იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის საამაყოა ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს მიერ და რომელიც აფასებს კოვიდპანდემიის გავლენას პენიტენციურ სისტემებზე ცალკეულ სახელმწიფოებში.
სარჯველაძის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება და ძალისხმევა გახდა აუცილებელი, იმისთვის რომ საქართველოს მიეღწია ასეთი შედეგისთვის პენიტენციურ სისტემაში.
„იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო ამ მიმართულებით. შესაბამისად, შედეგმაც, აღიარების თვალსაზრისით, ნამდვილად არ დააყოვნა.
ეს არის უზარმაზარი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც სულ რამდენიმე ქვეყანას შორის აღინიშნება, როგორც წარმატებული, ეფექტიანი მმართველობა ამ მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვას და პატიმართა უფლებების უზრუნველყოფას. ეს არის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
შეგახსენებთ, პენიტენციურ სისტემაში „კოვიდ-19“-თან ეფექტური ბრძოლის შედეგად, საქართველო ევროპის საბჭოს წარმატებული ქვეყნების რიცხვში მოხვდა.