logo_geo
eng_logo
ფრიდონ თოდუა: გული მტკივა, არ მინდა, დავიჯერო...
- +

1 ივლისი. 2016. 13:51


ამ მასალის ქართველი მკითხველისთვის წარდგენა საჭიროდ მივიჩნიეთ ბოლო პერიოდში ტელევიზიითა და მედიის სხვა საშუალებებით ე.წ. სამედიცინო ტურიზმის, ანუ ქართველი პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, პირდაპირ ვთქვათ, გადაბირების გაუთავებელი მოწოდებებისა და სარეკლამო კამპანიის გამო. ხან თურქეთის კლინიკებს გვახარბებენ, ხან - ისრაელისას... თითქოს საქართველში არც მედიცინა არსებობს, არც ექიმები გვყავს და არც ისეთი კლინიკები გაგვაჩნია, რომლებშიც პაციენტს სრულყოფილ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ... მოდური გახდა საკუთარის უარყოფა და მაინცდამაინც გადამთიელის ქება-დიდება... ამ პრობლემაზე გვესაუბრება საქართველოში ცნობილი კლინიკის, უმძლავრესი სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ცენტრის, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელძღვანელი, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა.


 

- მართლა ასე უჭირს დღეს ქართულ მედიცინას თუ რაიმე სხვა, უფრო კომერციულ, ვიღაც კერძო პირების ინტერესებზე დაფუძნებულ ტენდენციასთან გვაქვს საქმე?


- უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის წამოჭრისთვის. რამდენიმე დღის წინათ ვუყურე რაღაც მსგავს ტელეგადაცემას და, სიმართლე გითხრათ, ძალიან შევწუხდი. გული მტკივა, არ მინდა, დავიჯერო, რომ ჩვენთან ამას მავანთა ინტერესების გამო აკეთებენ, რომ სხვათა ინტერესების რეკლამირება უფრო ღირებულია ჩვენთვის, ვიდრე გადარჩენილი სიცოცხლე, რომ სხვისი კარგი გვირჩევნია ჩვენს გაცილებით უკეთესს. ქალაქი სავსეა ამგვარი ბილბორდებით; საქართველოში სოკოებივით მომრავლდა უცხოეთის კლინიკების „წარმომადგენლობები", რომლებიც სამედიცინო სერვისთან ერთად ლამის უფასო მგზავრობასა და სხვა კომფორტს სთავაზობენ პაციენტებს; ვერ გამიგია, რატომ უშვებენ ჩვენი ექიმები პაციენტებს უცხოურ კლინიკებში, თითქოს არც იციან, რომ მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი, დიდი ხანია, დანერგილია საქართველოშიც ან უარესი - იციან და მაინც სხვას ურჩევენ. უამრავი თანხა იხარჯება; უამრავი, გაუბედურებელი ოჯახი ბრმად ენდობა „კეთილ" რჩევას და, ისედაც დიდი პრობლემების წინაშე მდგარი, უფრო ირთულებს მდგომარეობას.


მძიმე სენის წინაშე უმწეოდ დარჩენილი პაციენტებისთვის რთულია სწორი ტაქტიკისა და პრიორიტეტების განსაზღვრა და სწორედ აქ მუშაობს რეკლამა.


არც ერთი ქვეყნის მედიცინის, არც ერთი ექიმის დაკნინება არ მინდა. თითქმის ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას ვიცნობ, ბევრი კლინიკის შესაძლებლობა პირადად მაქვს შესწავლილი. ვამაყობ იმით, რომ დღეს საქართველოში არსებობს ის ტექნიკური შესაძლებლობები და ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც ბევრი განვითარებული ევროპული ქვეყნისთვისაც კი სანატრელია. ამაში გარკვეული წვლილი მეც მაქვს შეტანილი, მაგრამ ახლა მთავარი ეს არ არის, მთავარი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას, ქართველ პაციენტებს აქვთ ის, რაც არ აქვს ბევრი ევროპული პრესტიჟული კლინიკის კონტინგენტს. ბევრჯერ მითქვამს და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო: ქართველი ერის მთავარი სიმდიდრე, რომლითაც შეუძლია იამაყოს, არის მისი ინტელექტუალური პოტენციალი. საქართველოში გვაქვს სამედიცინო მიმართულებები - კეთდება პრაქტიკულად ყველა სახის გამოკვლევა და სამკურნალო ჩარევა, იქნება ეს ონკოლოგია, ქირურგია, ნეიროქირურგია, კარდიოქირურგია, რადიოლოგია თუ სხვა.


