შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.
შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.გ. და 1986 წელს დაბადებული რ.გ.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ზუგდიდში, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისში ფარულად შეაღწიეს. დ.გ.-მ და რ.გ.-მ აღნიშნულ ოფისში ტელევიზორი და კომპიუტერული ტექნიკა მოიპარეს, პოლიციამ ორივე პირი შემთხვევის ადგილზე დააკავა.
ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა"-ს ოფისი, წუხელ გვიან ღამით გაქურდეს. პარტიის წევრების ინფორმაციით, წაღებული იყო კომპიუტერული ტექნიკა და ტელევიზორი.