ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, 8 ნოემბერს, ცესკო-ს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„ცესკო-სთან ხალხი მიიყვანეთ, ცესკო-ში შეჭრის პროვოცირება მოახდინეთ, კარგად იცოდით, რომ მოჰყვებოდა პოლიციის რეაგირება.
ატეხეთ აჟიოტაჟი, წყლის ჭავლი როგორ გამოიყენესო. არ დაგიჭირათ მხარი არც მოსახლეობამ, მით უმეტეს რაიონებიდან ჩამოყვანილები მანდ ვერ დადგებიან კვირაობით. არც საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა გაქვთ.
მერე თქვით, ჩვენს მომხრეებს არ უსვრიათ არმატურები და ქვები, მოგზავნილები იყვნენო. ფაქტიურად, ვინც რაიმე ისროლა, ყველაა აღბეჭდილი ტვ-ების მიერ, ყველას განუდექით, ყველა „ჩააბარეთ“. ისე, იმდენი ისროდა ქვას, თუ ყველა მოგზავნილი იყო, თქვენი მომხრე ვიღა იყო?
მთელი დღეებია თავს ესხმით თქვენთვის მიუღებელ ჟურნალისტებს, ამ დროს არც კი უფიქრდებით, თქვენ რომელი ჟურნალისტებიც მოგწონთ, მოსახლეობის რამდენი პროცენტისთვისაა მისაღები. თუმცა, მათ თავს არავინ ესხმით. ისე, გაზომეთ ტელევიზიების რეიტინგები და მიიღებთ საკუთარ რეიტინგებსაც.
თავს ესხმით და ემუქრებით პოლიციელებს. წარმომიდგენია, ხალხს რას უზამთ, ხელისუფლებაში რომ მოხვიდეთ. რამდენი ათას კაცზე გაქვთ შავი სიები? რა მალე დაგავიწყდათ წინასაარჩევნო ბოდიშები?!
9 ნოემბერს შეხვედრა გქონდათ აშშ-ის ელჩთან. ალბათ ყავის დასალევად იყავით. ვერც კი გრძნობთ სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას, თავმოყვარეობას, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის გარეშე ვერაფერს რომ ვერ ვაგვარებთ. ამაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაცაა, აქამდე რომ მივიდა საქმე.
პარტნიორები მოგიწოდებენ თავი შეიკავოთ ძალადობისგან. ამ დროს რას აკეთებთ? სარგებლობთ პოლიტიკური სიტუაციით და ეწინააღმდეგებით პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვას. აქაც თავი დაიზღვიეთ და ახალგაზრდებს უთხარით თავად მიიღეთ გადაწყვეტილებაო. მერე ისევ „ჩააბარებთ“. მთელ ევროპაშია ღამის შეზღუდვები. ზოგი ქვეყანა მთლიანად ჩაიკეტა. თქვენ კი შეზღუდვას აპოლიტიზირებთ. მიუხედავად მოწოდებებისა, პოლიციის პროვოცირებას ახდენთ, აღასრულებენ თუ არა დაწესებულ შეზღუდვას.
სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაგვიმეორეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურანტუნარიან გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით. მსგავს სწრაფ შეფასებებს და, შემდეგ, საკუთარი შეფასებების ასე დაჟინებით დადასტურებას, ვერ ვიხსენებ.
წაიკითხეთ, რას გვეუბნებიან ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და გენერალური მდივანი:
„კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. ამავე დროს, შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში ბოლო პროტესტებს. მივესალმები, რომ ადამიანები იყენებენ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ძალადობის ფაქტები დაუშვებელია. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, რომ იყვნენ მშვიდობიანი. ამავდროულად, ხაზს ვუსვამთ, რომ პოლიციას აქვს ვალდებულება, გამოიჩინოს თავშეკავებულობა დემონსტრანტების საპასუხოდ, ხელისუფლებისთვის აუცილებელია, რომ მოუსმინოს აქციის მონაწილეებს და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, – აცხადებს ხოჯა.
„მოვუწოდებ ყველა აქტორს, ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში, გადალახონ ამჟამინდელი პოლარიზაცია და იმუშაონ ერთად სტაბილური პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად და ამავე დროს, მიაქციონ ყურადღება საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მიერ მიღებულ გზავნილებს. მსურს, გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი, არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების შესწავლის ინკლუზიური პროცესისათვის“, – განაცხადა პია კაუმამ.
„საქართველოში ბოლო ოცი წლის განმავლობაში არჩევნებსა და შემდგომი პოლიტიკურ მოვლენებზე დაკვირვებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე გამოიჩენს მაქსიმალურ თავშეკავებულობას და გამოავლენს პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და ერთგულებას საერთო სიკეთისადმი, უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცების მიზნით“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ.
ჰოდა, რა გასაანალიზებელია ეს ჩვენი შიდა პოლიტიკა?!“ - წერს სალუქვაძე.