„აქციის გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 22:00 საათის შემდეგ კი, კანონი ყველასთვის მოქმედებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეები, 22:00 საათამდე თუ არ დაიშლებიან, მათ ქმედებას რეაგირება მოჰყვება.
„მე მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. აქციის გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 22:00-ის შემდეგ კი მოქმედებს კანონი ყველასთვის, როგორც ჩემთვის, ისე თქვენთვის თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. სხვა შემთხვევაში რეაგირება მოჰყვება ყველაფერს, რაც იქნება ყველაფერს რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან 18:00 საათზე იკრიბებიან, სადაც მათი თქმით, გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს გააპროტესტებენ.
ცნობისთვის, დღეიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ მიიღო.