logo_geo
eng_logo
The Washington Times: 31 ოქტომბრის დემოკრატიული არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება, საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, განამტკიცოს თავისი როლი შავი ზღვის რეგიონში
- +

11 ნოემბერი. 2020. 13:18

 

 

„31 ოქტომბრის დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ მმართველმა პარტიამ, საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, განამტკიცოს თავისი კონსტრუქციული როლი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შავი ზღვის რეგიონში“, - წერს The Washington Times.

 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ახალარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური მოვლენაა, რომელიც იპყრობს მთელი მსოფლიოს ყურადღებას, თუმცა მაშინ, როცა ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ემზადება ჩაიბაროს ამერიკის საგარეო პოლიტიკა, მსოფლიოს სხვა კუთხეში ჩატარებული კიდევ ერთი არჩევნები დაეხმარება ამერიკულ ინტერესებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავკასიის რეგიონში და შავი ზღვის აუზში.

 

„31 ოქტომბრის დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ქართული ოცნების მმართველმა პარტიამ, საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, განამტკიცოს თავისი კონსტრუქციული როლი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შავი ზღვის რეგიონში. მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამერიკის ეროვნულ ინტერესებშია თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს მომავალ მთავრობასთან, რომელიც მტკიცედ მიიწევს დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების გაფართოებისკენ. საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღებით აშშ-ის სენატს შეუძლია მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ამ პროცესში.

 

საქართველოს არჩევნები ცხადყოფს, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, მიუხედავად წარსულში არსებული არასტაბილურობის პერიოდებისა. პოსტსაბჭოთა ისტორიის ადრეულ ეტაპზე საქართველოში ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებას კონკურენტ პოლიტიკურ ფრაქციებს შორის და მოსკოვის მიერ გაღვივებულ სეპარატისტულ კონფლიქტებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ბოლო 3 საარჩევნო ციკლის განმავლობაში ქვეყანამ ამ უკიდურესად ფეთქებად რეგიონში დიდი სარგებელი ნახა მზარდი სტაბილურობის და საზოგადოებრივი კონსენსუსის წყალობით“ - წერს სტატიის ავტორი.

 

აქვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირისა და ეუთოს დამკვირვებელთა დასკვნით, ხსენებული არჩევნები, მიუხედავად ხარვეზებისა, იყო კონკურენტული და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამ შეფასებას მხარი დაუჭირა აშშ-ის საელჩომაც. ქართული ოცნების მმართველმა პარტიამ მოიპოვა ხმათა 48%. მას ასევე შეუძლია ფართო საპარლამენტო მხარდაჭერის მოპოვება COVID-19 პანდემიის ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებთან საბრძოლველად. „საპარლამენტო დემოკრატიად საქართველოს ტრანსფორმაციაში წვლილი შეიტანეს აშშ-მა და ევროკავშირმა. ისინი შუამდგომლობდნენ პარტიათა შორის შეთანხმების მიღწევის პროცესში, რათა მომხდარიყო გადასვლა სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც უკეთ ასახავს ქართველ ამომრჩეველთა სპექტრს და უზრუნველყოფს პარლამენტში პარტიათა უფრო ფართო წარმომადგენლობას.

 

საქართველოს პროგრესი ასევე უნდა გაიზომოს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის კუთხითაც. საქართველო მდებარეობს შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ამბიციების წინა ხაზზე. მაშინ, როცა ნატო მიზნად ისახავს თავისი 3 წევრის (რუმინეთი, თურქეთი და ბულგარეთი) უსაფრთხოების უზრუნველყოფას და საქართველოსა და უკრაინის დახმარებას დამოუკიდებლობის დაცვაში, მოსკოვის მიზანია თავის ყოფილ სატელიტებზე კონტროლი და შავი ზღვის გამოყენება ცენტრალური ევროპის, ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის მიმართულებით თავისი სამხედრო ძალის დემონსტრირებისთვის“, - ამბობს ავტორი.

 

სტატიის თანახმად, რუსეთი ახორციელებს სამხედრო ძალის მასშტაბურ გაფართოებას, რათა მოიპოვოს კონტროლი მთავარ საზღვაო ხაზებზე, სანაოსნო ეკონომიკურ ზონებზე და ენერგორესურსების საბადოებზე - და საქართველო ამ მხრივ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს.

 

„2008 წელს რუსული ჯარები შეიჭრნენ საქართველოში და მოახდინეს მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. მოსკოვი ასევე ცდილობს, შეარყიოს საქართველოს დემოკრატია და ჩამოაშოროს ქვეყანა დასავლური ინტეგრაციის პროცესს, რისთვისაც იყენებს საინფორმაციო და კიბერსფეროს ომს. რუსეთი ქმნის ქვეყნის კიდევ უფრო გათიშვის და იზოლირების საშიშროებას ზღვაზე წვდომის შეზღუდვის და საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში საკუთარ სამხედრო ბაზებზე გასასვლელი დერეფნის შექმნის გზით. ამ მოქმედებებით ასევე გაწყდება ევროპის ენერგეტიკული კავშირები კასპიის ზღვის აუზთან.

 

აზერბაიჯანსა და სომხეთს შრის ომის ესკალაციამ შეიძლება მისცეს მოსკოვს შესაძლებლობა, იმოქმედოს ამ მიზნების მისაღწევად რეგიონში მეტი რუსული ჯარების შეყვანის გზით. საქართველოს ახალი ხელისუფლება მზადაა, განახორციელოს სტრატეგიები, რომლებიც კიდევ უფრო დააახლოებს ქვეყანას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და ნატოსთან. მისი ერთ-ერთი ქვაკუთხედია რეგიონის ეკონომიკური განვითარება, რომელსაც შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დასავლური ინვესტიციების მოზიდვა და ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გაღრმავება.

 

გაეროს გენერალურ ასამბლეაში გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ თბილისი მომავალშიც გაამახვილებს ყურადღებას ქვეყნის, როგორც რეგიონული ცენტრის, წარმოჩენაზე ბიზნესის, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის, განათლებისა და მედიცინის თვალსაზრისით. საქართველოს აქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა ვაშინგტონში. 2016 წლის ივლისში აშშ-მ და საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს 2009 წელს შექმნილი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ. 2019 წელს შეთანხმებული იქნა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სამუშაო ჩარჩო. საქართველოს მიმართ სოლიდარობის და მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით ვაშინგტონის მიერ გადადგმული შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღება, რომელმაც 2019 წლის შემოდგომაზე უკვე გაიარა წარმომადგენელთა პალატა და ამჟამად განიხილება სენატში.

 

ამ აქტში ხაზგასმულია აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა, ასევე კონკრეტულადაა განმარტებული სფეროები, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ერთ-ერთ სფეროს, სადაც შესაძლებელია პრაქტიკული თანამშრომლობა, წარმოადგენს კიბერუსაფრთხოება, რომელიც სარგებელს მოუტანს ორივე პარტნიორს რუსული კიბერშეტევების საპირწონედ შესაბამისი ინსტრუმენტების და ცოდნა-გამოცდილების გაზიარების წყალობით. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით დროულია იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ახლახან წაუყენა ბრალი რუსეთის სამხედრო დაზვერვის 6 ოფიცერს - ბრალდების თანახმად, მათ დასავლური ორიენტაციის რამდენიმე ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) წინააღმდეგ განახორციელეს კიბერშეტევები.

 

საქართველოს მხარდაჭერა თავისი ტერიტორიის და კიბერსივცრის დაცვაში იქნება პოზიტიური გზავნილი აშშ-ის სხვა მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის, რომელთა მტკიცე გადაწყვეტილებაა საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა. საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ ევროპაში მომძლავრებული ნაციონალიზმის, პოპულიზმის, იზოლაციისკენ ტენდენციების და გარე ზეწოლის მიუხედავად, დემოკრატიული სისტემები უკეთ არიან აღჭურვილნი დივერსიისგან თავის დასაცავად და მათ შეუძლიათ წვლილის შეტანა დასავლეთის უსაფრთხოებაში“, - ნათქვამია სტატიაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner