„2901 ახალი შემთხვევა და 34 გარდაცვლილი!
ძალიან სარისკოა ამ დროს მასობრივი შეკრებები. თუ კონტაქტი 15 წუთზე მეტხანს გრძელდება და დისტანცია 1 მ-ზე ნაკლებია, ინფიცირებულისგან გადადების შანსი ძალიან მაღალია! ხოლო როგორც წესი, მიტინგებზე დისტანციის დაცვა საერთოდ არ ხდება“, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ მკვლევარი, თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში წერს.
ის მოქალაქეებს წესების დაცვისკენ მოუწოდებს.
„ახალ ამბებში ვნახე დღევანდელი შეკრებები. კარგია, რომ თბილისში მიტინგის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა გაითვალისწინა აშშ საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობის მოწოდებები და პირბადე მაინც ეკეთათ (ბათუმში მგონი, პირიქით - არავის ეკეთა პირბადე).
მიტინგზე პირბადის ტარება სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჯერ ერთი, პირბადე სწორად უნდა გაიკეთოთ (ცხვირსაც და პირსაც უნდა ფარავდეს) და არა - ყელსახვევივით, თანაც დისტანციის (მინიმუმ - 1 მ!) დაცვაც აუცილებელია, და განსაკუთრებით ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს პირბადეს, თუ მიკროფონთან მისვლისას იხსნიან - მრავალი ადამიანის გამოსვლის შემდეგ ხომ მიკროფონი ყველაზე მეტად სახიფათოა.
- ნუ იქნებით დეზინფორმაციის იმედად, თითქოს "კორონა არ არსებობს" ან "კორონა გრიპზე უფრო მსუბუქია"! ვისთვის მსუბუქია და ვისთვის შეიძლება საბედისწერო გამოდგეს! მთელი ევროპა კარანტინებით და კომენდანტის საათებით არის ჩაკეტილი და ბევრ ქვეყანაში (საფრანგეთი, შვეიცარია, პოლონეთი, ჩეხეთი, ნიდერლანდები) საავადმყოფოები იქაც კი გადავსებულია. ბევრმა ჩვენთაგანმა არც იცის, რა ქრონიკული დაავადებები შეიძლება ჰქონდეს და ხომ ვიცით, რომ ასეთ დროს კოვიდ-19-თან დაკავშირებული გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია.
დაიცავით წესები, გაუფრთხილდით საკუთარ და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას!“ - წერს კირტავა.