„როდესაც შენს მიერვე აღიარებული, უამრავი პოლიტპატიმარი გყავს, ამ პოლიტპატიმრების გასამართლებაში მონაწილე მოსამართლეები და პროკურორები არ უნდა დააწინაურო. ადამიანები, რომლებმაც საშინელ სპეცოპერაციებში მიიღეს მონაწილეობა და ახალგაზრდების მკველელობის უშუალო მონაწილეები არიან, ასეთ დანაშაულებში ეჭვმიტანილები წინაურდებიან", - განაცხადა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კონტროლის პალატის ყოფილმა ხელმძღვანელმა სულხან მოლაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ქართული კანონმდებლობის აღსრულების იდეის გარშემო.
„მოვუწოდებთ ყველას, ვისაც არ გვემეტება საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ოჯახი გასაწირად და დასაღუპად, გავერთიანდეთ. გუშინ მივესალმე ადამიანს, რომელიც წინა ხელისუფლების ზონდერი იყო, დღეს ის შეიარაღებული დაცვით დადის. არჩევნების წინ გაქცეული იყო, დღეს კი ამაყად დაიარება დაცვის თანხლებით. ეს საზოგადოების აპათიას იწვევს", - განაცხადა მოლაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა ყველას სურს, მაგრამ ეს პროცესი ერთიანი ძალებით არ ხდება.
„რამ დაგვაჩაჩანაკა ყველანი ერთად?! კარგი ხელისუფლება ვაშლის გათლას კი არ დააბრალებდა ბაჩო ახალაიას, არამედ იმ სისხლის გუბეებზე მოსთხოვდა პასუხს, რომლებიც „რეზბალნიცაში" იდგა. ამის მოწმე მე ვარ პირადად, სისხლის სუნი იდგა გადატვირთულ „რეზბალნიცაში". რომელ 7 გვამზეა ლაპარაკი, როცა ჩვენ, პატიმრებმა 3 ათეულ გვამზე მეტი დავითვალეთ", - განაცხადა სულხან მოლაშვილმა.