„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მივაღწიეთ საბოლოო შეთანხმებას 2021 წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მან აღნიშნა, სსფ-სთან მოლაპარაკებების დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება როგორც მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ისე მომავალი წლის ბიუჯეტის სტრუქტურაზე.
„2021 წლის ბიუჯეტის სტრუქტურა აგებულია კვლავ ორ ძირითად მიმართულებაზე. ერთი, კვლავ მიმართული იქნება კოვიდ 19-ის შედეგად დაზარალებული სფეროებისა და ადამიანების მაქსიმალურად შემსუბუქებისკენ, მეორე იქნება ფისკალური სტიმული და ეკონომიკის სტიმულირება. ჩვენ, როგორც ყველას, იმედი გვქონდა, რომ მომავალი წელი მსოფლიოს მასშტაბით იქნებოდა პოსტკრიზისული წელი და შესაძლებლობა იქნებოდა საუბარი ეკონომიკის უფრო მეტ სტიმულირებაზე, თუმცა სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ეს ასე არ მოხდა, ამიტომ ჩვენ გვექნება, პრაქტიკულად, ისეთივე საბიუჯეტო ფილოსოფია, როგორიც იყო 2020 წელს, რაც ნიშნავს, რომ თანხები მიიმართება იმ ზიანის კომპენსაციასა და შემსუბუქებაზე, რასაც კოვიდი ყოველდღიურად გვაყენებს და ამავე დროს, გაგრძელდება ეკონომიკის სტიმულირების პროცესი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ბიუჯეტის განხილვის პროცესი პარლამენტში გაგრძელდება.
„ბიუჯეტის პროექტის დეტალური განხილვის შესაძლებლობა იქნება დეკემბერში, პარლამენტში, რომელსაც იმედი მაქვს, რომ დაესწრებიან ჩვენი ოპონენტები, მათი პასუხისმგებლიანი ნაწილი მაინც“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.