logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძე: ასოცირების შეთანხმება არის რეცეპტი საქართველოს განვითარებისთვის
- +

1 ივლისი. 2016. 12:56


სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმება არის რეცეპტი საქართველოს განვითარებისთვის.



საქართველოსთვის, მისი ევროპული გზისთვის, მისი განვითარებისთვის როგორც კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებაზე, სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის არსებობს ძალიან კარგი რეცეპტი - ეს არის ასოცირების შეთანხმება. ჩვენ ეს დოკუმენტი მივიღეთ და ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება სწორედ ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ათწლეულების განმავლობაში ევროპული საზოგადოება ჩამოყალიბდა ყველაზე განვითარებულ, უსაფრთხოებაზე და სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებულ საზოგადოებად. ეს საკანონმდებლო ბაზა ჩვენთვის ხელმისაწვდომია ასოცირების შეთანხმების ფორმით, რომელსაც ჩვენ თანდათანობით ვნერგავთ და ვახორციელებთ ჩვენს კანონმდებლობაში. გარდა ჩვენი ევროპული ინტეგრაციისა, ეს ემსახურება ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მაღალი ხარისხის ინტეგრაციას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან", -  განაცხადა ბაქრაძემ.



რაც შეეხება ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედებას, დავით ბაქრაძის განმარტებით, აქამდე მოქმედებდა ევროკავშირის, როგორც ინსტიტუტის კომპეტენციაში არსებული საკითხები, სრულად ამოქმედების შემდგომ კი უკვე წევრი ქვეყნების კომპეტენციაში არსებული საკითხებიც სრულად ამოქმედდება.



საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება დღეიდან სრულად ამოქმედებულია. 2016 წლის 1-ელ ივლისს ამოქმედებულ მუხლებს შორისაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული ნაწილი, სადაც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ.



ასევე, სრულად ამოქმედდა მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, გარდა ამისა თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ, საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, კორპორაციული სამართალი, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, კორპორაციული მმართველობა, განათლება და ჯანდაცვა.



ასევე, ძალაში შევიდა შეთანხმების ორი დარჩენილი დანართი, რომლებიც ეხება განათლების და ახალგაზრდობის, ასევე, აუდიოვიზუალურ და მედიის სფეროებში თანამშრომლობას.



შეგახსენებთ, რომ ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, 2014 წლის 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner