„მომავალ წლებში საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდა 5.3 პროცენტი იქნება და ჩვენ არა მარტო რეგიონის, არამედ ევროპის ლიდერები ვიქნებით“, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) ეფექტიანად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ პანდემისათან ბრძოლა, რაც, ამ ორგანიზაციის აზრით, დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკიის ზრდაზე.
მომავალ წლებში საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდა 5.3 პროცენტს შეადგენს და ჩვენ არა მარტო რეგიონის, არამედ ევროპის ლიდერები ვიქნებით ამ მაჩვენებლით. გარდა ამისა, მომავალ წელს ეკონომიკის ზრდამ 4.3 პროცენტი უნდა შეადგინოს.
წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელ მისიასთან გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვაზე. სსფ-ის აღმასრულებელ საბჭოზე მისი დამტკიცების შემდეგ, საქართველო, დამატებით მიიღებს, დაახლოებით, 112.1 მლნ აშშ დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით.
სსფ-ის მისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთავრობამ დროულად განახორციელა როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური ღონისძიებები, რამაც ქვეყანაში შეაკავა პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური და სოციალური გავლენები”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.