ერევანში თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის 79 მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ Armenpress-ს პოლიციაში აცნობეს.
საპროტესტო აქციას 17 ოპოზიციური პარტია მართავს, ისინი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „ნიკოლ მოღალატე, ნიკოლ წადი!"
საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსეთ-სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სომხეთმა მთიანი ყარაბაღიდან სამხედრო ნაწილები უნდა გაიყვანოს.
პოლიციამ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, ვინაიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და მიტინგების ჩატარება აკრძალულია.
ცნობისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა.