logo_geo
eng_logo
სომხური მედიის ინფორმაციით, რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროები მთიან ყარაბაღში მონიტორინგის ცენტრს შექმნიან
- +

10 ნოემბერი. 2020. 10:08

 

 

 

რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროები მთიან ყარაბაღში მონიტორინგის ცენტრს შექმნიან. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, ქვეყნების თავდაცვის სამინისტროები ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნის შესახებ სპეციალურ შეთანხმებას 10 ნოემბერს მოაწერენ ხელს. ცენტრის მიზანი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება იქნება.

 

მონიტორინგის ცენტრის მუშაობა შეთანხმების მე-5 პუნქტით განისაზღვრა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აწერენ ხელს.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. სომხეთის პრემიერმა მოგვიანებით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

 

შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა ბაქოს ქუჩებში. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც, რომლის თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“. ალიევის განმარტებით, შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს.

 

უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მთიან ყარაბაღში 2 000-მდე რუსი მშვიდობისმყოფელის განლაგებას ითვალისწინებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner