულმა, ბოღმით გადავსებულმა. ადამიანი სიბინძურეს არ უნდა შეეხო, გვერდი უნდა აუარო, გასუფთავება თუ არ შეგიძლია, მოერიდე მაინც ,გადააბიჯე და წადი.

 

– რას საქმიანობს თქვენი ქალიშვილი ნუკა, რომელიც ნიჭიერი მომღერალია?

 

– ნუკას საქმიანობა ძირითადად შვილების აღზრდაა, შემოქმედებითად დიდი პაუზაა მის ცხოვრებაში, რადგან მასაც ისევე, როგორც მე, დიდად არ სწყალობენ არც ტელეკომპანიები და არც კონცერტის ორგანიზატორები. მოკლედ, ნიჭიერი შემსრულებლები არ სჭირდებათ.

 

– ეკა კვალიაშვილი როგორი ბებიაა?

 

 

– ეკა კარგი ბებიაა, ორი შვილიშვილი მყავს, ბიჭები უდიდეს სიხარულს მჩ უქნიან თავიანთი სიყვარულით და მოფერებით, როგორც შემიძლია, ვეხმარები შვილს მათ გაზრდაში.

 

– ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის შეცდომები, თქვენ თუ ნანობთ რამეს, ვიცი, ბევრჯერ გქონდათ უცხოეთში წასვლის და ცხოვრების შანსი, რატომ არ გამოიყენეთ?

 

– რა თქმა უნდა ადამიანებს მოსდით შეცდომები და მეც მქონდა, მაგრამ არა ტრაგიკული და მძიე. რაც შეეხება უცხოეთს, ნამდვილად იყო ამის შესაძლებლობა. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა ანდრე ლიუსი, დიდი ჰოლივუდელი პროდიუსერი, მთავაზობდა ლოს ანჯელესში გადასვლას, მაგრამ მაშინ სიყვარულზე ვერ ვთქვი უარი. შემდეგ იყო იტალიელი თაყვანისმცემელი, ძალიან მდიდარი. რატომღაც ვერც მაშინ გადავწყვიტე. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და სხვაგან ცხოვრება არ შემიძლია.

 

– ხშირად თავადაც ხუმრობდით თქვენს სამ ქორწინებაზე, რატომ მოხდა ისე, რომ სამჯერვე დასცილდით?

 

– მოდი, ვთქვათ ასე: როცა ადამიანები ერთ სიხშირეზე და ერთ ვიბრაციაში არ იმყოფებიან, ნელ-ნელა სცილდებიან ერთმანეთს და ერთმანეთის გულისცემა და საუბარი აღარ ესმით. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მე მყავდა არაჩვეულებრივი მამა, ის იყო ჩემთვის კაცობის ეტალონი, მასთან შედარებით დღევანდელი მამაკაცები ძალიან უფერულები არიან.

 

– ახლა ხომ არ არის თქვენს ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცი?

 

– რაც შეეხება საყვარელ მამაკაცს, ამ ეტაპზე ასეთი არავინ არის, მაგრამ არასოდეს ვამბობ არასოდეს. მჯერა ყველას ჰყავს თავისი ნაწილი, როცა ამ ნაწილს შევხვდები, აუცილებლად იგრძნობ, რომ შენი სულის ტყუპისცალია და სწორედ მაშინ იქმნება ორი ადამიანის ერთიანობა. მჯერა ჩემს მეორე ნახევარს აუცილებლად შევხვდები.

 

– თქვენს გარეგნობაში სასიამოვნო სიახლეებია, გაქვთ იდეალური წონა და შესანიშნავად გამოიყურებით, ამას რა მეთოდებით მიაღწიეთ?

 

– არასოდეს ვყოფილვარ მსუქანი, ყოველთვის ვიყავი ძვალწვრილი. ჩემი გასუქება გამოიწვია სამკურნალოდ დანიშნულმა ჰორმონების შემცველმა პრეპარატებმა. ეს ორჯერ მოხდა, ჰორმონები აძლიერებს ჭამის მადას და იწვევს სიმსუქნეს. შემდეგ დიდი დროა საჭირო, რომ ორგანიზმმა მოახერხოს ამ ჰორმონებისგან გათავისუფლება და დაუბრუნდეს ძველებურ მდგომარეობას.

 

ახლა ჩემი ძველი წონა მაქვს, არასოდეს გამინებივრებია თავი ძვირადღირებული კოსმეტიკური მალამოებით, რუსული წარმოების იაფფასიან კრემს ვხმარობ და ხშირ შემთხვევაში მისი გამოყენებაც მავიწყდება.

 

მქონდა სუნთქვის პრობლემა და პატარა ოპერაცია დამჭირდა, ეს არის და ეს – პოზიტიური ცხოვრების წესი, კარგი განწყობა და სუფთა ცნობიერება, გარეგნობა შენი სულის ანარეკლია.

 

წლებს მოაქვს გამოცდილება, ასაკი მხოლოდ ციფრებია. მთავარია შენი სულიერი მდგომაროება, მე კი სრულიად მაკმაყოფილებს ჩემი სულიერი მდგომარეობა და ჩემი ასაკი მხიბლავს.

 

 

 

ია ქუთათელაძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner