ავტორი არმაზ სანებლიძე
„იგი გენიალური იმპროვიზატორია"
შტრიხები რეზო გაბრიაძის პორტრეტისთვის
გენიალური, მოულოდნელი, განუმეორებელი. გადაშალეთ მისი კალმიდან გამოსული ნებისმიერი წიგნი ნებისმიერ გვერდზე, ახლავე, სანამ ამ წერილის წაკითხვას განაგრძობთ, და დარწმუნდებით, რომ მართალს ვამბობ.
ხელთ არ გაქვთ არც ერთი?
მაშინ მენდეთ, მე გადავშლი წიგნს, მაინცდამაინც ახლა რომ მიდევს მაგიდაზე _ „კილეშერები" („შერეკილები"). გვერდი 35.
ერთაოზი მარგალიტა ამყოლაძეს მკერდზე დაკიდებულ მედალიონზე („რომელშიც ტრიფონიას ფოტო იყო ჩადებული") დაიფიცებს, რომ სიტყვას ვერ დააცდენინებენ ხუტა ოდიშარიას „მკვლელობაზე".
„- შემომფიცე!
- ვფიცავ! ამ მკვდრის წონა ოქრო რომ მომცენ, სიტყვას ვერ დამაცდენინებენ! - ტუჩებით ემთხვია მედალიონს! მედალიონი გაექცა ერთაოზს და სიღრმეებში დაემალა! ერთაოზმა მის ძებნაში გორები გადაიარ-გადმოიარა! ნახა და ისევ გამოეკიდა!
საათმა სამჯერ ჩამოჰკრა.
მარგალიტამ ძლივს აიგლიჯა ერთაოზი! მედალიონი დაკეტა და ზურგს უკან გადაიგდო, დამალა".
ახლა უეჭველად დამიჯერებთ.
ამიტომ წერენ, რომ გენიალური იმპროვიზატორიაო.
„გაბრიაძე ყოველთვის იყო ემიგრანტი. ჟურნალისტიკიდან წავიდა კინოში, კინოდან - ლიტერატურაში, იქიდან - თეატრში. მუდმივად და ყველა ადგილიდან გარბოდა ფერწერასა და ქანდაკებაში, მოსკოვიდან - თბილისში, თბილისიდან - ლენინგრადში... მას წარმართავდა არა მხოლოდ თავისუფლების იდეა, რომელიც გაფეტიშებული იყო სამოციანელების მიერ, არამედ უნიკალური, ლამის „რენესანსული", მრავალსახიერი ნიჭიერება".
ამასაც წერენ და ესეც ჭეშმარიტებაა.
ნიჭი ეძებდა სივრცეს, რადგან ვერ ეტეოდა ვერც მეგაპოლისების მხარგაშლილობაში, ვერც რომელიმე ერთი ქვეყნის საზღვრებში; ფართოვდებოდა, იპყრობდა უსასრულობას ადამიანების ბუნებისას, რადგან აღმოცენებული იყო მსოფლიო რუკაზე ერთი შეუმჩნეველი წერტილიდან - ქუთაისიდან და ფრთებშესხმული - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული მადლით.
შემოქმედის მრავალსახიერების შესახებ გია ყანჩელს უთქვამს: „ვიცოდი, რომ იგი მრავალმხრივი ნიჭიერებით იყო დაჯილდოვებული და ყოველთვის მეშინოდა, რომ თავად არ დაეწყო მუსიკის წერა, რადგან მაშინ მე ვეღარ მივიღებდი მონაწილეობას მისი უსასრულო ფანტაზიების რეალიზაციაში".
გაბრიაძის სტილში - თბილი იუმორით გაკეთილშობილებული სიტყვა მსოფლიოში აღიარებული მაესტროსი.
კეთილშობილი შერეკილები.
მწერალი ანდრეი ბიტოვი იხსენებდა, რომ პირველად რეზო გაბრიაძე იხილა „ერთ იღლიაში ამოდებული „დონ კიხოტით", მეორეში - „ვან გოგის წერილებით", რომელთაც არასოდეს განშორებია, მან იცოდა მათი სიკარგე"... იმდროინდელმა კრიტიკოსებმა ზუსტად შენიშნეს, რომ დონ კიხოტი და ვან გოგი „გაბრიაძესთან „შერეკილობის" ნიშნით არიან გაერთიანებულნი, რომ თავადი ფანტიაშვილისა და ხეჩოს, როგორც ლიტერატურული პერსონაჟების, შედარება დონ კიხოტთან სავსებით შესაძლებელია" (ე. კალმანოვსკი). „თავადი (ფანტიაშვილი) ცხარობს, განრისხდება, ბობოქრობს, თავდავიწყებით შეუყვარდება და ამ ყველაფერში გამოსჭვივის რომანტიკული დონკიხოტობის სულისკვეთება, რომელიც გამორიცხავს ხელშესახები მონაპოვრის შესაძლებლობას". ხოლო „გაბრიაძე, რომელიც, იმდენად დონ კიხოტად კი არა, უფრო მის ერთგულ მეაბჯრედ წარმოგვიდგება, თავის ხელოვნებაში ამკვიდრებს რეალურად მიუღწეველ იდეალს".
ამითაა იგი უნიკალური.
ფანტაზიის მიღმისეული, სადღაც ღრუბლებს ზემოდან მოსული, უფლის მადლცხებული ნიჭიერებით იბადება „რეალისტური ფანტასმაგორიები" (დიახ, ასეთი!) ბურთულიანი კალმისტრის (დღეს „პასტას" რომ ეძახიან) „ოსტატზე", რომლის კუსტარული მელნის იისფერობა, როგორც ლაკმუსის ქაღალდი, გაამჟღავნებს მაშინდელი სისტემის ბიუროკრატულ ალოგიკურობას და ქუთაისის მწვანე-იისფერ ქუჩებში გადმოაბრძანებს შაგალის ტილოების მფრინავ პერსონაჟებს;
„ბუდიონოვკაზე" - მარშალ ბუდიონის კავალერისტების წვეტიან-ყურებიან ქუდზე - „შეუსწავლელსა და შეუცნობელზე", რომლის მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას ეწირება პატარა ქალაქის მოსახლეობის ერთი ნაწილის თავისუფლება;
ან ამბავი 70-იან წლებში „აეროფლოტის" ფლაგმანის, რეაქტიული „ტუ-104"-ის სალონში შემთხვევის ნებით მოხვედრილი ადამიანების ურთიერთობაზე, რომელიც მთავრდება ლევ ტოლსტოის წვერივით აბურდული ღრუბლების გავლით ვნუკოვოს აეროპორტში თბილისი-მოსკოვის ერთი ჩვეულებრივი რეისის დაშვებით.
აქაც, როგორც ყველგან და ყოველთვის, პირველწყაროს უბრუნდება - დედამიწას - გაბრიაძის შემოქმედება. მის ამ უპირველეს თავისებურებას განსაკუთრებით აღნიშნავდა შესანიშნავი თეატრალური კრიტიკოსი ევგენი კალმანოვსკი ჯერ კიდევ 35 წლის წინათ: (გაბრიაძის შემოქმედება) „განსაცვიფრებელი სამყაროა, სადაც არაფერი არ არის დასრულებული, დადგენილი, ჩამოსხმული, გამყარებული. ყველაფერი მიედინება, ლივლივებს, გადადის და კვლავ პირველსაწყისს უბრუნდება".
მარინა დმიტრიევსკაიას, მრავალმხრივ საინტერესო წიგნის „რეზო გაბრიაძის თეატრის" (2005 წ., სანკტ-პეტერბურგი) ავტორს, ზუსტად შეუნიშნავს, რომ ძველის ახალში ეს გადასვლა-გადადინება, ახლისა - უახლესში და ასე - თანმიმდევრობით, ბუნების თვითგანახლების პროცესის ფარდია. რაც უკვდავებას ნიშნავს, დავუმატოთ ჩვენ.
შემოქმედების ძალით გახანგრძლივებულ სიცოცხლეს, ზოგჯერ მივიწყებისა და ჩაფერფლვისთვის განწირულის. თავდაპირველი ბრწყინვალების აღდგენასაც ნიშნავს.
ზოგჯერ.
და ამ დასკვნას ერთი დამახასიათებელი მაგალითით გაშიფრავს.
„იმ დროს" პეტერბურგის თეატრალურ მუზეუმში უპოვიათ იმპერატორის კარის გაცრეცილი გარდერობის ნარჩენები, რომლებსაც ის ყავლიც გასვლოდა, როცა ამ კოსტიუმებს იმპერიის პერიოდის ამსახველი სპექტაკლებისთვის იყენებდნენ. დმიტრიევსკაიას, ბატონ რეზოს თხოვნით, შეუგროვებია უტილიზაციისთვის განწირული ეს ნარჩენები და გაბრიაძეც სასწრაფოდ ჩაფრენილა ჩრდილოეთის დედაქალაქში (თბილისიდან ჩამოსვლა მაშინ იოლი იყოო) და თავად შეურჩევია ნაკუწები მარიონეტების სპექტაკლისთვის, რომელშიც მონაწილეობდნენ იმპერატორი არჩილი, პრინცესა ბლანშეფლერ-ეთერი და სხვა დიდებულები.
მათ, შესაბამისად, ისტორიული არტეფაქტების ნარჩენებით, რომლებიც „...შემთხვევით ისტორიის ქარის ტალღაზე ვარსკვლავებით გეზმიცემულები შემოფრინდნენ "საიმპერატორო სპექტაკლში", შეკრეს წრე, გაბრწყინდნენ და სრულყოფილებაშეძენილები ახალი დროის ხელოვნების ნაწარმოებად იქცნენ. იმპერატორი-თოჯინების ტანსაცმელი იკერებოდა ნაკუწებისგან იმისა, რაიც ოდესღაც ნამდვილი იმპერია იყო".
და იყო დასაწყისი ახალი ტრიუმფის.
გადასვლა-გადადინების ეს „მეთოდი" რეზო გაბრიაძის ცხოვრების მახასიათებელიც არის, ამ კალაპოტს მიჰყვება, მგონი: ოთხმოცი წელი ბუნებრივად გადადის ოთხმოცდაათში, ოთხმოცდაათი - ასში და ა.შ. და ა.შ.
როგორ მოგწონთ ასეთი პერსპექტივა, ბატონო რეზო?
არმაზ სანებლიძე
P.S. ბატონი რეზო გაბრიაძე ოთხმოცის გახდა!