ავტორი ნინო ჯიბუტი
„ნაციონალურმა მოძრაობამ" პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სია გაუგზავნა, სადაც ჩამოთვლილია 2012 წლის არჩევნების შემდეგ გახმაურებული და გამოუძიებელი საქმეები. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ირაკლი ბათიაშვილი ოპოზიციური პარტიის ამ გადაწყვეტილებაზე „რეპორტიორთან" საუბრისას, რამდენიმე საქმეს იხსნებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გამოუძიებელი დარჩა. ბათიაშვილის თქმითვე, „ნაციონალური მოძრაობა" გახმაურებულ საქმეებს არ იძიებდა, იმ მიზეზით, რომ დანაშაულის ჩამდენი თავად იყვნენ, რისი გამოძიებაც თავისთავად მათ ინტერესებში არ შედიოდა.
„ნაციონალური მოძრაობის" მიერ მსგავსი სიების შედგენა ჩვენში განსაკუთრებულ ირონიასა და აღშფოთებასა იწვევს. პირველ რიგში, გადავხედოთ იმას, რაც მათი მმართველობის პერიოდში ხდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ გამოუძიებელი საქმეები იყო. იმ საქმეების, რომლებიც ეხებოდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს, რომლებიც უამრავია. ეს გამოუძიებელი საქმეები ეხებოდა არა მხოლოდ რაღაც დანაშაულებს ვიღაც მოქალაქეების მიერ ჩადენილს, არამედ დანაშაულებს, რომელიც თავად ხელისუფლების წარმომადგენლების, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ იყო ჩადენილი, რაც საქვეყნოდ ცნობილია.
ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ აწამეს სულხან მოლაშვილი, წამებით როგორ მოკლეს სერგო თეთრაძე, როგორ მოკლეს გია კრიალაშვილი და დაცხრილეს კობა ოთანაძე, როგორ სცემეს სიკვდილამდე კობა დავითაშვილი, ვალერი გელაშვილი, როგორ საშინლად სცემეს ვახტანგ ლაღიძე. ამ თავდასხმებს ვიღაც მოქალაქეები კი არ აწყობდნენ, არამედ თავად სამართალდამცავი ორგანოების, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი ზონდერები აწყობდნენ. ამას უამრავი სხვა გამოუძიებელი საქმეები ემატება, რომელზეც დიდი კითხვის ნიშნები დგას. მაგალითად, როგორ შეუვარდნენ და დააყაჩაღეს ყოფილი პროკურორი ლაური ჯანაშია, ეს საქმე საერთოდ გამოუძიებელი დარჩა. დღევანდელ ხელისუფლებას შეიძლება უსაყვედურო ის, რომ რაღაცას ვერ აკეთებს ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ წინა ხელისუფლების შემთხვევაში საქმე გვქონდა არა უბრალოდ იმასთან, რომ რაღაცას ვერ აკეთებდა, არამედ, შეგნებულად არ იძიებდნენ! თავისივე წინააღმდეგ ხომ არ გამოიძიებდნენ...
როდესაც თავდასხმა მოაწყეს ვალერი გელაშვილზე, სიკვდილამდე სცემეს, მერე თვითონ ხომ არ გამოიძიებდნენ თავისივე ჩადენილ დანაშაულს... როდესაც კობა დავითაშვილი წაიყვანეს მიტინგებიდან და თითქმის ცემაში ამოხადეს სული, მერე სადღაც ტყეში დააგდეს, ეს ხომ ფაქტია?! - წინა ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიების არავითარი სურვილი და მცდელობაც არ ჰქონიათ. იგივე გირგვლიანის მკვლელობის საქმე, კერძოდ, ვისი დაკვეთითაც იყო, უშუალოდ ვინ იყვნენ ნამდვილად ჩარეული, მაღალი თანამდებობის პირები შს სამინისტროში, ეს საქმე შეგნებულად არ იყო გამოძიებული. ამიტომ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" გამოუძიებელი და გახმაურებული საქმეების სიას წარადგენს, ჩვენში მძაფრ რეაქცის იწვევს.
თუმცა, მეორე მხრივ, გამართლებული არაა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას რაღაცეები არ მოვთხოვოთ იმის გამო, რომ წინა ხელისუფლების დროს უარესი ხდებოდა. ჩვენ წინ, მომავლისკენ უნდა ვიყუროთ და წარსულზე კი არ ვილაპარაკოთ. საზოგადოებაში არსებობს სერიოზული პრეტენზიები, უკმაყოფილება, შიშიც დანაშაულის მატებასთან დაკავშირებით. ზოგადად ვისგანაც არ უნდა იყოს პრეტენზია წამოსული, ხელისუფლება ამაზე სერიოზულ განგაშს უნდა ტეხდეს, ვინაიდან მართლაც ბევრი გამოუძიებელი საქმეა, რაც თავისთავად გამოსწორებას საჭიროებს", - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.