ავტორი ნინო ლაბარტყავა
არჩევნების გაყალბების საბაბით ქუჩაში გასული რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი მზადაა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდეს, თუმცა, ამ მზაობის დაფარვას ბოლო დღეების განმავლობაში ოსტატურად ცდილობდნენ - აქაოდა, ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც გვეუბნება, არჩევნები გაყალბდა და ჩვენი ხმები დაიცავითო - იმედი არ გავუცრუოთო... სინამდვილეში კი, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ საპარლამენტო მანდატის დათმობა მათთვის წარმოუდგენელია - ამდენი წელია, ხელისუფლებაში დაბრუნებას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ და ახლა, როდესაც აქვთ შანსი, პარლამენტში იმაზე მეტად იყვნენ წარმოდგენილი, ვიდრე აქამდე იყვნენ - რომელი ნაცლიდერი გაუშვებს ამ შანსს ხელიდან? მეორე ტურამდე ნელ-ნელა „კარტები იხსნება“, ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა და საინტერესოა, რა მოცემულობას მივიღებთ...
ამავდროულად, 17-18 ნოემბერს დაგეგმილია საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი, რაც თავისი არსით, ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი მოვლენაა. რისი თქმა უნდა შეერთებულ შტატებს ამ ვიზიტით ჩვენთვის და ზოგადად, დანარჩენი მსოფლიოსთვის? ამ თემებზე სასაუბროდ „რეპორტიორი“ რეჟისორ გოგა ხაინდრავას დაუკავშირდა.
- მოდით, არჩევნების წინა და თავად არჩევნების პერიოდში განვითარებული მოვლენები და პოლიტიკური პროცესები შევაფასოთ. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე?
- მე ვფიქრობ, რომ დღეს პოლიტიკურ პროცესებს აღარ აქვს ადგილი, ეს უკვე ძალიან მძიმე მორალური პროცესებია, რადგან ასეთ სიცრუეში გახვეული ქართული პოლიტიკურ-ოპოზიციური კლასი ძალიან მძიმე საყურებელია. ამ სიმახინჯეს აბსოლუტურად ამორალური ადამიანი უდგას სათავეში სააკაშვილის სახით და ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ბევრი ადამიანი, ვისთანაც ჩემი ცხოვრების მანძილზე ურთიერთობა მქონდა - ზოგთან ვმეგობრობდი, ზოგს თანამებრძოლად ვთვლიდი - ამ გადაგვარებული არსების ფეხქვეშ არიან მოქცეულნი და ღმერთმა იცის, რა სიგიჟეს სჩადიან. თან ჰგონიათ, რომ გარშემო ბნელა და ქართველი საზოგადოება ან დაჩლუნგდა, ან დაბრმავდა, ან დაყრუვდა.
ის, რაც ახლა ხდება, ეს უკვე არაფერში აღარ ჯდება - მაგალითად, გუშინ (ინტერვიუ ჩაწერილია 12 ნოემბერს - ნ.ლ.) და დღეს დილას, გრიგოლ ვაშაძის განცხადების მერე, ყველანი, ერთხმად, ვისაც პრეტენზია აქვს პოლიტიკოსობაზე და ქვეყნის მართვაზე, პათოლოგიურად იტყუებოდნენ, რომ არანაირ მოლაპარაკებაზე თუ შეხვედრაზე ლაპარაკი არ არის, არანაირი შეხვედრა არ იგეგმება, რომ არაფერი არ იციან ამის შესახებ... ახლა კი, ამ წუთებში, ყველანი, ურცხვად სხედან ამერიკის ელჩთან და „ქართული ოცნების“ ლიდერებთან მოლაპარაკებებს მართავენ!!! აი, რა უნდა დავარქვათ ამას?! ანდა, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს პოლიტიკასთან?! ეს არის სრული დეგრადაცია, რაც ძალიან სამწუხაროა ამ ქვეყნისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტები, სხვადასხვა სახელები რომ დაირქვეს და მუდმივად იტყუებიან, ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის, ან ნათელაშვილები და ელისაშვილები, მაგრამ ეს რაღაც ახალი, თითქოსდა, იმედისმომცემი ჯგუფები? ახალგაზრდები არიან იქ თავმოყრილი და ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი - თვითონ ხომ მთლიანად გაიხრწნენ და სინდისის ნატამალი არ დარჩათ, ახლა ამ ახალგაზრდებს ხრწნიან. კი მაგრამ, ასე პათოლოგიურად რომ იტყუები, სახლში ხომ მიხვალ, შვილი ხომ გკითხავს როდისმე - მამი (თუ დედი), რატომ იტყუებოდი ასე სახალხოდ? რატომ გაიფუჭე ასე სახელიო? ტრაგედიაა ეს ყველაფერი...
- ნამდვილად ტრაგედიაა, როდესაც მთელი ეს ბოლო პერიოდი ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ნაწილი კატეგორიულად გამორიცხავდა მოლაპარაკებებს, ხელისუფლებასთან ერთ მაგიდასთან სასაუბროდ დაჯდომას და ახლა, ლამის, ერთმანეთს შეასწრონ ამ მოლაპარაკებებზე... ამასთან, საოცარი ტონი აქვს შენარჩუნებული მათ ნაწილს - თან მოლაპარაკებები უნდათ, თან ისევ ქუჩის აქციებს აანონსებენ... ეს საერთოდ რამე ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში ჯდება?
- ეს არაფერში არ ჯდება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის პოლიტიკა - პოლიტიკას გარკვეული წესები აქვს. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვუყურებდით (და 20-21 ივნისსაც იგივე ხდებოდა), ტელეეკრანის ერთ მხარეს, როგორ უტევენ პოლიციელებს, როგორ ესვრიან მათ ქვებს, ურტყამენ რკინის ხელკეტებს, ანგრევენ ღობეებს, აფურთხებენ, აგინებენ და ეკრანის მეორე მხარეს „ოპოზიციონერი პოლიტიკოსები“ აღშფოთებით გვამცნობდნენ, რომ პოლიცია მშვიდობიან მიტინგს არბევდა... მთელი მსოფლიო უყურებდა, რაც საქართველოში, ცესკო-სთან ხდებოდა (ანდა 20-21 ივნისს პარლამენტთან). ამ დროს იმის განცხადება, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია - არის უტიფარი ტყუილი, ლომჯარიას და გიგაურის ტიპის „უფლებადამცველებისთვის“ დამახასიათებელი!
- იმის ამსახველი კადრებიც ხომ გავრცელდა, როგორ არღვევენ ღობეებს იმ „მშვიდობიანი აქციის“ მონაწილეები, „მოლოტოვის კოქტეილს“ რომ პოლიციის მანქანას ესვრიან...
- პირდაპირი ტრანსლაცია მიდიოდა და ბრმები ხომ არ ვართ? ზუსტად ასევე პირდაპირ ეთერში ვუყურებდით 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს - შტურმი მიდიოდა აქაც და იქაც! იცით, რაშია საქმე? მორალის მოსპობა დიდი ხანია, მიმდინარეობს, ამ მორალის მოსასპობად შეიქმნა ეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილს რომ წარმოადგენენ. კინწურაშვილი რომ სამოქალაქო საზოგადოება იქნება, თარხნიშვილი ცესკო-ს გათახსირებული ყოფილი თავმჯდომარე, გინდა ის მეორე, დღეს რომ შალიკოს ფანჩატურში მოკალათდა, იმ საზოგადოებას რა ვუთხარი! ზუსტად მაგათი მხრიდან ხდება ფსევდო-გაყალბებაზე კივილი... ამდენი არჩევნები გამოვიარეთ და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს გაყალბება! - სპეცრაზმს რომ ყუთები გამოჰქონდა საარჩევნო უბნებიდან, ეს ხომ გამოვლილი გვაქვს, არა? და ვის მოატყუებენ ესენი? თავის თავს ატყუებენ, რაღაც პარალელური სამყარო შექმნეს და იქ ბობოქრობენ.
მე ამ ქვეყნის ბედი და მომავალი მაინტერესებს, თორემ ამათ თავში ქვა უხლიათ... ევროპაში, ამერიკაში, სხვაგან უყურებენ ამ პოლიტიკურ ბაკქანალიას და ფიქრობენ - რის ევროკავშირი, რა ევროკავშირი?! არჩევნებზე მმართველმა პარტიამ იმაზე ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე ოპოზიციამ. ჰოდა, ამიხსნან ერთი, რანაირად არის არჩევნები გაყალბებული?! ვის და სად უნახავს, რომ გამყალბებელი ოპოზიციას მეტ ხმას აძლევდეს?! ეგეთი რამ ლოგიკაში ჯდება საერთოდ? გაყალბების მიზანი არის გამარჯვება, ხომ? და გამარჯვება როგორ არის, როდესაც 48 % აქვს „ქართულ ოცნებას“ და 52% აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას ჯამში. გაყალბება თუ უნდოდათ, 52 %-ს ხომ მაინც დაიწერდნენ თავად და 48 %-ს ოპოზიციას?!
მარტივი ჭეშმარიტებაა - ერთობა, რომელიც სიძულვილზე და სიცრუეზე არის დაფუძნებული, როგორ შეიძლება სიკეთის შემქმნელი იყოს?! აღარაფერს ვამბობ ელემენტარულ გონიერებაზე...
- „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ანასხლეტებს მაინც ჰყავთ მხარდამჭერები და რასაც მე ვაკვირდები, თუნდაც სოციალურ ქსელში, ამ მხარდამჭერებში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და არგუმენტი აქვთ ასეთი - კარგი, ადრე თუ რაღაც ცუდი ხდებოდა, ახლაც ხომ არ უნდა ხდებოდესო? ვერც კი ხვდებიან საერთოდ, რა არის რეალურად ცუდი, რა ხდებოდა ადრე და რა ხდება ახლა. წეღან მორალის მოსპობა ახსენეთ და აშკარაა, რომ ცუდსა და კარგს შორის არსებული ზღვარი, განსხვავება წაიშალა ამათ ტვინებში.
- ეს სოციალური ქსელები არის ზუსტად იმ პარალელური სამყაროს ძირითადი ადგილსამყოფელი, რომელშიც ეს უმეცრები ბინადრობენ და ეს ჰგონიათ სამშობლო, სრულიად საქართველო - არაფერი დიდი რაოდენობით ახალგაზრდები მათთან არ არიან, იქ უმეტესად არიან ის ახალგაზრდები, ვისაც აფინანსებენ, ანგარებაში და სიცრუეში. მაგათი ახალგაზრდები არიან მაქარაშვილი და დიღმელაშვილი, ნანუკას შვილი, პაპუკას შვილი და ა.შ. გულწრფელი პროტესტები ახალგაზრდების გვახსოვს ჩვენ ყველას კარგად, მაშინ უნივერსტიტეტებიდან, სხვა სასწავლებლებიდან, 20-30 000-იანი კოლონები მიემართებოდნენ ქუჩებში! აი, ისინი არიან ამ ქვეყნის გულშემატკივარი ახალგაზრდები! აბა, ესენი?! ესენი არიან მათი პატრონი „ნაცმოძრაობის“ შნირები, მათივე ხელმძღვანელების მიერ გაშიფრულები! გაიხსენეთ ჩერგოლეიშვილის საჯარო ტელეაღიარება! ან სად ჰყავთ მხარდამჭერები? 7 და 10-ათასიანს დილის გამამხნევებელ მიტინგებს ვმართავდით, საერთო სახალხო საპროტესტო მოძრაობა როცა იყო საქართველოში. 100- 200-300 ათასი ადამიანი გამოდიოდა მიტინგზე. აღარაფერს ვამბობ 2012 წლის აქციებზე და მსვლელობებზე! ნაცებს ჰყავთ სექტანტების გარკვეული რაოდენობა, კონტინგენტი, რომელთაც აწოწიალებენ იქით-აქეთ - ჩვენ ყველანი ამას ვხედავთ, მანქანებს ხომ ვერ დამალავენ? ჩამოჰყავთ ეს ხალხი და აქაც ჰყავთ მხარდამჭერთა პატარა ჯგუფი. საქმე ისაა, რომ ეს ხალხიც ჩვენი მოქალაქეები არიან - ნათესავები, მეგობრები, მეზობლები... რას ვიზამთ?
გერმანიამ, ხომ გვახსოვს, როგორი კრახი განიცადა. დაიგმო მსოფლიოში ფაშიზმი. ვის წარმოედგინა, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია, ნაცისტები, კიდევ როდისმე წამოჰყოფდა თავს?! ა, ბატონო, აგერ არიან გერმანიაში ნეონაცისტები და არამარტო გერმანიაში, სხვა ქვეყნებშიც... დემოკრატიაა! ამ ფაქტს ვერსად გაექცევი! ასე არიან ჩვენი ნაცისტებიც, მხარდამჭერებიც ჰყავთ... კარგია ეს? არა, ცუდია, რა თქმა უნდა. ამუხრუჭებს ამ ქვეყნის განვითარებას? რა თქმა უნდა, ამუხრუჭებს, მაგრამ ეს ხომ საქართველოს დღევანდელობის ნაწილია. წარსულისაც, თუნდაც ბოლშევიკები, ამათი სულიერი წინაპრები გავიხსენოთ...
- და ამ სიტუაციაში გამოსავალი სადაა?
- გამოსავალი ისაა, რომ ვისწავლოთ, ვიშრომოთ, ერთიანად აღვუდგეთ წინ გამოწვევებს და დამანგრეველ ვირუსებს და არა ვირუსებად და მავნებლებად მოვევლინოთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენ შვილებს და მომავალს! სახელმწიფოს ძალა გულწრფელ, საერთო სახალხო ერთობაშია და არა ფსევდო-პოლიტიკურ ერთობაში...
- „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად როგორ წავა ქვეყანა წინ?
- როგორც გერმანია წავიდა წინ ნეონაცისტებთან ერთად. იშრომა, იღვაწა, განვითარდა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 15-20 წელიწადში ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო გახდა! ჩვენც ასე ვიქნებით, თუ ვიფიქრებთ და ვიშრომებთ.
- ჰო, მაგრამ გერმანიის შემთხვევაში, ჩვენ ნიურნბერგის პროცესიც გვახსოვს, გერმანელ ფაშისტებს რომ პასუხი მოსთხოვეს და გაასამართლეს ჩადენილი დანაშაულებისთვის.
- აი, ზუსტად მაგის თქმა მინდოდა და დამასწარით: ჩათვალეთ, აი, ახლა მიდის „ნიურნბერგის პროცესი“ საზოგადოების თვალწინ და მონაწილეობით. შეიძლება სასამართლოში საკმარისად არა, უფრო დიდი მასშტაბის უნდა ყოფილიყო, რეჟიმი უნდა გაგვესამართლებინა ნაცების, ყველა მონაწილე, მაგრამ გავიხსენოთ მსოფლიოს პოლიტიკური კონიუნქტურა. ძალიან დიდი გავლენა ამ პროცესებზე ჰქონდა იმ, ჩემი აზრით, ფსევდოლიბერალირ ძალებს, რომელთა ხელში ძლიერი პოლიტიკური ბერკეტები, ფინანსები, ინსტიტუციონალური გავლენები არის. ჩვენ ხომ მარტო არ ვართ ამ სამყაროში. აი, თუნდაც იმ პოლიტიკურ კორუფციონერ კუბილიუსებს და ფოტიგებს შეხედეთ - როგორც კი ნაცებს დასჭირდებათ, იმ წუთში ესენი განცხადებებს აკეთებენ ევროკავშირის სახელით, თუმცა, ეს ასე არ არის! ისინი თავიანთი მერკანტილური ინტერესებით მოქმედებენ მხოლოდ, ევროკავშირი ოფიციალური გაცხადებებით გამოთქვამს საკუთარ პოზიციებს და ჩვენ ვიცით, როგორ შეაფასა თუნდაც ეს არჩევნები. რა გული სტკივა ახლა ასეთი კუბილიუსს საქართველოზე, რომ აღარ დაამთავრა გოდება! თავისი ქვეყანის და დანარჩენი ევროპის პრობლემებს მიხედოს. აგერ ახლა ავსტრიაში რომ საშინელი ტერორისტული აქტი მოხდა, ან საფრანგეთში რომ მასწავლებელს თავს მოაჭრიან - ესე იგი, პრობლემებით არის სავსეა სამყარო! ცალკე ეს დამანგრეველი კოვიდ -19... აბა, მავნებლების მეტი რა უნდა უწოდო იმ ადამიანებს, ვინც სკამის გულისთვის ოჯახის, მეგობრების, ახლობლების, ნათესავების, მეზობლების, თანამოქალაქეების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს? საქართველოში 3 000 კაცს გადასცდა უკვე კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა, გარდაცვლილებზე რომ აღარაფერი თქვათ! და ესენი რას სჩასდიან?! ხომ ვუყურებთ ყველანი, არა? თავად გადაიქცნენ კოვიდ-ვირუსებად...
- კი, ბატონო, აქციებს მართავენ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოყვანილი ადამიანებით, ქმნიან კოვიდ-ინფექციის გავრცელების უდიდეს საფრთხეს და ამავდროულად, პრეტენზია აქვთ სახელმწიფოსთან - ჯანდაცვის სისტემა ვერ უმკლავდება კოვიდ-პანდემიასო... როგორ უნდა გაუმკლავდეს, როდესაც თავად ყველაფერს აკეთებენ, რომ ვერ გაუმკლავდეს?
- დავიჯეროთ, ვერ ხედავენ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, არ იცნობენ ციფრებს? რამდენ ადამიანს ვკარგავთ ვირუსით ყოველდღიურად? მშვენივრად იციან! ახლა გაგვიმხილეს - მაიკ პომპეოს საპროტესტო აქციით უნდა დავხვდეთო... ნუ, აი, რაზე უნდა ვილაპარაკოთ!?
- შეცვალეს „პლასტინკა“ და ახლა იძახიან - „საზეიმო აქციით“ უნდა დავხვდეთო...
- რა ეზეიმებათ ამ უბედურ დღეზე გაჩენილებს, როგორ ყველა დამარცხებას და გაჭირვებას ზეიმობენ ამ ქვეყნის... მე ჩვენი საზოგადოების იმედი მაქვს, ძალიან გაიზარდა ქართველი საზოგადოება ამ 30 წლის განმავლობაში. ჩვენი საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის. იმასაც - რუსულ საქმეს ვინ აკეთებს აქ რეალურად და ქართულსაც! მსოფლიოც ძალიან კარგად ხედავს! ევროპული და ამერიკული სტრატეგიული ინტერესების და პარტნიორების დასაყრდენი ერთადერთი მშვიდი ქვეყანა რეგიონში არის საქართველო. ცხრა წელიწადია ამ ქვეყნის ხელისუფლების სადავეებთან „ქართული ოცნებაა“ და როგორ ხდება ეს, თუ არა მათი ძალისხმევით? მაიკ პომპეოს ვიზიტი რომელ ქვეყნებში არის დაგეგმილი? იქ, სადაც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები ეგულებათ და ერთ-ერთი ამ ხუთ ქვეყანაში, არის საქართველო. და ეს ხდება ამერიკის ძალიან გამწვავებული არჩევნების ფონზე. ესე იგი, წარმოიდგინეთ, რა მნიშვნელობას ანიჭებს შტატები საქართველოს! და რა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორებისა და კეთილმოსურნეებისთვის? - ქვეყნის სტაბილურობა! და ვის უნდა მუდამ საქართველოში არასტაბილურობა? - პუტინის რუსეთს! და ვინ უწყობს ამას ხელს საქართველოში მთელი ეს წლებია?! ეს, ამ ქვეყნის ოპოზიცია! ყველაფერს აკეთებენ ზოგი ნებით, ზოგი უნებლიეთ, ზოგი ჭკუით, ზოგი უჭკუობით, ზოგი ბოროტებით, ზოგი ბოღმით, რომ ეს ქვეყანა აირიოს. ამ ყველაფერს ყველა ხედავს, აქაც და იქაც. მოუბრუნდებათ ძალიან ცუდად აუცილებლად. აგერ ვნახავთ, ყველანი შეფოფხდებიან პარლამენტში, ერთმანეთს დაასწრებენ სკამებზე დაჯდომას. კიდევ ვიმეორებ - დეგნანთან შეხვედრამდე დილით ისტერიკა ჰქონდათ ატეხილი ჯაფარიძეს, უდუმაშვილს, ელისაშვილს - ყველას, რა შეხვედრა, რის შეხვედრაო, არ გაგვიგია არაფერიო... მაგათში ყველაზე პრინციპული, საბჭოთა ჩეკისტი გრიგოლ ვაშაძე რომ გამოჩნდება, ვისთან გვაქვს საქმე, წარმოგიდგენიათ?
- ყველანი ვხვდებით, რომ ე.წ. ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა, თან „ოცნების“ გუნდი აპირებს კანონპროექტის ინიცირებას იმის შესახებ, რომ თუკი პარლამენტარი თავის მოვალეობას არ ასრულებს, მაშინ ის არანაირი საპარლამენტო პრივილეგიით არ უნდა სარგებლობდეს... სამწუხარო რეალობა ასეთია: საბოლოოდ, მივიღებთ ასეთ სურათს - იმაზე მეტი ნაცი გვეყოლება მომავალ პარლამენტში, ვიდრე აქამდე გვყავდა და როგორ ფიქრობთ, ქართველი ხალხის სურვილი და დაკვეთა ეს იყო, რომ ასეთი პარლამენტი მივიღოთ ახლა?
- იცით, როგორი რამეა? რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ: 520 000 ადამიანმა მისცა მაგათ ხმა და ეგენიც ხომ საქართველოს მოქალაქეები არიან? ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ზოგი უტვინობით, ზოგმა ბოღმით, პათოლოგიით, ანგარებით თუ სექტანტობით - ხმას „ნაცმოძრაობას“ აძლევენ. ტრაგედიაა ეს? დიახ, ეს ნამდვილად ამ ქვეყნის ტრაგედიაა, მაგრამ ასეთი რამ მარტო ჩვენთან არ ხდება. ერთ თემას მინდა შევეხო, ესენი ხომ თვითაღიარების დიდოსტატები არიან ზოგადად, ენა არ უჩერდებათ პირში - ჯერ გაკეთებული არ აქვთ და უკვე ლაპარაკობენ, განსაკუთრებით ის ბაციკუკუ რომ ზის უცხოეთში. დავითგარეჯას თემაზე თანხაც კი დაასახელა, რამდენი მილიონი ჰქონდათ აღებული მის გაყიდვაში. იგივე ცესკო-ს შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით - ღიად გვამცნო გეგმა, რაც დაუსახა ოპოზიციას, შეჭრილიყვნენ ცესკო-ში, ბიულეტენები მოეტაცათ და მოესპოთ, ისევე, როგორც მილოშევიჩს გაუკეთესო, რომ არჩევნების შედეგების დადასტურება შეუძლებელი ყოფილიყო, რაც ახლა მიმდინარეობს და მათ ცილისწამებას გაყალბების შესახებ აქარწყლებს როგორც ჩვენთან, ისე საერთაშორისო სარბიელზე. ეს ალეკო ელისაშვილმაც პირდაპირ აღიარა - პოლიციას ქვებს ესროდნენ აქციის მონაწილეები, მთვრალები მოვიდნენო, შევარდნა უნდოდათო... არჩევნებზე რომ რაღაც ცდომილებები, ხარვეზები იყო, არახალია - აბა, შეხედეთ, ამერიკაში რა ხდება? სინამდვილეში, არჩევნებზე არამზადობები ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოგონილია, არა? მაგათ დავალება ჰქონდათ ყველა თავისი წარმომადგენლებისთვის მიცემული - ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა ბიულეტენები გაეფუჭებინათ. მე ის მადარდებს, ამდენმა ადამიანმა როგორ მისცა მაგათ ხმა?! არის ასეთი ფსიქიკური დარღვევა - „სტოკჰოლმის სინდრომი“, როცა მსხვერპლს თავისი მწამებელი უყვარდება. ეტყობა, ძალიან არის მოდებული ეს სინდრომი მათ მხარდამჭერებში.
მინდა, შეგახსენოთ: 11 500 მათი წარმომადგენელი იყო ამ არჩევნებზე, ანუ გამოდის, ყველა ესენი გამყალბებლები და სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. გამოდის, რომ ნაცები თავისივე ხალხს დამნაშავეებად რაცხავენ და თუ მაგათ მოსაზრებას მივყვებით, ესე იგი 45 000 ადამიანია დასაჭერი, ასე გამოდის.
- საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მდგომი ოპოზიციონერების ნაწილი წარსულში თქვენი თანამებრძოლი იყო, ზოგთან მეგობრობდით, ახლობლობდით... ეს ის ხალხია, ვინც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმს უპირისპირდებოდა, დღეს კი ამ რეჟიმის შემოქმედების გვერდით დგას... საინტერესოა, რა ისეთი იდეოლოგიური გარდატეხა მოხდა მათ ტვინში, რომ ვინც მათ არბევდა და სცემდა, დღეს მათ გვერდით დადგნენ? იქნებ პოლიტიკური გემოვნება შეეცვალათ? ან „ვიღაცამ“ დიდი ფული გადაუხადა? თუ მართლა „სტოკჰოლმის სინდრომის“ გამოხატულებას ვხედავთ დღეს მათში?
- ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა, რომელიც ადამიანის ზნეს სპობს, არის ამპარტავნება, პატივმოყვარეობა. ეს ასე არ ჩაივლის, მაგათ კითხვებს დაუსვამენ და როგორ ახსნიან, ვნახავთ. ჩემი მხრიდან მათთან ლაპარაკს აზრი აღარ აქვს, რადგან ის, რაც დავინახე, აბსოლუტურად საკმარისია. ზოგს ალეკო ელისაშვილთან, ზოგს ბარამიძესთან, ბოკერიასთან, გვარამიასთან ურთიერთობას შეახსენებენ, ჩემთვის ყველაფერი ნათელია, მაგრამ თავისიანები ხომ ჰკითხავენ - იმასთან ერთად როგორ დგახარ? იმათ გვერდით როგორ დგახარ, ვინც ხალხს აწამებდა? ან ხელს როგორ ართმევ, ან ერთ მაგიდასთან როგორ სხდებით? როგორც გითხარით, ერთადერი, რაც მაგათ შეიძლება აერთიანებდეთ, ეს არის სიძულვილი და როცა ასეთი სიძულვილი და ბოღმა გიდევს გულში, როგორ გინდა ამ ქვეყანაზე იცხოვრო? მწამებელის გვერდით რომ დადგები...
- ირაკლი კობახიძემ თქვა ერთ-ერთ ეთერში - სამართლებრივად „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს, იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილიო... ჰოდა, რატომ არ კრძალავენ ამ დამნაშავეების პარტიას? ისევ გვიწევს უცხოელი პარტნიორების აზრის გათვალისწინება, რომელთა ნაწილიც ნაცების ლობები არიან?
- აბა, შეხედეთ, რა ხდება... ახლა უკვე, მადლობა ღმერთს, ამ არჩევნების მერე ნელ-ნელა მოდიან დასავლეთშიც აზრზე, ყველა ხვდება და ხედავს, ეს ოპოზიცია რას წარმოადგენს რეალურად და ვის ინტერესებს ემსახურება. ეს ცუდიცაა, რადგან წარმოუდგენელია, რომ ქვეყანაში ოპოზიცია და ზოგადად, წესიერი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი არ იყოს წარმოდგენილი. 2012 წლისთვის იმდენად ჰქონდათ უკვე გადგმული ფესვები ნაცებს, იმდენი მხარდამჭერი ჰყავდათ, რომ მაშინ პირდაპირ იყო მითითება, მაგათ ხელი არ ახლოთო, მახსოვს მე ეს. მერე ნელ-ნელა მიხვდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე სააკაშვილის და მისი სექტის სახით. სააკაშვილიც რას შვრებოდა 2012 წლის მერე? ეს უპასპორტო, ძებნილი ადამიანი მთელ მსოფლიოში დადიოდა, ხან უკრაინაში იყო, ხან პოლონეთში... ესე იგი, ზურგს რაღაც ძალა უმაგრებს და ჩვენ ვიცით - ეს არის ფსევდოლიბერალური ძალა, რომელიც სპობს და ანგრევს მორალს მთელ მსოფლიოში. ამის კლასიკური მაგალითი პედრო აგრამონტი რომ იყო, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მერე კორუფციულ სკანდალში გაეხვა და იძულებული იყო, ევროპარლამენტი დაეტოვებინა - 28 კაცი გაჰყვა უკან. ეს აგრამონტი აქ ჩამოდიოდა და ბედავდა, ქართველი ხალხისთვის განეცხადებინა, რომ მწამებელი, გვამების მოტრფიალე ვანო მერაბიშვილი თურმე პოლიტპატიმარია... თანამედროვე მსოფლიოში კანონი რომ კანონობდეს და წესრიგი რომ იყოს - რა თქმა უნდა, ეს პარტია არ უნდა არსებობდეს საერთოდ პოლიტიკურ სივრცეში. პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური პროკურორი და სხვა ჯალათი „ნაცებიდან“ გასამართლებულია! მარტო სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი მეტყველებს იმაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია! მაგრამ სამწუხაროდ მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურის პირობებში, ფსევდოლიბერალური ძალები საქართველოში წამყვან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას არ აგვაკრძალინებენ. მაგათ რომ ჩვენი ხალხის მხარდაჭერა სრულად დაეკარგათ, მაშინ შეიძლებოდა ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება, მაგრამ აგერ 520 000 კაცმა მისცა ხმა და როგორ გინდა, ეს ძალა აკრძალო? დანარჩენ ოპოზიციას, ამ საცოდავ დღეზე გაჩენილებს, იმდენი უნარიც არ აღმოაჩნდათ, რომ გამიჯვნოდნენ მაინც „ნაცმოძრაობას“, ერთადერთი ქალბატონი ჩერგოლეიშვილი ბედავს ამას, დანარჩენები ყველანი სააკაშვილის ნავში არიან...