რადიოლოგია მედიცინის ერთ-ერთი დინამიკური და სწრაფად განვითარებადი დარგია. ალბათ, არც ერთ სხვა დარგში ასე მოკლე პერიოდში არ მომხდარა ამდენი რევოლუციური ნახტომი: ახალ-ახალი თაობის კომპიუტერული ტომოგრაფები, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატები, ბირთვული მედიცინის განვითარება, სხივური თერაპიის მიღწევები ისე შემოიჭრა მედიცინაში, რომ დღეს ქირურგია, კარდიოლოგია, ონკოლოგია თუ მედიცინის ნებისმიერი სხვა დარგი წარმოუდგენელია რადიოლოგიის გარეშე.


გვყავს კარგად მომზადებული სპეციალისტები. კარგია, როცა ჩვენი თანამემამულენი საზღვარგარეთ აღწევენ მნიშვნელოვან წარმატებებს. ნებისმიერი ქვეყანა სიხარულით უღებს მათ კარს. საბედნიეროდ, ქართველებს გვახასიათებს განსაკუთრებული ნოსტალგია, რომელსაც ადრე თუ გვიან სამშობლოში მოვყავართ. ვიცნობ ძალიან ბევრ არაჩვეულებრივ ექიმს, რომლებმაც კარგი განათლება მიიღეს საზღვარგარეთ და ახლა აქ მოღვაწეობენ.


მაშ, რატომ უნდა წავიდნენ ჩვენი პაციენტები უცხოეთში?


ვერ გეტყვით, ვის ინტერესებს ემსახურება, „სამედიცინო ტურიზმის" რეკლამა, მაგრამ, ჩვენი მოქალაქეებისას რომ არა, ცხადია.

 

- მაშასადამე, საზღვარგარეთ წასვლას არ მოაქვს რაღაც განსაკუთრებული სარგებელი?


- ნამდვილად ასეა. მეტსაც გეტყვით, დღეს საქართველოში არის რამდენიმე ხაზოვანი ამაჩქარებელი, მათ შორის, ამერიკული ფირმა „ვარიანის" 2 უახლესი თაობის truebeam ჩვენს ინსტიტუტშია განთავსებული. ეს არის აპარატები, რომლებიც საშუალებას იძლევა, ონკოლოგიურ პაციენტებს ჩაუტარდეს წერტილოვანი, მიზანმიმართული დასხივება და რადიოქირურგიული (უსისხლო) ოპერაციები. დღეში, საშუალოდ, 150 პაციენტს უტარდება სხივური თერაპია ამ ორ აპარატზე.


შედეგი საოცარია: ერთი კვირის წინათ მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას ამავე ფირმის მესამე ხაზოვანი ამაჩქარებლის შეძენაზე. ამჟამად ეს იქნება უახლესი, 2016 წლის მოდელი - რადიოქირურგიული სისტემა EDGE Radiosurgery system. ასეთი აპარატი სულ 21-ია მსოფლიოში, მათგან 16 ამერიკაშია და მხოლოდ 5 - ევროპაში. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპას, თურქეთსა და სხვა აზიურ ქვეყნებს შორის, სადაც დამონტაჟდება ასეთი კლასის აპარატი. აღარაფერს ვიტყვი სხვა რადიოლოგიური ტექნიკის კონცენტრაციაზე (კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ქირურგიის შესაძლებლობები), რომელიც დღეს ხელმისაწვდომია ქართველი პაციენტებისთვის.


- ხელმისაწვდომია? ასეთი ძვირადღირებული აპარატურისა და სერვისის ფასებს გაწვდება კი ჩვენი მოსახლეობა?


- ჯერ ერთი, სახელმწიფო ძალიან დიდ შეღავათს უკეთებს პაციენტებს. საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს როგორც გადაუდებელ, ისე გეგმურ ქირურგიულ ოპერაციებს, ქიმიოთერაპიას, რადიოთერაპიას, მიუხედავად მოქალაქის ასაკისა და სოციალური კუთვნილებისა. რამდენი ქვეყანა შეგიძლიათ დამისახელოთ, რომელშიც დაფინანსება საყოველთაოა? ცნობილია, რომ უმეტესად განვითარებულ ქვეყნებში მუშაობს სადაზღვევო მედიცინა. მეორე მხრივ, საზღვარგარეთ ასეთი დონის მკურნალობა 10-15-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენთან. იმ პაციენტების უმრავლესობას, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან სადიაგნოსტიკოდ და სამკურნალოდ, როგორც წესი, ბოლო კაპიკამდე ამოაწურინებენ სახსრებს და ასე ისტუმრებენ შინ. რომ იცოდეთ, რამდენი ამნაირი მოდის შემდეგ ჩვენთან ინსტიტუტში და გაოგნებული იგებს, რომ ზუსტად იგივე და კიდევ უფრო კარგი მკურნალობის ჩატარება შეიძლება თურმე საქართველოში და თანაც - გაცილებით იაფად.


- შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ თქვენს ინსტიტუტში ყველა ის მიმართულებაა დანერგილი, რომლებიც დღეს თანამედროვე მედიცინას გააჩნია? რას იტყვით, მაგალითად, PET-ზე, რომელიც, როგორც ვიცი, არ გაქვთ, არადა, ყველაზე ხშირად სწორედ PET-ის გასაკეთებლად მიდიან საზღვარგარეთ, რადგან იგი ლამის პანაცეად არის მიჩნეული ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკაში?


- აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დღეს მსოფლიოში აღინიშნება ონკოლოგიური დაავადებების სიხშირის მატების განუხრელი ტენდენცია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში კიბოს 14 მლნ-ზე მეტი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. არ არის გასაკვირი, რომ ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის პრობლემები მსოფლიო ჯანდაცვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად იქცა.


საქართველოში ყოველწლიურად აღირიცხება 14 000-მდე ახალი ონკოლოგიური პაციენტი. აქვე აღსანიშნავია, რომ რეალურად ონკოლოგიურ დაავადებათა შემთხვევების მატებას ხელი შეუწყო დიაგნოსტიკის მეთოდების სრულყოფამაც.


მოდით, შევთანხმდეთ, რომ ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში პანაცეა არ არსებობს. ონკოლოგია მულტიდისციპლინური დარგია.


ყველა მეთოდს, იქნება ეს პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული, კომპიუტერული თუ ნებისმიერი სხვა, აქვს თავისი უპირატესობა და კონკრეტული ჩვენებები. ყველა ეს მეთოდი შეავსებს ერთმანეთს, მაგრამ ერთი მეორეს არ ჩაენაცვლება. რაც შეეხება PET-ს, ანუ პოზიტრონულ ემისიურ ტომოგრაფიას, იგი უდავოდ მნიშვნელოვანი და ინფორმაციული მეთოდია ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკაში. „ზოგიერთი" იმიტომ ვთქვი, რომ ამ მეთოდის გამოყენება 36 ძირითადი ონკოლოგიური ნოზოლოგიიდან მიზანშეწონილია მხოლოდ 9 დაავადების შემთხვევაში. დანარჩენი პათოლოგიების დროს მას არ ენიჭება მაღალი ინფორმაციული როლი. დიდია PET-ის მგრძნობელობა ლიმფომების, ფილტვის წვრილუჯრედული კიბოს, თავ-კისრის სიმსივნეების დროს; საკმაოდ შეზღუდულია თავის ტვინის, პროსტატის, ღვიძლის, ძუძუს კიბოს პირველად დიაგნოსტიკაში, უკუნაჩვენებია ორსულებისთვის, სიფრთხილით გამოიყენება 18 წლამდე ბავშვებში. საკმაოდ კარგია უცნობი პირველადი კერის დასადგენად და ბიოფსიის ადგილის შესარჩევად, თუმცა ვერავითარ შემთხვევაში ვერ ცვლის ბიოფსიას და ვერ ხედავს 8 მმ-ზე ნაკლები ზომის წარმონაქმნებს.


გავიმეორებ - კვლევის სხვადასხვა მეთოდი ავსებს ერთმანეთს, მხოლოდ მათი ერთობლიობა იძლევა სრულ საბოლოო სურათს, რომელიც აუცილებელია ზუსტი დიაგნოზისა და ამ ზუსტ დიაგნოზზე დამყარებული მკურნალობის სწორი ტაქტიკის შესარჩევად.


ჩვენს ინსტიტუტში სპეციალურად აშენებულ მესამე კორპუსში სექტემბრისთვის განთავსდება სხივური თერაპიის ის უახლესი აპარატი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ და ბრაქითერაპიის ახალი განყოფილება. როგორც ერთ-ერთი ვარიანტი, განიხილება PET-ის შეძენაც, მაგრამ გამოგიტყდებით, კიდევ უფრო ახალ, ამბიციურ გამოწვევებზეც ვფიქრობთ... მანამდე კი, ჩვენს ძირითად თემას რომ დავუბრუნდეთ, არც PET-ის გადასაღებად არის აუცილებელი საზღვარგარეთ გამგზავრება - უკვე 2 წელიწადზე მეტია, დგას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში (ინგოროყვას კლინიკაში). ამასთანავე, ფაქტია, რომ მრავალი დაავადებისას PET-ის შესაძლებლობებს სრულად ასრულებს მთელი სხეულის mrt კვლევა, ეგრეთ წოდებული Whole body MRI, რომელსაც საერთოდ არ აქვს არავითარი დასხივება და აბსოლუტურად უსაფრთხოდ გამოიყენება ბავშვებში.


- ბატონო ფრიდონ, თქვენ ახსენეთ უსაფრთხოება. როგორც ცნობილია, რენტგენი, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა და PET-იც გარკვეულწილად მაინც გულისხმობს დასხივების რაღაც დოზას. რამდენად საშიშია ეს პაციენტისთვის?


- ეს ის თემაა, რომელზეც, როგორც წესი, არ საუბრობენ. ეს გამოკვლევები დაფუძნებულია გამა-გამოსხივებაზე, შესაბამისად, კვლევის შედეგად ხდება პაციენტის სხივური დატვირთვა, რომელსაც, შესაძლოა, ხშირად სავალალო შედეგი მოჰყვეს, განსაკუთრებით - ბავშვებში. ნებისმიერი კვლევის მეთოდის გამოყენებისას გულმოდგინედ უნდა იქნას შესწავლილი ყველა ჩვენება და უკუჩვენება, შეფასდეს რისკი და მისი აუცილებლობა გამოკვლევის შედეგის ინფორმაციულობის თვალსაზრისით. მაგალითისთვის: PET-ის ერთჯერადი დასხივების დოზა 1,5-ჯერ აღმატება წლიურ დასაშვებ ნორმას. არადა, ხშირად მსმენია, რომ საზღვარგარეთ სწორედ პეტ-ის გასაკეთებლად მიემგზავრებიან, ზოგჯერ მაშინაც კი, როცა ეს გამოკვლევა სულაც არ არის აუცილებელი.


ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო თაობის მანქანებზე კვლევა უფრო სწრაფია, შესაბამისად, მცირდება გამოსხივების პერიოდი და დოზა. ახალი აპარატები აღჭურვილია სპეციალური უსაფრთხოების სისტემებით. ეს ეხება სხივური თერაპიის აპარატებს, კომპიუტერულ ტომოგრაფებს, ნებისმიერი სახის რენტგენოლოგიურ ტექნიკას, პეტ-სისტემებს. ასე მაგალითად, SIEMENS-ის PET CT-ის 2016 წლის მოდელს უპეცედენტოდ დაბალი სხივური დატვირთვა აქვს. სწორედ ამიტომ, როგორც რადიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ყოველთვის ვურჩევ ჩემს კოლეგებს, კლინიკების ხელმძღვანელებს, შეიძინონ ბოლო თაობის აპარატები და არა ძველი, ევროპაში უკვე ექსპლუატაციიდან გამოსული საეჭვო ვარგისიანობის დანადგარები. მხოლოდ ასე შეიძლება როგორც პაციენტის, ასევე იმ ექიმის დაცვა, რომელიც მსგავს აპარატურაზე მუშაობს.



ესაუბრა არმაზ სანებლიძე


P.S. დარწმუნებული ვართ, რომ ბატონ ფრიდონ თოდუას საუბარი გაარკვევს ჩვენს მოქალაქეებს, რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საქმეში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner