„თუ ამ საპარლამენტო არჩევნებში ადგილი ჰქონდა არალეგიტიმურ ჩარევას, ასეთი არალეგიტიმური ჩარევა განხორციელდა სწორედ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ის, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქე, უკანონოდ ერეოდა საქართველოს არჩევნებში და მე იმედი მაქვს, რომ დამკვირვებელთა საბოლოო ანგარიშებში, ეს საკითხი იქნება სათანადოდ შეფასებული“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რიტაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებას.
მისივე თქმით, სააკაშვილი დღეს ოპოზიციის ერთიანობას ხელს უშლის.
„ამას პოლიტიკური შეფასებებიც მიეცა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სააკაშვილი არის ის დესტრუქციული პოლიტიკოსი, რომელიც მისივე თანაგუნდელების შეფასებით, არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური წარსულის ნაწილია, მას აქვს პრობლემები საკუთარ წარსულთან და ის არავითარ შემთხვევაში პოლიტიკის მომავალს არ უკავშირდება.
ის დღეს ხელს უშლის ოპოზიციის განვითარებას, ის დღეს ავითარებს უკიდურესად დესტრუქციულ ხაზს, ის მართავს პროცესებს, რომელიც გამოირჩევა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმით, არჩევნებზე თავდასხმით, ის მზად არის, მოქალაქეები, საკუთარი მხარდამჭერებიც კი გასწიროს თავისი პოლიტიკური ამბიციებისთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.