logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში თუნდაც ძალადობრივი გზით დაბრუნების რესურსი არ გააჩნია!
- +

8 ნოემბერი. 2020. 03:06

 

 

„ასავალ-დასავალთან“ საუბარში საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი აცხადებს, რომ ახალი პარლამენტის უპირველესი ამოცანა “ნაცმოძრაობის” აკრძალვა უნდა იყოს:

 

– “ნაცმოძრაობა”, როგორც პოლიტიკური ძალა, რომელსაც სერიოზული ცვლილებების მოხდენა და ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლია, აღარ არსებობს. დიახ, კრიმინალური ნაცბანდა აბსოლუტურად განადგურებულია და პოლიტიკურ სიცოცხლეს მხოლოდ საკუთარი ტელევიზიების ეთერში აგრძელებს, როგორც ბუტაფორია!

 

– თქვენ ბუტაფორია ეძახეთ და „ნაცები ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იქაჩებიან!

 

– გარწმუნებთ, მათი ნებისმიერი გაქაჩვა და წაფაფხურება კრახისთვის არის განწირული! „ნაცები“ მუდმივად გვიჩიჩინებენ, რომ მათი მმართველობის 9 წელი აღარ უნდა ვახსენოთ და დავიწყებას მივცეთ. დიახ, გვეუბნებიან, რომ დავივიწყოთ ადამიანების წამება, გაუპატიურება და დახოცვა. დავივიწყოთ კუდ-ის სამმართველოს უფროსის მიერ ზღვაში გადაყრილი ცხედრები, დავივიწყოთ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე ცემით მოკლული ადამიანები და მაღაზიის სახურავზე გადამალული მათი გვამი. დავივიწყოთ ათიათასობით ადამიანი, რომელმაც გლდანის ციხის ე.წ. კარანტინი გაიარა. დიახ, თურმე ეს ყველაფერი აღარ უნდა გავიხსენოთ და ამ მკვლელებსა და მანიაკებს ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება მივცეთ! ნურას უკაცრავად! – როგორც მათი გაქცეული ბელადი სააკაშვილი იტყოდა. „ნაცების“ 9-წლიან რეჟიმს ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს ისევე, როგორც ებრაელებს არ დაავიწყდებათ ჰოლოკოსტი და როგორც ჰიტლერის საკონცენტრაციო ბანაკებგამოვლილთა შთამომავლობას მუდამ ემახსოვრება ფაშისტური რეჟიმი!

 

– თქვენ სოციალურ ქსელში გააქილიკეთ „ნაცმოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, რომელმაც აქციაზე განაცხადა – მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა ერთად გამოაცხადესო! როგორ ფიქრობთ, დეკანოიძეს მექანიკური შეცდომა მოუვიდა თუ საქართველოს უახლეს ისტორიას ელემენტარულ დონეზეც არ იცნობს?

 

– არავითარი მექანიკური შეცდომა, ესენი უვიცები არიან და თანაც, ბოროტი უვიცები. დიახ, ხატია დეკანოიძემ, რომელიც სააკაშვილის მთავრობაში მეცნიერებისა და განათლების მინისტრი იყო, ისიც არ იცის, რომ 1989 წლის 13 ოქტომბერს ტრაგიკულად დაღუპული მერაბ კოსტავას 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიასთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობას ვერანაირად გამოაცხადებდა!

 

მახსოვს, ჯერ კიდე 2013 წლის მარტში გამოქვეყნდა „ასავალ-დასავალში“ დიდი ქართველი მოქანდაკის, აწ განსვენებული მერაბ ბერძენიშვილის წერილი, რომელშიც იგი ქართულ „ნიურნბერგის პროცესისა“ და დამნაშავე რეჟიმის გასამართლების აუცილებლობაზე საუბრობდა, მაგრამ ვისაც უნდა შეესმინა, იმან არ შეისმინა!

 

– „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ დღეებშივე განაცხადა „ნაცებს“ მოვექცევით არა ისე, როგორც ისინი იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ჩვენს კულტურას ეკადრებაო?

 

– როგორ შეიძლება კულტურულად მოვექცეთ იმას, ვინც ჩვენი კულტურა შეურაცხყო და ქართველი კაცის ღირსება ფეხქვეშ გათელა ან რა უფლება გვაქვს, მკვლელებსა და მწამებლებს სხვების მაგივრად მივუტევოთ?! დიახ, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძის, გურამ შარაძის, გია კრიალაშვილის, სულხან მოლაშვილის, სერგო თეთრაძის, რომან შავაძის, დათო ცინდელიანისა და „ნაცრეჟიმის“ მიერ დახოცილი სხვა ადამიანების ოჯახები თუ არ მიუტევებენ, მე ვინ მომცა უფლება, მკვლელებს მათ ნაცვლად ვაპატიო?! კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებ – „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ უნდა მოიკვეთოს! დიახ, ახალი პარლამენტი აუცილებლად უნდა მიუბრუნდეს „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას და „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალოს! არ შეიძლება პოლიტიკურ ველზე არსებობდეს დამნაშავე ძალა, რომელიც მუდმივად დესტრუქციულ რეჟიმში ამყოფებს მოსახლეობას. არ შეიძლება კრიმინალებისა და სახელმწიფო დამნაშავეების ხროვას ჰქონდეს საკუთარი ტელეარხები, რომელიც დეზინფორმაციით, ბილწსიტყვაობითა და სიძულვილით წამლავენ საზოგადოებას!

 

– და ბოლოს, აქვს თუ არ „ნაცმოძრაობას“ რევოლუციისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის რესურსი?

 

– „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში თუნდაც ძალადობრივი გზით დაბრუნების არავითარი რესურსი არ გააჩნია? „ნაცების“ მხარეს არის რამდენიმე ათეული ყოფილი სამხედრო და ძალოვანი, რომლებიც თითქოს პუტჩის საფრთხეს წარმოადგენენ, მაგრამ მეორე მხარეს დგას ქართველი ხალხი, რომელიც ფაშისტების ხელისუფლებაში დაბრუნებას არასოდეს დაუშვებს!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner