„როგორც წესი, ნიჭიერ ადამიანებს ხშირად ჰყავთ კეთილისმყოფელები და მეც გამომიჩნდნენ ასეთები ჩემს კოლეგებში- ამის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ ეკა კვალიაშვილმა განუცხადა.
„როგორც წესი, ნიჭიერ ადამიანებს ხშირად ჰყავთ კეთილისმყოფელები და მეც გამომიჩნდნენ ასეთები ჩემს კოლეგებში, არ დავასახელებ, მაგრამ კარგად ვიცი ვინც იყვნენ და როგორც მოქმედებდნენ. მოიგონეს ათასგვარი ჭორი ჩემი მძიმე ხასიათის შესახებ.
ჭორმა იარა, იარა, ქვეყანა შემოიარა, ხომ გაგიგიათ? ბევრმა დაიჯერა, რომ ჩემთან ლაპარაკი და ურთიერთობა შეუძლებელი იყო, ამას დაემატა ისიც, რმო წინა ხელისუფლების სამსახურში არ ჩავდექი და ყურმოჭრილი მონა არ გავხდი.
დაიწყო ჩემი დაბლოკვა, არ მაძლევდნენ კონცერტების ჩატარების საშუალებას, მომღერლის შემოსავალი კი რა არის? ფაქტობრივად აღარ დამრჩა არანაირი რესურსი, ამას დაემატა საბანკო კრედიტი და მომიწია ბინის გაყიდვა.“ - ამბობს კვალიაშვილი.
მან ასევე ისაუბრა ფონდი „ქართუს“ მიერ დანიშნულ სტიპენდიაზე:
„მერე იყო გასტროლი, რომლის შესახებაც ბევრმა იცის, სადაც ჰონორარი არ გადამიხადეს. ეს იმ ადამიანებმა გააკეთეს, ვისაც ძალიან კარგად ვიცნობდი და არ მოველოდი, ანუ სრულიად უნუგეშო მდგომაროებაში დავრჩი, ჩემს ხასიათში არ არის სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა, ამიტომ იმედით და ოპტიმიზმით ვარ სავსე და უკეთესზე ვიფიქრობ.
სამი წლის წინ, როცა მამა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში დაწერა ჩემი მდგომარეობის შესახებ „ქართუ ფონდიდან“ დამირეკეს და ყოველთვიური სტიპენდია დამინიშნეს. მართალია, ეს არ არის დიდი თანხა, მაგრამ საარსებო მინიმუმად მყოფნის, ამით ვახერხებ ბინის ქირის გადახდას და კომუნალური გადასახადების დაფარვას, მადლობელი ვარ „ქართუ ფონდის“.
ძალიან მალე ინტერნეტში ამუშავდება ჩემი გვერდი, რისი საშუალებითაც დისტანციურად ჩავუტარებ ბავშვებს ვოკალში მასტერკლასებს. შემიძლია ვიყო კარგი ფსიქოლოგი და დავეხმარო ადამიანებს გარკვეული პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ მირჩევნია ემი საყვარელი საქმე ვაკეთო.“ - ამბობს ეკა კვალიაშვილი.