„ზოგადად, პროტესტი და აქციების ჩატარება გახლავთ უფლება, რომელიც აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რაც მნიშვნელოვანია და მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ეს უფლება უნდა ხორციელდებოდეს ყველა შემთხვევაში, სამართლებრივი ნორმების განუხრელად დაცვით. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მიუხედავად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტირებული უფლებისა, მისთვის მიუღებელია პარტიების მიერ აქციების გამართვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს.
„რაც შეეხება უშუალოდ მაიკ პომპეოს ვიზიტისას აქციების გამართვას, ესეც მათი უფლებაა, თუმცა, თუ შეფასებაზე მიდგა საქმე, მე ნამდვილად არ მოვუწონებდი ოპოზიციურ პარტიებს, რომ ამ ფორმით და ამ მომენტში გამოხატონ პროტესტი. არ მგონია, რომ რაიმე გავლენა იქონიოს უშუალოდ ამ პროტესტმა საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიმართებაში, მათ პოზიციებთან დაკავშირებით, ვინაიდან მათთვის მნიშვნელოვანია ფაქტებით საუბარი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე განმარტებით, ფაქტები ერთმნიშვნელოვნად მოწმობს, რომ ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი და ეს არჩევანი სწორადაა ასახული იმ რეზულტატებში, რომლებიც არსებობს.
„საკმაოდ დიდია მოლოდინები, საკმაოდ დიდია შთაბეჭდილებებიც და რა თქმა უნდა, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია - საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორული ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ისეთი მჭიდრო არ ყოფილა, როგორც ის დღეს არის. ეს არის ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და შესაბამისად, ეს ასეც იქნება. როგორი იქნება კონფიგურაცია, ასე ვთქვათ, ურთიერთობისა და ამ პარტნიორობის განხორციელებისა, ამას მომავალი გვაჩვენებს და არც ისე შორს არის... რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველო მზად არის, რომ გაცილებით მაღალი ხარისხის თანამშრომლობა ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს ჩვენი თანამშრომლობა - ერების კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ესაა გაყალბების მოდელირებული ისტორია - სინამდვილეში, არავითარ გაყალბებას, რაიმე მნიშვნელოვან სამართალდარღვევასაც კი, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს“, - განაცხადა მიხეილ სრჯველაძემ.
ოპოზიცია, მაიკ პომპეოს ვიზიტისას, აქციის გამართვას გეგმავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართვველოს 17 ნოემბერს ეწვევა და ქვეყანას 18 ნოემბერს დატოვებს.