logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ კუბლაშვილი არღვევდა კონსტიტუციას
- +

1 ივლისი. 2016. 14:33



„სულხან მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ", - ამ სახელწოდებით საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 წლის განმავლობაში იხილავდა. რამდენიმე დღის წინ კი საბოლოო ვერდიქტიც გამოქვეყნდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას წინ უძღოდა მხარეთა შორის მორიგება, რითაც საქართველოს სახელმწიფომ აღიარა ევროკონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა. ხელისუფლებამ ასევე აიღო ვალდებულება, რომ საფუძვლიანად გამოიძიოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სულხან მოლაშვილის წამების ფაქტი და ზიანის ანაზღაურების სახით უახლოეს სამ თვეში 20 ათას ევროს გადაუხდის.



იურისტები განმარტავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საკმარისი საფუძველია, რომ მიხეილ სააკაშვილს სულხან მოლაშვილის საქმეზე ბრალი წარედგინოს. ამ პოზიციას იზიარებს თავად სულხან მოლაშვილიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ნების შემთხვევაში, სააკაშვილის ბრალეულობის დადასტურება ძნელი არ იქნება. კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი ბრალდებებს სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებსაც უყენებს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სულხან მოლაშვილი გაზეთ „პრაიმტაიმს" ესაუბრა.

 

 

„ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სულხან მოლაშვილის მიმართ დაარღვია ევროპული კონვენციის 4 ძირითადი მუხლი, ესენია: წამება და არაადამიანური მოპყრობა. ამ ნაწილში ევროსასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, საქმე გამოიძიოს და დაადგინოს ობიექტური ჭეშმარიტება. ასევე, დადასტურდა, რომ ჩემი დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო უკანონო. დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან მაშინდელი მაღალჩინოსნები - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტი, გამუდმებით იმეორებდნენ მოსაზრებას, რომ თითქოს მე ვიყავი დამნაშავე და ვიმხილებოდი კორუფციულ გარიგებებში. სააკაშვილმა ნაციონალური ტელეარხებით გამოსვლისას ორჯერ დამდო ბრალი და დამემუქრა, რომ ის ციხიდან არაფრის ფასად არ გამიშვებდა, რაც ჩაითვლა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად, ისევე, როგორც კოტე კუბლაშვილის განცხადება, რომელიც გაზეთ „ხვალინდელი დღის" 2005 წლის 21 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აცხადებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად დასაბუთებულია, მოწმეები იძლევიან სწორ ჩვენებასო. რა თქმა უნდა, ამან იქონია გავლენა შემდგომში ინსტანციების გადაწყვეტილებებზე. როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე წინასწარ ეუბნება მოსამართლეებს, რომლებსაც უნდა განეხილათ ჩემი საქმე, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ უკვე გამოტანილი განაჩენი დასაბუთებულია და მას წყალი არ გაუვაო, ეს უკვე ნიშნავს პირდაპირ მითითებას, რაც ევროსასამართლომ მიიჩნია უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად. ერთი მხრივ, ეს არის მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევა, მეორე მხრივ, მოსამართლეების დამოუკიდებლობის შეზღუდვა და რაც მთავარია, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, რაც არის საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულება. კონსტიტუციის დარღვევა ისეთი თანამდებობის პირის მიერ, როგორიც არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ამ უკანასკნელის იმპიჩმენტის საფუძველი ხდება.

 

 

ევროსასამართლომ ასევე დაადასტურა მე-14 მუხლის დარღვევა, რაც ასევე უპრეცედენტო შემთხვევაა. საუბარია პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე. ეს ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" თავისი არსებობის მანძილზე დაკავებული იყო ადამიანების პოლიტიკური დევნით, მათი წამებითა და განადგურებით. ამ გზით გაიტანა თავი 9 წლის განმავლობაში", - აცხადებს სულხან მოლაშვილი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner