„ზეწოლისა და მუქარის აღნიშნული ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს ჩვენ საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ზეწოლა, მუქარა და მკვლელობა არის ამ პოლიტიკური პარტიის ხელწერა, რომლითაც ის გამოირჩეოდა 9 წლის მანძილზე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტს.
მისი თქმით, სწორედ თავისი დანაშაულებრივი წარსულისა და აწმყოს გამო მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მკაცრი პასუხი ქართული საზოგადოებისგან და იწვნია მძიმე მარცხი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში
„გვინდა გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტის დაკავებას, რომლებმაც განახორციელეს ზეწოლა და მუქარა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის მიმართ, რის შედეგადაც 43 წლის ახალგაზრდა ადამიანი რამდენიმე საათში გულის შეტევით გარდაიცვალა.
ზეწოლისა და მუქარის აღნიშნული ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს ჩვენ საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ზეწოლა, მუქარა და მკვლელობა არის ამ პოლიტიკური პარტიის ხელწერა, რომლითაც ის გამოირჩეოდა 9 წლის მანძილზე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ვხედავთ, რომ საქმიანობის ამ ფორმებსა და მეთოდებს ისინი არ იშლიან, არც ოპოზიციაში ყოფნის პირობებში.
უპირველეს ყოვლისა, სწორედ თავისი დანაშაულებრივი წარსულისა და აწმყოს გამო მიიღო ამ პოლიტიკურმა ძალამ მკაცრი პასუხი ქართული საზოგადოებისგან და იწვნია მძიმე მარცხი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა აქტივისტი, რომელიც შეეცდება ადამიანებზე ზეწოლას და მათ დაშინებას, მიიღებს პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.
მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები თედო გობეჯიშვილისგან კონკრეტული განცხადებების გაკეთებას ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი რეპრესიებით ემუქრებოდნენ.
თედო გობეჯიშვილის გარდაცვალებას „ნაცმოძრაობის“ წევრების ზეწოლას უკავშირებს ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძეც.