ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში დებატების ერთ-ერთი თემა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები იქნება. ასევე შეეხებიან ისეთ თემებს, როგორებიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, დევნილთა უფლებები, ევროპაში ნეონაციზმი და კლიმატის ცვლილებები.
1-5 ივლისს, თბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს. ამჟამად ეუთო-ს მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, პლენარული სხდომა კი, 14:30 საათზე გაიხსნება.
საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ილკა კანერვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაიმაიერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი. სესიას ასევე დაესწრებიან ბოსნია-ჰერცეგოვინის პარლამენტის თავმჯდომარე ბარისა გოლაკი და მონტენეგროს თავმჯდომარე დარკო პაჟოვიჩი.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება პრეზიდენტის არჩევით და „თბილისის დეკლარაციის" მიღებით დასრულდება, რომელშიც ასამბლეის მნიშვნელოვანი განცხადებები, პოლიტიკური რეკომენდაციები და გზავნილები იქნება ასახული. დეკლარაცია ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და ეროვნულ პარლამენტებს გაეგზავნება.