აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 13-23 ნოემბერს გაემგზავრება საფრანგეთში, თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ყატარსა და საუდის არაბეთში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თბილისში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა გამოხატოს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიულ რეფორმებში შემდგომი პროგრესისკენ. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებში დაგეგმილ ვიზიტებს, საფრანგეთში მაიკ პომპეო შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანს და სხვა მაღალჩინოსნებს, რა დროსაც განიხილავს ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას ეკონომიკის, უსაფრთხოების, ტერორიზმისა და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაიკ პომპეოს ვიზიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. საგარეო უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.