ბუნდესტაგის დეპუტატი აქსელ ფიშერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
„შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. დემოკრატია და კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანი ელემენტია საქართველოს წარმატებული ევროპული მომავლისთვის. ეს ფუნდამენტური პრინციპები თითოეული მოქალაქისა და თითოეული პარტიის ვალდებულება უნდა იყოს. გამოწვევები, რომლის წინაშე საქართველო დგას, ძალადობითა და დაყოფით არ უნდა გადაიჭრას. შემდგომი პოლარიზაცია მხოლოდ გაამწვავებს კონფლიქტს. მოვუწოდებ ყველა მხარეს, კანონის უზენაესობის ფარგლებში, მოლაპარაკებებითა და კონსენსუსით გადაწყვიტონ ყველა საკითხი, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსა და დემოკრატიას ზიანს მიაყენებს. სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა მიუღებელია“, - წერს ბუნდესტაგის დეპუტატი.