ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა კახეთის რეგიონის რამდენიმე რაიონი დააზარალა. 2030.news-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ქალაქ თელავს მიაყენა. ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს კავკასიონისა და ალაზნის გამზირებზე სახურავები გადახადა.
ასევე, თელავისა და ალავერდის ტაძრის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ძირფესვიანად მოგლიჯა ხეები. დაწყვეტილი და დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც გურჯაანისა და თელავის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ.
მნიშვნელოვნადაა დაზიანებული საკარმიდამო ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურები.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულ არიან სამაშველო სამსახურის ბრიგადები და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები კახეთში დილიდან დაიწყება.