„ის, რომ ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ლიდერმა განაცხადა მზაობა დიალოგისთვის, მისაღებია ჩვენი გუნდისთვის, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი მსგავს დიალოგზე საუბარს, თუ ჩვენი მოქალაქეების მიერ, 31 ოქტომბერს გაკეთებული არჩევანი იქნება გათვალისწინებული და აღიარებული“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრი გივი მიქანაძე, „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშაძის განცხადებაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა რეაქცია საზოგადოებას კარგად უჩვენებს ამ პოლიტიკური ძალების რეალურ სახეს.
„რა გაურკვევლობაც და არაკოორდინირებული ქმედებები და ბულინგიც მოჰყვა ამას კონკრეტული პირის მიმართ, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპოზიციის სახეს და მათ არაკოორდინირებულ ქმედებებს. ამიტომ, სწორედ ეს ყველაფერი განაპირობებს საზოგადოების მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ჩვენი საზოგადოება კარგად აფასებს მოვლენებს და იცის, ვის დაუჭიროს მხარი იმისთვის, რომ ქვეყნის კეთილდღეობა, ადამიანზე ორიენტირებული, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პოლიტიკა იყოს უზრუნველყოფილი“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.