თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
როგორც ოფიციალურ ცნობაშია აღნიშნული, ერდოღანმა განუცხადა პუტინს, რომ სომხეთი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან უნდა გავიდეს და ასევე, უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ამასთან, კრემლის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ერდოღანსა და პუტინს შორის მოლაპარაკებებისას, რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთის ლიდერს მას და აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის გამართული კონსულტაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების გზების ძიებას.
შეგახსენებთ, დღეს დილით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არმიამ ქალაქი შუშა დაიკავა.
სომხეთში აცხადებენ, რომ ქალაქ შუშასთან საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.