კატალონიის რეგიონული მთავრობა ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებს სთხოვს, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თავი შეიკავონ ლაპარაკისა და ჭამა-სმისგან.
უსაფრთხოების ამ ზომის დაცვას კატალონიაში მეტროს, მატარებლის, ტრამვაისა და ავტობუსის მგზავრებს 9 ნოემბრიდან უწევთ.
მატარებლის ზოგიერთი ხაზზე მოძრავ შემადგენლობებში გამოიყო „სიჩუმის ვაგონები“, სადაც ლაპარაკისგან თავის შეკავება არა თხოვნა, არამედ მოთხოვნაა.
კატალონიის ტერიტორიისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დამია კალვეტის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში „სიჩუმის ვაგონების“ რაოდენობა გაიზრდება, რათა ხალხს პირი დახურული ჰქონდეს და შესაბამისად, არ მოხდეს ნერწყვის ნაწილაკების გავრცელება, რომლებითაც COVID-19 ვრცელდება.
კალვეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კატალონიის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ლაპარაკისა და ჭამა-სმისგან თავის შეკავება მხოლოდ რეკომენდაციაა და არა ვალდებულება.
სიჩუმის ვაგონები არ იმოძრავებს მეტროში და ეს ზომა არც ავტობუსებს შეეხება, მაგრამ ლაპარაკისგან თავის შეკავების რეკომენდაცია იტრიალებს ტრანსპორტის მეგაფონში.
მინისტრის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვა რეგიონში ამჟამად საკმაოდ დაბალია, 50-60 პროცენტი სამუშაო დღეებში და 70-80 პროცენტი შაბათ-კვირას.
კატალონიის მასშტაბით საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე დახურულია რესტორნები და ბარებიც, მოქმედებს მხოლოდ გატანის სერვისი.
კატალონიის მოსახლეობა 7,5 მილიონს შეადგენს და პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით დაინფიცირდა 300 000 ადამიანი.