- ოპოზიციაზე რადგან ვსაუბრობთ, ირმა ინაშვილის პარტიას რა, ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს? მას, როგორც ოპოზიციურ პარტიას, საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ამას „პატრიოტთა ალიანსის“ აქციებზე ხომ ვხედავთ?
- აგერ არჩევნებზე ხომ ვნახეთ, რამდენი მხარდამჭერი ჰყავთ?
- და ეგ მომენტი არ გიჩენთ კითხვას, რომ არჩევნებზე ასეთი დაბალი პროცენტი აიღო „პატრიოტთა ალიანსმა“ მაშინ, როდესაც ათიათასობით ადამიანს ვხედავთ ხოლმე მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე?
- როდესაც ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით, ჩვენს აქციებზე 200-250 ათასი ადამიანი მოსულა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებზე მხოლოდ 17 % ავიღეთ. ის, ვინც აქციაზე მოდის, არ არის მაინცდამაინც შენი ამომრჩეველი და თავს ნუ იტყუებენ, ეს არჩევნები გაყალბებული არ ყოფილა. ამა თუ იმ აქციებზე ხალხი დადიოდა არა იმიტომ, რომ პოლიტიკურად მხარს უჭერდნენ კონკრეტულ პარტიას, არამედ იმიტომ, რომ ის საკითხები, რომლებიც დღის წესრიგში დგებოდა, იმ ადამიანებისთვის ახლოს იყო, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა. სააკაშვილი რომ მამაძაღლია, ამაზე ძალიან ბევრი ვეთანხმებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მერე ვიღაც თავის თავს რომ დააყენებს საარჩევნო ორგანოში, ავტომატურად მაგას ხმას მივცემთ. მიტინგი და არჩევნები სხვადასხვა რამეა აბსოლუტურად. აი, თუნდაც 2012 წელი ავიღოთ - „ქართულმა ოცნებამ“ როგორი მასშტაბური აქცია მოაწყო, ხომ გახსოვთ? რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში? და არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაინც რამდენი აიღო? 40%! და ეს იმ თითქოსდა მოსახლეობის სრული და ერთსულოვანი მხარდაჭერის ფონზე, რაც მაშინ ხდებოდა, ყველას კარგად გვახსოვს.
- აუცილებლად მინდა შევეხო საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტს, რომელიც 17-18 ნოემბერს არის დაგეგმილი. თქვენ რას ფიქრობთ, რა არის ამ ვიზიტის მიზანი? აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების, გლობალური პანდემიის პირობებში, ასეთი დონის მაღალჩინოსნის საქართველოში ჩამოსვლის უკან რა დგას? რა მესიჯით ჩამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩვენთან?
- პირველი, რითიც მინდა დავიწყო და ამასთან დაკავშირებით გამახსენდა - კიდევ ერთი უსინდისო და მავნე ტყუილი - ვაშაძე „ბილდერის“ და სალომე სამადაშვილის, საკუთარ პოლიტიკურ გუნდს რომ განაჩენი გამოუტანა ახლახან საჯაროდ, თითქოსდა სანქციები დაადეს ამერიკაში ხელისუფლებას და 135 მილიონიდან, რომელიც აშშ-მ საქართველოს უნდა გამოუყოს, 15 %-ს ყადაღა დაედოო... აბა, სად არის ეს სანქციები? არ არის!
ახლა რაც შეეხება პომპეოს ვიზიტს: დააკვირდით, რა ქვეყნებში მოდის ის - საფრანგეთი და თურქეთი, ეს არის პირდაპირი კავშირი იმასთან, რაც ყარაბაღში ხდება. თურქეთი ძალიან აქტიური მონაწილეა ამ პროცესის და არ მალავს თავის პოზიციას აზერბაიჯანთან მიმართ, მხარს უჭერს, ეხმარება. დღეს ძალიან სერიოზული პრეცედენტის მოწმენი ვხდებით, როდესაც სამხრეთ კავკასიაში თურქეთი, როგორც სამშვიდობო პროცესის მონაწილე, რუსეთთან ერთად შემოდის. სამხრეთ კავკასიაში რუსეთს პრეტენზია ჰქონდა, რომ არის მისი გავლენების სფერო. ახლა აღმოჩნდა, რომ თურქეთიც აქ არის, გათავისუფლებულ ყარაბაღში, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორია იყო საერთაშორისო სამართლით და აღდგა. ძალიან სერიოზული ამბავია, რაც მოხდა, რეგიონალური თვალსაზრისით, ამის კარგი გაანალიზება არის საჭირო. აშშ-სთვის ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია, ამიტომ პომპეო თურქეთში რატომ ჩადის, გასაგებია, თან თურქეთი NATO-ს წევრია, ამავდროულად გარკვეული გართულებები ჰქონდა როგორც ევროპასთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ახლა საფრანგეთთან. საფრანგეთი კი ყარაბაღის მინსკის ჯგუფის წევრია, შეერთებულ შტატებთან ერთად. და როგორც ჩანს, იქაც ყარაბაღის ამბავია. დანარჩენი ქვეყნები, სადაც პომპეო მიემგზავრება, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან. მისი ვიზიტი არის ხაზგასმა იმ რეგიონებში წამყვან პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობის. რა თქმა უნდა, ჩვენს რეგიონში აშშ-ის დასაყრდენი არის საქართველო. შავი ზღვა, რომლისადმი ინტერესი როგორც NATO-ში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან გაზრდილია, რეგიონალური უსაფრთხოება და თანამშრომლობა არის ამ ვიზიტის თემა. საქართველოს, როგორც ამ რეგიონში დემოკრატიული გარდაქმნების ლიდერის აღიარება და მხარდაჭერა.
- ცოტა ხნის წინ ბარამიძემ რომ თქვა - პომპეოს „ოცნების“ ხელისუფლება აშანტაჟებს თურმე და ამიტომ ჩამოდის საქართველოშიო...
- აი, როგორი აზრიანი უნდა იყო, ეს რომ თქვა? 25 წელია პოლიტიკანობს, წურბელასავით მიწებებული სახელმწიფო ბიუჯეტზე და თან სერიოზული სახით გაიძახის, რომ ქართული ხელისუფლება აშანტაჟებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს... აი, ეს არის მისი და ზოგადად ნაცების პოლიტიკის და აზროვნების დონე. ადამიანობის და საკუთარი ხალხისადმი დამოკიდებულება რაც არის, სვანეთში ვნახეთ, ეცერში ვერტფრენებით რომ კოშკები დაანგრიეს და თითქმის მთელი ოჯახი ამოწვეს იქ.
პომპეოს ვიზიტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამას ხედავს მთელი მსოფლიო. ეს არის პირდაპირი გზავნილი ყველასთვის, რა მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატები თავის სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ამ რეგიონში. თან გავითვალისწინოთ, რომ აშშ-ში ახლა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული პერიპეტიებია, ხმების გადათვლა მიდის ჯერ კიდევ და ასეთ დროს, როგორც წესი, ვიზიტები არ ხდება, ამას განსაკუთრებული ურთიერთობები განაპირობებს. იმდენად მნიშვნელოვანი გახდა საქართველო აშშ-სთვის, იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა, რომ ასეთ პერიოდში იგეგმება ამ დონის ვიზიტი. ამავდროულად, ეს არის ვიზიტი, რომელიც რუსეთს პირდაპირ ეუბნება - იცოდეთ, ხელი არ წაგიცდეთ! ჩვენ ვიცით და ვხედავთ თქვენს მეხუთე კოლონას საქართველოში! ვხედავთ, რას ცდილობთ მათი ხელით და იცოდეთ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ! გრიგოლ ვაშაძე რომ ჩეკისტია, ეს რომ მე ვიცი, როგორ ფიქრობთ, პომპეომ და აშშ-მ არ იცის? რა თქმა უნდა, იცის და ყველა იციან, ვინ ვინ არის, რა რუსული გავლენებია და საიდან - ესეც იციან; რა გზებით ცდილობენ რუსული გავლენების გატარებას საქართველოში და ვინ ცდილობს ამას - ესეც იციან. ეს ვითომ პროდასავლური ოპოზიციური ძალები და ვაი-ევროპელები კი მაიკ პომპეოს დესტაბილიზაციის კერით დახვედრას ცდილობენ, რა კერა არიან, ჩანს, ბოლი ასდით მხოლოდ. მაგათი ტომის ბელადი სააკაშვილი მოძღვრავს - იცოდეთ, რაც უფრო ცუდია, მით უფრო კარგია! რომ ამოწყდეს მთელი საქართველო კორონავირუსით, აი, მაშინ გაიხარებს „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის გული! მთავარია ძალაუფლება, თუნდაც უდაბნოში!
დავითგარეჯაც ამის მაგალითია - იმიტომ ადგას გიგი უგულავას და მის თანატომელებს დუჟი პირზე, რომ ეტყობა, მიშას ნახსენები 70 მილიონიდან მაგათაც აქვთ წილი. ძალიან კარგად იციან ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა. ძალიან ბევრია ოპოზიციაში, ვისაც უნდა, სამართალს გაექცეს და პოლიტიკოსის მანტიას და პროტესტს არის ამოფარებული. გარეჯი არის ღალატი - ისეთივე, როგორიც 2008 წლის აგვისტო იყო! და ეს ღალატი იყო მიზანმიმართული, გააზრებულად ჩადენილი, დავალება ჰქონდათ და შეასრულეს.
დავითგარეჯზე ფილმი მაქვს გადაღებული, მზად ვარ, ჩვენება მივცე, რომ არასდროს მდგარა დავითგარეჯას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებობის საკითხი - ეს გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა, უგულავამ, გაბაშვილმა, ბოკერიამ. ამ დანაშაულებრივმა რეჟიმმა დააყენა დღის წესრიგში დავითგარეჯას თემა და რატომ დააყენეს - მათმა ტომის ბელადმა უკვე თქვა, 70-80 მილიონი გადაუხდიათ მაგისთვის ამ ღალატში! ყველა აგებს პასუხს ამ ღალატისთვის და ამას ჩვენ უახლოეს მომავალში ვნახავთ, დარწმუნებული ვარ!