„აზერბაიჯანმა წუხელ ქალაქი სტეფანაკერტი კვლავ დაბომბა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შუაღამის შემდეგ აზერბაიჯანულმა ძალებმა სტეფანაკერტი შორი რადიუსის კასეტური რაკეტების გამოყენებით დაბომბეს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. თავდასხმას დედაქალაქში მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში.
შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 27 სექტემბრის შემდეგ სამჯერ შეთანხდნენ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.