საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა პოლიტპატიმრობასაც არ დააჯერა და თბილისის პოლიციის მთვარი სამმართველოს შენობაში სასტიკად აწამა, დღეს პოლიტდევნილის სტატუსით საფრანგეთში ცხოვრობს და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელმაც იგი საბოლოოდ და ოფიციალურად უნდა აღიაროს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად. სულხან მოლაშვილი „ასავალ-დასავალს" საფრანგეთიდან ესაუბრება.
- ბატონო სულხან, რა ეტაპზეა თქვენი საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლოში?
- ჩემი საქმის განხილვა დასრულების სტადიაშია და უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა სააკაშვილის ავადასახსნებელი ხელისუფლების სრული ფიასკო! დიახ, სტრასბურგის სასამართლოს ისღა დარჩენია, ჩემს საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადოს და საბოლოოდ დაამტკიცოს, რომ ჩემს მიმართ ადგილი ჰქონდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.
სტრასბურგის სასამართლო, როგორც წესი, სახელმწიფოს აკისრებს დაზარალებულის სასარგებლოდ მცირეოდენი თანხის - 5, 6, 10 ათასი ლარის გადახდას, თითქოს, რამდენიმე ათასი ლარით განიზომებოდეს ის ტრაგედია, რაც სააკაშვილ-ბოკერია-ადეიშვილის ფაშისტურმა ხელისუფლებამ დაატეხა თავს საკუთარ ერს! ამ ტრაგედიის მასშტაბების წარმოსადგენად თუნდაც ერთი პატარა შტრიხი იქნებოდა საკმარისი - წარმოიდგინეთ, სააკაშვილის ციხეებში სპეციალურად მომზადებული ჯალათი პატიმრები ჰყავდათ, რომლებიც გვამებს „აფუჭებდნენ" - შინაგან ორგანოებს აჭრიდნენ, რათა ექსპერტიზას პატიმრების გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი ვერ დაედგინა!
იყო შემთხვევები, როცა ე.წ. რესბალნიცის მორგში მე და ჩემი თანასაკნელები გარდაცვლილი პატიმრის ცხედარს ვყარაულობდით, რათა მისთვის ამოცლილი ორგანოების - ფილტვების, გულის, კუჭის ნაცვლად, დამპალი ფიცრები და ნაჭრებში გახვეული აგურები არ ჩაელაგებინათ! არ მინდა, ჩამოვთვალო იმ გარდაცვლილი პატიმრების გვარები, რომელთა ცხედრებს ასე ვყარაულობდით!
ამ საშინელი და საზარელი დანაშაულების საკომპენსაციოდ რა თანხა შეიძლება დაადგინოს სასამართლომ?!
- მაშ, თუ არა ფულად თანხას, რას ჩათვლით იმ ზიანის კომპენსაციად, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ მოგაყენათ?
- ეს მხოლოდ ჩემი პირადი პრობლემა არ არის, ეს საზოგადო სატკივარია, რომელიც არა მარტო სულხან მოლაშვილს, არამედ ასეულ ათასობით საქართველოს მოქალაქეს აწუხებს!
ყველა მოსამართლე, პროკურორი და გამომძიებელი, რომლებმაც სააკაშვილ-ბოკერია-ადეიშვილის ფაშისტური რეჟიმის პირობებში უკანონო განაჩენები გამოიტანეს, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ!
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობდა დებულება, რომელიც წინასწარი შეცნობით, უკანონო განაჩენის გამოტანისათვის, მოსამართლის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა! სააკაშვილის ხელისუფლებამ კოდექსიდან ეს მუხლი ამოიღო, რითაც ყურმოჭრილ მონა-მოსამართლეებს ხელშეუხებლობის გარანტია შეუქმნა!
თუ გვინდა, რომ მომავალში მაინც გვქონდეს სამართლიანი სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ეს მუხლი უნდა აღდგეს!
- ბატონო სულხან, დღევანდელი ხელისუფლება არ აპირებს თქვენი წამების გამოძიებას და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას?
- ჩემს წამებასთან დაკავშირებით, საქმე ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს აღიძრა, მაგრამ გამოძიება დღემდე გაჩერებულია!
ვაცხადებ, საერთაშორისო საზოგადოების, ევროკავშირის და NATO-ს წარმომადგენლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის გასაგონად - გიგა ბოკერია და ზურაბ ადეიშვილი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ჩემს წამებაში!
დიახ, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში ჩემი წამება განხორციელდა იმ ოთახის გვერდით, სადაც ისხდნენ ბოკერია და ადეიშვილი! ისინი იმ დღეს საგანგებოდ სტუმრობდნენ პოლიციის მთავარ სამმართველოს, რათა უშუალოდ გაეწიათ ორგანიზება ჩემი წამებისათვის!
