„არასდროს შეგვიზღუდავს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა, აქტივისტმა თუ რიგითმა მხარდამჭერმა, პროტესტის ან საკუთარი აზრის გამოხატვისას, დაიცვას რეგულაციები“, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„შეზღუდვები, რომლებსაც ჩვენ ვაწესებთ, აპრობირებულია სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვების დაწესება-არდაწესება, მათი მასშტაბი ან რაოდენობა დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე და იმაზე, როგორ დავიცავთ დადგენილ წესებს. ეს პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ დამსაქმებლებს ან თითოეულ მოქალაქეს, არამედ პოლიტიკურ პარტიებსაც. არასდროს შეგვიზღუდავს გამოხატვის თავისუფლება და პოლიტიკური პროცესი და კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს არჩევნების შედეგების შეჯამება და წინ მეორე ტური გველოდება. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესი ჩვენ ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა, აქტივისტმა თუ რიგითმა მხარდამჭერმა, პროტესტის ან საკუთარი აზრის გამოხატვისას, დაიცვას რეგულაციები. საჭიროა მხოლოდ პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. მოდით, გამოვხატოთ საკუთარი აზრი ისე, რომ არ ვავნოთ სხვას და დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა და ეკონომიკა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.