„მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, არავის და მით უმეტეს, კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკურ ძალებს არ მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას“, - ამის შესახებ კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის გენერალური მდივნის თქმით, ოპოზიციის მიერ გუშინ, საჩივრების განხილვისას მოწყობილი დემოსნტრაციები ამტკიცებს, რომ ისინი ოქმების დაზუსტებას მხოლოდ არეულობის შექმნის საბაბად იყენებენ.
„მონაცემების დაზუსტება ადასტურებს, რომ მათი საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ, ფარსია და მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია. „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან დაასრულა და აღკვეთა არჩევნების გაყალბების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელიც საქართველოში სწორედ იმ პოლიტიკური ძალების დამკვიდრებულია, რომლებიც გუშინ დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებდნენ. ასეთ ვითარებაში, აშკარაა, რომ მათ მიერ უბნების გადათვლა მხოლოდ არეულობის შექმნის საბაბად გამოიყენება, რასაც ჩვენ წინასწარ ვვარაუდობდით კიდეც და ბევრი ბრიფინგიც გავმართეთ ამის შესახებ“, - განაცხადა კალაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ კანონის დამრღვევ ყველა პირს მოეთხოვება პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით და მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოთმინებისთვის, რომელსაც ისინი ამ დღეების განმავლობაში იჩენენ.
„ყველა, ვინც შეეცდება პოლიციელის თუ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლის ღირსების ხელყოფას, უმკაცრეს პასუხს მიიღებს“, - განაცხადა კალაძემ.