„მოხარული ვარ, რომ მისიამ ცალსახად დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ რეალურ ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად მიღებული გადამწყვეტი ზომები“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშს.
მისი თქმით, რომ ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა მისიის დონეზე მიაღწია შეთანხმებას საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის კიდევ ერთი მიმოხილვის დასრულებაზე.
„ეს გზას უხსნის დონორების მიერ გამოყოფილი დახმარების მიღების გაგრძელებას“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, სსფ-ის მისიამ დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯები.
„მოხარული ვარ, რომ მისიამ ცალსახად დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ რეალურ ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად მიღებული გადამწყვეტი ზომები.
მსურს, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს გაწეული სამუშაოსათვის. ამ ორგანიზაციის განუხრელი მხარდაჭერა კიდევ უფრო განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ისეთ რთულ ვითარებაში, რომელშიც დღეს გლობალური ეკონომიკა იმყოფება“, – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.