„პომპეოს ვიზიტის მიზანია მოკავშირეებთან ურთიერთობების გამყარება. თუ გადახედავთ ტურნეს თანმიმდევრობას, პომპეო ჩადის ყველაზე მეტად საიმედო მოკავშირე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ეს ვიზიტი ასევე მნიშვნელოვანია კავკასიაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე“, - ამის შესახებ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
„საქართველომ მიიღო მხარდაჭერის ორი ძალიან სერიოზული გზავნილი - ერთი აშშ-ის ადმინისტრაციისგან, მეორე კი სენატისგან. 17-18 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ეს ვიზიტი წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის უპრეცედენტოდ მაღალი დონის და სტრატეგიული მნიშვნელობის ურთიერთობების დადასტურებას და კიდევ ერთხელ აღიარებას. პომპეოს ვიზიტის მიზანია მოკავშირეებთან ურთიერთობების გამყარება. თუ გადახედავთ ტურნეს თანმიმდევრობას, პომპეო ჩადის ყველაზე მეტად საიმედო მოკავშირე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ეს ვიზიტი ასევე მნიშვნელოვანია კავკასიაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე. დემოკრატიული სამყაროს ლიდერი - აშშ, მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს და ამ პროცესების გამოვლინება იყო 31 ოქტომბრის არჩევნები, რომლებიც ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. დიდ მადლობას ვუხდით აშშ-ს უწყვეტი და მზარდი მხარდაჭერისათვის, რომელიც გამოიხატება როგორც დიპლომატიის, ასევე პოლიტიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ამ მხარდაჭერის მიზანი იყო, არის და იქნება საქართველოს სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება“, - განაცხადა ხელაშვილმა.