„ჯანმრთელობის სავარაუდო პრობლემების გამო, ვლადიმერ პუტინი იანვარში თანამდებობას დატოვებს“, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია მოსკოვის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დეილი მეილის“ ინფორმაციით, კრემლის ცნობილი კრიტიკოსი, პროფესორი ვალერი სოლოვეი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს შესაძლოა, პარკინსონის დაავადების სიმპტომები ჰქონდეს.
სოლევეი ამტკიცებს, რომ პუტინის პარტნიორი ალინა კაბაევა, ასევე მისი შვილები მარია ვორონცოვა და კატერინა ტიხონოვა, რუსეთის პრეზიდენტს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
„ის აპირებს, რომ გადადგომის გეგმებზე საჯაროდ იანვარში ისაუბროს. პუტინი მალე დანიშნავს ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც მისი საბოლოო მემკვიდრე გახდება“, – აცხადებს ვალერი სოლოვეი.
ბრიტანული მედიის ცნობით, დამკვირვებლებმა შეისწავლეს პუტინის ბოლოდროინდელი კადრები, სადაც ჩანდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა, პუტინის შესაძლო ავადმყოფობის შესახებ ცნობას „სრული სისულელე“ უწოდა და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვს.