საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ 80 წლის იუბილე პირადად მიულოცა რეზო გაბრიაძეს და ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო - „ხელოვნების ქურუმი" გადასცა.
მწერალი, დრამატურგი, მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 1936 წლის 29 ივნისს ქუთაისში დაიბადა. იგი არის 35-ზე მეტი ფილმის ავტორი, მათ შორის - „მიმინო", „არ იდარდო", „ქინ-ძა-ძა", „შერეკილები", „არაჩვეულებრივი გამოფენა", „სამნი გზაზე" და ა.შ.
1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დაარსა, რომელმაც არაერთი წარმატებული სპექტაკლი წარმოადგინა და დღემდე მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს. გაბრიაძის თეატრის პროგრამაში ოთხი სპექტაკლია: „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა", „სტალინგრადი", „რამონა" და „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი". თეატრს მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ საერთაშორისო ფესტივალში.
რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები - „ნიკა", „ტრიუმფი", „ოქროს ნიღაბი", „ოქროს სოფიტი", „ცარსკოსელსკაია პრემია", შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.