ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე, ოპოზიციის მიერ გუშინ ორგანიზებულ აქციას გამოეხმაურა. როგორც მან „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა, აქციაზე რეგულაციები დაცული არ იყო, რაც სავარაუდოდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს.
მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის ლიდერები საზოგადოების წევრების ჯანმრთელობას არ უფრთხილდებიან.
მარინა ენდელაძე:
- კორონავირუსის გავრცელების მხრივ, სახიფათო რომ არის ასეთი აქციები, ამაზე არც შეიძლება მსჯელობა. მითუმეტეს, იმ აქციაზე რეგულაციები არ იყო დაცული. მთელი დღე რომ ერთი ნიღბით იქნები, კიდევ უარესია და არაფრით აუმჯობესებს მდგომარეობას. ეს არის საშინელება, რაც გუშინ მოხდა.
- გუშინდელ აქციაზე მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლიც იყო გამოყენებული, დაამძიმებს თუ არა ეს ფაქტი ეპიდსიტუაციის მირივ მდგომარეობას?
- რაც შეეხება წყლის ჭავლს, რომ გითხრათ, რომ ის ვირუსს გადაიტანს აქეთ-იქით, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ალბათ, არ უნდა მივიყვანოთ წყლის ჭავლის გამოყენებამდე საქმე.
- ზოგადად, ვირუსის გავრცელების მხრივ, რამდენად რთულ ტენდენციას ქმნის ოპოზიციის მიერ გუშინ ორგანიზებული აქცია?
- ეს მიტინგები ეპიდსიტუაციაზე აუცილებლად ცუდად აისახება. უკვე მრჩება შთაბეჭდილება, რომ თავიანთ მოსახლეობას აღარ უფრთხილდებიან. გუშინ ვიღაცისგან გავიგონე, კორონა არ გვადარდებსო. თუ ხალხი ადარდებთ, კორონა უფრო მეტად უნდა ადარდებდეთ, რადგან ხედავენ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ინფექცია. ყველა ხვდება, რა ინფექციასთან გვაქვს საქმე და მგონია, რომ საკუთარი ინტერსების შესაბამისად ქმნიან რთულ ეპიდსიტუაციას.
- ამგვარი სახის შეკრებები, დააჩქარებს თუ არა ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო ზომების მიღებას?
- რა თქმა უნდა, დააჩქარებს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის მარტივი ინფექცია და უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, ერთმანეთის ჯანმრთელობა დავიცვათ.