„ჩვენ ბოლო მომენტამდე ვინახავთ ვარიანტებს, გვაქვს დრო წლის ბოლომდე. დასაწყისში ვიხრებოდით სრული დაფარვისკენ, თუმცა გამწვავებული პანდემიის პირობებში და მსოფლიო ეკონომიკაში არსებული გაურკვევლობის გამო უფრო ვიხრებით რეფინანსირებისკენ. ნებისმიერ შემთხვევაში ევრობონდთან დაკავშირებით მივიღებთ ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
„სავალუტო ფონდის დარწმუნება არ გაგვჭირვებია. ეს ძალიან ადეკვატური ორგანიზაციაა, განსაკუთრებით კი კრიზისების დროს. მათ კარგად გაიაზრეს, რა მასშტაბის კრიზისთან გვაქვს საქმე მსოფლიოში. შესაბამისად, არ ყოფილა მძიმე მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან მათ ზუსტად იციან, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის კუთხით მნიშვნელოვანი იყო ხარჯების გაზრდა, დეფიციტის გაზრდა. დიდი ალბათობით, რეფინანსირებას გავაკეთებთ. ჩვენ ბოლო მომენტამდე ვინახავთ ვარიანტებს, გვაქვს დრო წლის ბოლომდე. დასაწყისში ვიხრებოდით სრული დაფარვისკენ, თუმცა გამწვავებული პანდემიის პირობებში და მსოფლიო ეკონომიკაში არსებული გაურკვევლობის გამო უფრო ვიხრებით რეფინანსირებისკენ. ნებისმიერ შემთხვევაში ევრობონდთან დაკავშირებით მივიღებთ ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ ვირტუალურ ფორმატში მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით იმუშავა მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით. გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის სსფ-ის აღმასრულებელ საბჭოზე დამტკიცების შემდეგ, საქართველო დამატებით მიიღებს, დაახლოებით, 112.1 მლნ აშშ დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით.