როდესაც საუბარია რევოლუციურ სცენარზე, ეს არის მძიმე სამართალდარღვევა და აქედან გამომდინარე ლოგიკური იქნება თუ სხვა სამართლებრივ ზომებს მიიღებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვერც სააკაშვილი, გვარამია, ჭანკოტაძე და ვერც შაშკინი საქართველოში რევოლუციურ სცენარებს ვერ განახორციელებენ, ამისთვის მათ არც სუფთა წარსული, ხალხის მხარდაჭერა და არც გონებრივი შესაძლებლობები არ ეყოფათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე საოლქო კომისიებთან არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ეს აჩვენებს ოპოზიციის დაბალ პოლიტიკურ კულტურას, რაზეც მიანიშნებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ხელმძღვანელი, სამწუხაროდ საქართველოში პოლიტიკური კულტურა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. როდესაც ხდებოდა ხმების გადათვლა, რაც არის უპრეცედენტო მოვლენა ქართულ საარჩევნო ისტორიაში, ნაცვლად კონსტრუქციული გამოვლენისა ამ პროცესის პარალელურად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ატარებენ აქციას, რაც კიდევ მოწმობს მათ დაბალ პოლიტიკურ კულტურას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.