კვლავ მივმართავ უცხოელ დიპლომატებს - თუ ვინმესთან საქართველოს ბედ-იღბალზე საუბარი სურთ, ამისათვის გიგა ბოკერიასნაირ ადამიანებს ნუ აირჩევენ, რადგან იგი იმ სისხლისმსმელთა ოლიგარქის წარმომადგენელია, რომელმაც საშინელი კვალი დაამჩნია ქართველ საზოგადოებას!
როგორ მოხდა, რომ „ვარდების რევოლუციამდე" ერთი ჩვეულებრივი არქიტექტორი - გიგა ბოკერიას მამა - რევოლუციის შემდეგ თბილისის მერიაში ყველა ტენდერს იგებდა და უცებ წარმატებული ბიზნესმენი გახდა?!
გადახედოს ვინმემ ამ ტენდერების კანონიერებას! დაინტერესდნენ უცხოელები ამ თემით და მერე გვასწავლონ ჭკუა!
- თქვენ თქვით, რომ ბოკერია და ადეიშვილი უშუალოდ მონაწილეობდნენ თქვენს წამებაში. შეგიძლიათ, დააკონკრეტოთ, რა ფორმით მიიღეს მათ მონაწილეობა ამ დანაშაულში?
- როგორც მოგახსენეთ, ისინი იყვნენ ჩემი წამების უშუალო ორგანიზატორები! მე პირადად დავინახე ბოკერია და ადეიშვილი პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთ ოთახში, ერთი თუ ორი ოთახის მოშორებით კი, ჩემი წამება განხორციელდა!
როგორ ფიქრობთ, ისინი შემთხვევით იმყოფებოდნენ იქ იმ დღეს? როგორ გგონიათ, ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს წარმომადგენლების პოლიციაში სტუმრობის დროს, ვინმე გაბედავდა პატიმრის წამებას, თუ ეს დირექტივა თავად მათგან არ მოდიოდა?!
თუ მიუკერძოებელი საგამოძიებო ჯგუფი გამოიძიებს ბოკერიას ქმედებებს, კონკრეტულად, ჩემი წამების შემთხვევაში და სხვა პატიმრებთან მიმართებაში, ე.წ. ციხის ბუნტის დროს, თუ გამოიძიებენ უშიშროების საბჭოს აპარატის ხარჯებს და სხვა ფაქტებს, გიგა ბოკერია ძალიან მძიმე მუხლებით მოხვდება ჯერ განსასჯელის სკამზე, შემდეგ კი - ციხეში!
დიახ, გიგა ბოკერიას ადგილი ციხეშია!
- ბატონო სულხან, როგორ ფიქრობთ, თქვენი წამება უშუალოდ ბოკერიასა და ადეიშვილის ინიციატივა იყო თუ მათ დირექტივა სააკაშვილისაგან მიიღეს?
- რა თქმა უნდა, დირექტივა სააკაშვილისაგან მოდიოდა! ჩემი წამების მიზანი რა იყო? უნდა დამეწერა ორად-ორი წინადადება, რომ თითქოს მე, როგორც კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ედუარდ შევარდნაძის დავალებით ვახორციელებდი მაშინდელი ოპოზიციის - სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკურ დევნას!
იმხანად, კონტროლის პალატის მიერ შედგენილი აუდიტორული დასკვნების ნაწილი უკვე გამოქვეყნებული იყო, ნაწილი კი, გამოსაქვეყნებლად გახლდათ გამზადებული.
ახალი დამთავრებული გვქონდა თბილისის საკრებულოს შემოწმება, რომელსაც სააკაშვილი თავკაცობდა და თანხებს „უპრაგონოდ" ხარჯავდა! ასევე ახალი დამთავრებული გვქონდა იუსტიციის სამინისტროს შემოწმება, სადაც ნათლად გამოიკვეთა სააკაშვილისა და ოქრუაშვილის მიერ წარმოებული დანაშაულებრივი ფინანსური პოლიტიკა!
- დაბოლოს, ბატონო სულხან, თქვენ პოლიტდევნილის სტატუსით ცხოვრობთ საფრანგეთში, სადაც სულ ახლახან ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს და ხელბორკილდადებული მიიყვანეს პოლიციაში დაკითხვაზე, სააკაშვილი კი გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემასაც არ კადრულობს და პროკურატურაში მოწმის სახით დაბარების მიუხედავად, დაკითხვაზე არ გამოცხადდა. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- როცა სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე არ ცხადდება, ამით შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს, მართლმსაჯულების სისტემას და ვიტყოდი, საკუთარ თავსაც-მეთქი, მაგრამ მისი სული ისედაც გათახსირებულია და შეურაცხყოფის მიყენება აღარ სჭირდება!
დიახ, პროკურატურაში გამოუცხადებლობით სააკაშვილი ადასტურებს, რომ მშიშარა მდაბიოა, იმასთან ერთად, რომ იგი არის დამნაშავე! დღევანდელი დღე თუ არა, მომავალი მაინც, ენით აღუწერელ საშინელებებს გვამცნობს სააკაშვილის პიროვნების შესახებ! დიახ, აუცილებლად დადგება ეს დრო!
ჯაბა ხუბუა