logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: თუ ეს ოქმები გაყალბებული იყო, მაშინ რას აკეთებდა უბნებზე ოპოზიციის 11 500 წარმომადგენელი?
- +

11 ნოემბერი. 2020. 00:32

 

 

„გასაგებია, რომ რა შედეგითაც არ უნდა დამთავრებულიყო არჩევნები, „ნაცმოძრაობა“ ამ გზით აპირებდა წასვლას, ეს ჩანდა გაზაფხულზეც, როდესაც მათ არ მისცეს ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს და საარჩევნო კოდექსს“, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ „იმედის“ ეთერში გააკეთა.

 

მისივე თქმით, ოპონენტები ჩიხში შევიდნენ ულტიმატუმის წამოყენების გამო, რადგან, ყველა საერთაშორიო დამკვირვებელი თუ დიპლომატიური უწყება აღნიშნავს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული.

 

„ჩემთვის გაუგებარია, რას აპროტესტებენ ეს ადამიანები. გასაგებია, რომ რა შედეგითაც არ უნდა დამთავრებულიყო არჩევნები, „ნაცმოძრაობა“ ამ გზით აპირებდა წასვლას, ეს ჩანდა გაზაფხულზეც, როდესაც მათ არ მისცეს ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს და საარჩევნო კოდექსს, მაგრამ ეს ბარიერი ჩვენ იმისთვის დავწიეთ, რომ პატარა პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში და ორპოლუსიანობა არ ყოფილიყო ისევ. რას აპირებს ახლა ეს 7 პარტია? ისინი კოალიციაში შევლენ „ნაცმოძრაობასთან“ თუ ჰიპოტეტურ ვარიანტში ხელისუფლებაში მოვიდნენ? მათ ჯამში 19% დააგროვეს და ეს რიცხვი ერთი ერთში ემთხვევა როგორც პარალელურ დათვლას, ასევე ეგზითპოლებს. თვითონ თუ ჩამოყალიბდებიან და იტყვიან, რა უნდათ, შემდეგ უკვე დიალოგის გზების გამონახვა მარტივი იქნება.

 

დღეს ისინი დაკომპლექსებულები არიან „ნაცმოძრაობის“ მიერ და ამ ბულინგს თავი უნდა დააღწიონ. ამისკენ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებაც.

 

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ოღონდ ის უნდა იყოს კონსტრუქციული და ფანტასტიკურ მოთხოვნებს არ უნდა ეფუძნებოდეს.

 

ისტორიაში პირველად გადაითვალა ამდენი უბანი საქართველოში. გარდა ამისა, 3847 უბნიდან მხოლოდ 3 უბნის ოქმი აღმოჩნდა ისეთი, რომელსაც არ ჰქონდა ყველა პარტიის ხელმოწერა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ უბნებზე ოპოზიციას ჰყავდა 11 500 წარმომადგენელი და ამ ადამიანებმა ხელი მოაწერეს ოქმებს. თუ ეს ოქმები გაყალბებული იყო, მაშინ რას აკეთებდა უბნებზე ეს 11 500 ადამიანი? ხოლო თუ ისინი საკუთარ 11 500 თანამშრომელს არ ენდობიან, მაშინ რა პრეტენზია აქვთ ქვეყნის მართვაზე ან ოპოზიციაში ყოფნაზე? ჩამოაყალიბონ გარკვევით თავიანთი მოთხოვნები, თქვან, სად ხედავენ პრობლემებს, დავსხდეთ, გავიაროთ სათითაოდ ყველა მონაცემი და ვნახოთ, სად არის პრობლემა“, - აცხადებს სამხარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner